იაპონური კოსმოსური სააგენტოს (JAXA) თქმით, ხომალდი Hayabusa 2 ასტეროიდიდან ნიმუშების აღებას 22 თებერვალს შეეცდება.

Hayabusa 2-მა ასტეროიდ რიუგუს 2018 წლის ივნისში 3,5-წლიანი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია. ხომალდი ასტეროიდზე წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე დაეშვება და ზედაპირიდან ნიმუშებს აიღებს.

2020 წელს კი, როცა ხომალდი ასტეროიდის შესწავლას დაასრულებს, ის დედამიწაზე დაბრუნდება. ნიმუშის შეგროვებისას ხომალდი ერთი კილომეტრის სიგანის ასტეროიდს სპეციალური ინსტრუმენტით მიუახლოვდება. შეხების მომენტში ინსტრუმენტი ასტეროიდის ზედაპირს ტანტალისგან (ელემენტი) დამზადებულ ხუთგრამიან ტყვიას ესვრის, რომლის სიჩქარეც წამში 300 მეტრი იქნება.

შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკები კი ხომალდზე განთავსებულ სპეციალურ კონტეინერში შეგროვდება.

ფოტო: JAXA, UNI TOKYO & COLLABORATORS

სექტემბერში Hayabusa 2-მა ასტეროიდზე ორი პატარა "მხტუნავი" რობოტი გაუშვა, რომლებმაც ასტეროიდის ზედაპირს სურათები ახლოდან გადაუღეს . ოქტომბერში კი Hayabusa 2-მა ზედაპირზე კიდევ ერთი, ფრანგულ-გერმანული რობოტი Mascot დაუშვა, რომელიც მაგნიტომეტრითა და რადიომეტრით იყო აღჭურვილი.

მარტში ან აპრილში Jaxa ასტეროიდის ზედაპირზე პატარა ასაფეთქებელ მოწყობილობის გააქტიურებასაც გეგმავს, რომელიც რიუგუს ზედაპირზე პატარა კრატერს შექმნის. Hayabusa 2 კი კრატერში დაეშვება და ასტეროიდიდან ამოფრქვეულ იმ ნივთიერებებს შეაგროვებს, რომლებიც კოსმოსის მკაცრი პირობებისგან დაცული იყო.

რიუგუ პრიმიტიული ასტეროიდია, რომელიც იმ დროიდან არის შემორჩენილი, როდესაც მზის სისტემის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. შეგროვებულ ნიმუშებზე დაკვირვებით მეცნიერებს ექნებათ საშუალება, რომ მზის სისტემის წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესი უფრო დეტალურად შეისწავლონ და ახსნან.