ვების ტელესკოპმა იუპიტერის ჩრდილოეთის ციალი გადაიღო — ნახეთ გასაოცარი ვიდეო

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი არა მხოლოდ შორეულ გალაქტიკებს, არამედ მზის სისტემის პლანეტებსაც აკვირდება. 2023 წლის 25 დეკემბერს ის ასტრონომებმა იუპიტერისკენ მიმართეს და გიგანტურ ციურ სხეულზე ჩრდილოეთის ციალი გადაიღეს. ობსერვატორიის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა მეცნიერებს ამ ფენომენის შესწავლის საშუალება მისცა. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
იუპიტერზე არსებული ნათება, დედამიწის მსგავსად, მის ატმოსფეროსთან მზის ქარის ურთიერთქმედებითაა გამოწვეული, დიდი ენერგიით მოძრავ ასეთ ნაწილაკებს კი მაგნიტური ველი პოლუსებისკენ უბიძგებს. აირის გიგანტის შემთხვევაში ციალს დამატებითი წყარო აქვს — მისი ვულკანური ბუნებრივი თანამგზავრი, იო. ჩვენი პლანეტისგან კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ იუპიტერის ციალი რამდენიმე ასეულით უფრო კაშკაშაა.
"გვინდოდა გაგვეგო, რამდენად სწრაფად იცვლება იუპიტერის პოლარული ნათება და გვეგონა, რომ ეს ძალიან ნელა ხდებოდა, დაახლოებით საათის მეოთხედში. ამის მიუხედავად, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ციალის რეგიონში სინათლე გამუდმებით ბრწყინავდა და ელვარებდა, ზოგჯერ წამიერადაც კი", — აცხადებენ მეცნიერები.
ასტრონომებმა იუპიტერის პოლარული ნათების გადასაღებად ვების ახლო ინფრაწითელი კამერა და ჰაბლის ტელესკოპის ულტრაიისფერი სენსორები გამოიყენეს. შედეგად მათ ახალი დეტალები გამოავლინეს. საინტერესოა, რომ ვების მიერ დაფიქსირებულ ყველაზე კაშკაშა სინათლეს ჰაბლის მონაცემებში ანალოგი არ ჰქონდა.
"ვებისა და ჰაბლის მიერ გადაღებული კომბინირებული სინათლისთვის ატმოსფეროსთან ურთიერთმოქმედი, ძალზე დაბალენერგიული ნაწილაკების დიდი რაოდენობის კომბინაციაა საჭირო, რაც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა, ახლაც არ ვიცით, ეს როგორ ხდება", — ამბობენ ავტორები.
ისინი გეგმავენ, რომ იუპიტერის პოლარული ციალი ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით ისევ შეისწავლონ, რათა მის შესახებ უფრო მეტი გაიგონ.
კომენტარები