პატრიოტთა ალიანსის წევრი, გიორგი ლომია მოქმედ სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობას უწუნებს. ის ამბობს, რომ კიდევ ერთი ომბუდსმენის აპარატი უნდა შეიქმნას, რომელიც "ეროვნულ ინტერესებს" დაიცავს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

"შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ადათ-წესს, კულტურას და არ დაგვავიწყდება ჩვენ, თუ საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ", — ამბობს ლომია.

მისი განმარტებით, თუ ასეთი ინსტიტუტი შეიქმნება, ნაკლები პრობლემა ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსაც, რადგან მოქალაქეები პირდაპირ ომბუდსმენს მიაკითხავენ და პრეტენზიას მასთან გამოთქვამენ.

გიორგი ლომიამ ეს წინადადება კომიტეტის იმ სხდომაზე გააჟღერა, სადაც ამავე პარტიის წევრის, ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი განიხილებოდა. დეპუტატს სურს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინები "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოიღონ. მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ტერმინების ამოღება კიდევ უფრო გააღვივებს ლგბტ თემის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას.