ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული კრიმინალური სერიალი Criminal Minds მეთხუთმეტე სეზონის შემდეგ დასრულდება.

ინფორმაცია ამის შესახებ სერიალის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა:

"Criminal Minds-ის ფანებისთვის დიდი ამბავი გვაქვს. პირველ რიგში კალენდარში ჩაინიშნეთ მე-14 სეზონის ფინალური სერიის გამოსვლის თარიღი - 6 თებერვალი. ახლა კი მოემზადეთ - მე-15 სეზონი ჩვენი ეპიკური ფინალური სეზონი იქნება", - წერია გვერდზე.

ახალ და ფინალურ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია, რომ ის მე-14 ნაწილთან შედარებით უფრო დიდი იქნება და თხუთმეტი ეპიზოდის ნაცვლად 25 სერია ექნება.

საერთო ჯამში, სერიალს 325 ეპიზოდი აქვს და ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ სატელევიზიო დრამად ითვლება.

შოუს პირველი სეზონი 2005 წელს გამოვიდა და მალევე გახდა პოპულარული. დროთა განმავლობაში კი პროექტი არაერთმა მსახიობმა დატოვა, მათ შორის მე-11 სეზონიდან შოუს გამოეთიშა ტომას გიბსონიც.

Criminal Minds-ის საპილოტე სერიას 19 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, ყველაზე მეტი მაყურებელი კი მეორე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდს ჰქონდა - 26 მილიონი.

ბოლო სეზონზე შოუს რეიტინგი მკვეთრად დაეცა და ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა, შესაძლოა სწორედ მაყურებლების რიცხვის შემცირება გახდა გადაწყვეტილების მიზეზიც.