კატის ფსიქოაქტიური პარაზიტი ადამიანებში შიზოფრენიის რისკს ზრდის - კვლევა
მეცნიერების თქმით, ამ საკითხზე ახლახან ჩატარებულმა ყველაზე ფართომასშტაბიანმა კვლევამ პროტოზოულ პარაზიტს, ტოქსოპლაზმასა (Toxoplasma gondii) და შიზოფრენიას შორის კავშირი აღმოაჩინა.
T.gondii ტვინში მცხოვრები პარაზიტია, რომლითაც მსოფლიოში ორ მილიარდ ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, ადამიანების უმეტესობაში ის სიმპტომებს არ იწვევს, თუმცა ტოქსოპლაზმოზის მწვავე შემთხვევები შეიძლება საშიში იყოს.
ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებში, როგორც წესი, ტოქსოპლაზმის ინფექციები სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და გართულებებიც იშვიათია, თუმცა ბავშვებსა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ინფექციას გრიპის მსგავსი სიმპტომები, გაორებული მხედველობა და ტვინის შეშუპება ახასიათებს.
ფრთხილად უნდა იყვნენ ორსული ადამიანებიც, რადგან პარაზიტი ნაყოფში დარღვევებსა და ზოგჯერ სპონტანურ აბორტთანაც კი არის დაკავშირებული.
ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების გარდა, აღნიშნულ პარაზიტთან ასევე ასოცირებულია უფრო უცნაური და დიდწილად ჰიპოთეტური რისკებიც - თუმცა ფართომასშტაბიანი კვლევები მიუთითებს, რომ საქმე რაღაც უცნაურთან ნამდვილად გვაქვს.
მიზეზობრიობა საკამათოა, მაგრამ ტვინში მცხოვრები პარაზიტი მის მატარებელში ქცევის გარკვეულ ცვლილებებთან ხშირად ასოცირდება. T.gondii-ს პრაქტიკულად ყველა თბილსისხლიანი ორგანიზმის დაინფიცირება შეუძლია, მასპინძლის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კი პარაზიტი მათზე საინტერესო გავლენას ახდენს.
მაგალითად, მღრღნელები ორგანიზმში T.gondii-ს შეჭრის შემდეგ თავშეკავებისა და სიფრთხილის უნარს კარგავენ, ისინი უფრო ცნობისმოყვარენი ხდებიან და მათ კატის სუნის მიმართ განრიდების გრძნობა უქრებათ.
მსგავსი სარისკო ქცევა შემჩნეულია ადამიანებშიც, მაგალითად, აღმოჩენილია კავშირები T.gondii-ს ინფექციებსა და ავტოსაგზაო შემთხვევებს შორის, ერთ-ერთმა კვლევამ კი ისიც გამოავლინა, რომ T.gondii-ს მქონე ადამიანები ბიზნესს უფრო ადვილად იწყებენ.
კვლევების ნაწილი მიუთითებს, რომ პარაზიტი ალცჰაიმერის, პარკინსონისა და სხვა ნევროლოგიური დაავადებების რისკს ზრდის, ისევე როგორც სუიციდის შემთხვევებს.
მეცნიერების თქმით, ჯერჯერობით ვერ ხდება იმის დადასტურება, რომ აღნიშნული ფსიქოლოგიური ცვლილებები უშუალოდ ამ პარაზიტის მიერაა გამოწვეული, თუმცა ფაქტები, რომლებიც სწორედ ამაზე მიუთითებს, გროვდება.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც მათ სისხლის 80 000 დონორის მონაცემები შეისწავლეს.
ფსიქიკური აშლილობების, ტოქსოპლაზმისა და კიდევ ერთი გავრცელებული პათოგენის, ჰერპესის ვირუსის ერთმანეთთან კავშირის გამოსავლენად მეცნიერებმა 2 591 ადამიანი გადაარჩიეს, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება აწუხებდათ.
გაირკვა, რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, იმ ადამიანებს, რომელთა სისხლშიც T.gondii-ს კვალი აღმოჩნდა, შიზოფრენიის დიაგნოზის დასმის 50 პროცენტით მომატებული შანსი ჰქონდათ.
"შიზოფრენიასა და ტოქსოპლაზმას შორის კავშირი კიდევ უფრო აშკარა იყო, როდესაც მხოლოდ იმ ადამიანებს დავაკვირდით, რომლებსაც შიზოფრენიის დიაგოზი სისხლის გაცემის შემდეგ დაუდგინდათ. ეს ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ტოქსოპლაზმა შიზოფრენიის განვითარების რისკზს ზრდის", - აცხადებენ ავტორები.
მსგავსი შედეგები შემჩნეულია წინამორბედ კვლევებშიც. თუმცა, მიუხედავად ახალი ფაქტებისა, მეცნიერები დადასტურებით არ აცხადებენ, რომ ტოქსოპლაზმა შიზოფრენიას იწვევს, ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ კვლევის დროს არ იყო გათვალისწინებული ისეთი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება T.gondii-ს ინფექციისა და ფსიქიკური დაავადებების განვითარების შანსებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ზრდიდეს.
ამის მიუხედავად, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი შედეგები ტოქსოპლაზმასა და ფსიქიატრიულ დაავადებებს შორის არსებულ კავშირზე მიუთითებს.
კვლევების შედეგად აღნიშნული საკითხი უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუმცა ეს ნელი პროცესია. მანამდე კი თუ გსურთ, რომ ტოქსოპლაზმასთან ურთიერთობა თავიდან აიცილოთ, ყოველთვის მოამზადეთ საკვები უსაფრთხო ტემპერატურაზე, გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, მიწაზე მუშაობისას გამოიყენეთ ხელთათმანები, ხოლო კატების ნარჩენებთან კი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კომენტარები