იდეალური ყავის საიდუმლო შესაძლოა კოსმოსში იმალებოდეს
დუბაიში მცხოვრები წყვილი, ანდერს კავალინი და ჰატემ ალხაფიჯი კოსმოსურ ხომალდს ქმნიან, რომლის ერთადერთი მიზანიც ყავის მოხალვა იქნება.
ყავის მომხალავი კაფსულა, რომელიც ორბიტაზე შეიძლება მომავალ წელს გაეშვას, ყავის მოსახალად დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურას გამოიყენებს. ასეთი მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ უწონადობაში ყავის მარცვლები ყველა მხრიდან თანაბრად მოიხალება, ამის გაკეთება კი დედამიწაზე შეუძლებელია.
კავალინი და ალხაფიჯი აცხადებენ, რომ დედამიწაზე მოხალვისას მარცვლები უწესრიგოდ მოძრაობენ, გავარვარებულ ზედაპირთან შეხებისს კი მათი ზედაპირი იწვება.
"თუ მიზიდულობის ძალასთან გამკლავება არ მოგვიწევს, მარცვლებს საშუალება ექნებათ, რომ თანაბრად გაცხელებულ ღუმელში თავისუფლად იმოძრაონ და ყველა მხრიდან იდეალურად მოიხალონ", - აცხადებენ ისინი.
კაფსულა, რომელშიც თავდაპირველად 300 კილოგრამი ყავის მარცვლები მოთავსდება, 200 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწევს. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის 20-წუთიან პერიოდში კი მარცვლები სპეციალურ კონტეინერში 200 გრადუსზე მოიხალება. იდეის ავტორები ინტერვიუში აცხადებენ, რომ ისინი კაფსულის გასაშვებად მოლაპარაკებებს Rocket Lab-თან და Blue Origins-თან უკვე აწარმოებენ.
კაფსულის დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ორბიტაზე მოხალული მარცვლებისგან დამზადებული ყავა დუბაიში გაიყიდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ერთი ჭიქა ყავის ფასი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი არ არის პირველი, რომელიც ყავის კოსმოსში გატანას ცდილობს. 2015 წელს იტალიურმა კომპანია Argotec-მა, რომელიც ავიაციისა და კოსმოსის სფეროში მოღვაწეობს, Lavazza-სთან ერთად შექმნა ყავის აპარატი, სახელად ISSpresso, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) დამონტაჟდა, რის შემდეგაც ასტრონავტებისთვის ყავის მომზადება ერთიორად გამარტივდა.
კომენტარები