ძუძუს კიბოს დამარცხების გზა შეიძლება კიბოს უჯრედების ცხიმად გარდაქმნა იყოს
მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში შეძლეს, რომ ძუძუს კიბოს უჯრედები ცხიმოვან უჯრედებად გარდაექმნათ.
ამის მისაღწევად მეცნიერებმა მეტასტაზური კიბოს უჯრედების ერთ-ერთი მეტაბოლური გზა გამოიყენეს, მიღებული შედეგები დამაიმედებელია.
როდესაც თქვენ თითს გაიჭრით, ან როდესაც ნაყოფში ახალი ორგანოების ჩამოყალიბება მიმდინარეობს, ეპითელიუმის უჯრედები ფორმას იცვლიან - ისინი მეზენქიმად გარდაიქმნებიან, ეს ღეროვანი უჯრედების ერთ-ერთი ტიპია. მეზენქიმის უჯრედები კი შემდეგ საჭიროებისამებრ დიფერენცირდებიან. ამ პროცესს ეპითელიალურ-მეზენქიმური გარდაქმნა (EMT) ეწოდება. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ორგანიზმში გასავრცელებლად კიბო სწორედ EMT-სა და მის საპირისპირო პროცესს, მეზენქიმურ-ეპითელიალურ გარდაქმნას (MET) იყენებს.
მეცნიერებმა თაგვებს, რომლებსაც ადამიანის ძუძუს აგრესიული სიმსივნის უჯრედები ჰქონდათ ჩანერგილი, ანტიდიაბეტური მედიკამენტით - როსიგლიტაზონითა და ანტისიმსივნური - ტრამეტინიბით უმკურნალეს.
მედიკამენტების გამოყენების შემდეგ, სიმსივნურ ქსოვილში ზემოთხსენებული მეტაბოლური გზების გააქტიურების შედეგად სიმსივნური უჯრედები ორგანიზმში აღარ გავრცელდნენ, არამედ ისინი ცხიმის უჯრედებად გარდაიქმნენ - პროცესი, რომელსაც ადიპოგენეზი ეწოდება.
"კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ პაციენტებში როსიგლიტაზონისა და ტრამეტინიბის კომბინირებული გამოყენება სიმსივნურ უჯრედებში ადიპოგენეზის ინიცირებას ეფექტურად ახდენს", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
მიუხედავად იმისა, რომ ადიპოგენეზის ინიცირება სიმსივნის უკლებლივ ყველა უჯრედში არ მომხდარა, ის უჯრედები, რომლებმაც ცვლილება განიცადეს, სიმსივნურ მდგომარეობას აღარ დაბრუნებიან, რაც დადებითი სიახლეა.
"ძუძუს კიბოს ის უჯრედები, რომლებმაც EMT-ს მეტაბოლური გზა გაიარეს ცხიმოვან უჯრედებად გარდაიქმნენ და გამრავლება შეწყვიტეს. ექსპერიმენტზე დაყრდნობით, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხიმოვან უჯრედებად გარდაქმნილი სიმსივნური უჯრედები ასეთებადვე რჩებოდნენ და სიმსივნურ მდგომარეობას აღარ უბრუნდებოდნენ ", - აცხადებს ბაზელის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი და კვლევის მთავარი ავტორი ჯერარდ კრისტოფორი.
რა განაპირობებს სიმსივნური უჯრედების ასეთ ტრანსფორმაციას?
ტრამეტინიბი სიმსივნური უჯრედების ღეროვან უჯრედებად, შემდეგ კი ცხიმოვან უჯრედებად გარდაქმნას აჩქარებს. როსიგლიტაზონი კი ამ პროცესს უწყობს ხელს.
ზემოთ მოცემულ სურათში აღნიშნული პროცესია ასახული. მარცხენა ფოტოში სიმსივნური უჯრედები მწვანე ფერით არის აღნიშნული, ნორმალური ცხიმოვანი უჯრედები კი წითლით. მარჯვენა ფოტოზე კი ცხიმოვან უჯრედებად გარდაქმნილი სიმსივნის უჯრედები ჩანს, რომლებიც ყავისფრად არის მონიშნული.
კარგი ამბავი ის არის, რომ ორივე მედიკამენტი აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ არის დამტკიცებული, რაც ასეთი მკურნალობის მიღებას გაადვილებს.
მიუხედავად იმისა, რომ თაგვებზე ჩატარებული კვლევების დიდი ნაწილის ადამიანებზე მისადაგება ვეღარ ხდება ხოლმე, აღნიშნული კვლევა მაინც დამაიდებელია. თანაც, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ თერაპიამ ადამიანის უჯრედებზე იმოქმედა.
ამავდროულად მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული მეთოდის გამოყენება ქიმიოთერაპიის პარალელურად.
"მომავალში შესაძლოა მოხდეს აღნიშნული მეთოდისა და ქიმიოთერაპიის გაერთიანება, შედეგად კი სიმსივნის ზრდასაც დავრთგუნავთ და მის მეტასტაზირებასაც", - აცხადებს ქრისტოფორი.
კვლევა ჟურნალ Cancer Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები