ვინ არის ქალი, რომელმაც აშშ-ში მნიშვნელობით მესამე თანამდებობა დაიკავა
კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად 78 წლის ნენსი პელოსი მეორედ აირჩიეს. პელოსის მხარი დაუჭირა 220-მა კონგრესმენმა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ 193 კონგრესმენის მხარდაჭერა მიიღო. პელოსი არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. ვაშინგტონში პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ სპიკერის თანამდებობა მნიშვნელობით მესამეა.
აშშ-ს 2018 წლის შუალედური არჩევნებით რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა შეინარჩუნა სენატში, თუმცა პოზიციები დაკარგა წარმომადგენლობით პალატაში. ოპოზიციაში რვაწლიანი ყოფნის შემდეგ დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა მოიპოვა — 235 დემოკრატი და 199 რესპუბლიკელი. ახალმა კონგრესმენებმა ფიცი 3 იანვარს დადეს და პირველი გადაწყვეტილებებიც მიიღეს.
ნენსი პელოსი კონგრესში კალიფორნიის შტატიდან აირჩიეს. ის ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკოსი და დემოკრატიული პარტიის ვეტერანია. დემოკრატმა ნენსი პელოსიმ სპიკერის თანამდებობა მეორედ დაიკავა. პირველად ის სპიკერად 2007 წლის იანვარში აირჩიეს და აშშ-ს ისტორიაში პირველი სპიკერი ქალი გახდა .
ვინ არის ნენსი პელოსი
ნენსი პელოსი ბევრ საკითხში იყო "პირველი". ის გახდა კალიფორნიის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც სპიკერის პოსტი დაიკავა. იყო პირველი იტალო-ამერიკელი და პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე აირჩიეს. დემოკრატიული პარტიის ოპოზიციაში ყოფნის დროს ის ორჯერ იყო უმცირესობის ლიდერი.
ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი პრეზიდენტობის მემკვიდრეობის სიაში რიგით მეორეა. ნენსი პელოსი ახლა აშშ-ში ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია.
განათლებით პოლიტოლოგი, 78 წლის ნენსი პელოსი ბალტიმორში, მერილენდის შტატში, პოლიტიკოსების ოჯახში დაიბადა. მამამისი თომას დ'ალესანდო-უმცროსი ქალაქის მერი იყო. პელოსი ბავშვობაში აქტიურად ოჯახის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდა.
კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში პელოსი ქმართან ერთად საცხოვრებლად 1969 წელს გადავიდა, სადაც მან პოლიტიკური კარიერა გააგრძელა. სწორედ ამ დროიდან დემოკრატიულ პარტიაში პელოსის კარიერული აღმავლა დაიწყო.
70-იანების ბოლოს ის ეროვნულ დემოკრატიული კომიტეტის წევრად აირჩიეს. შემდგომში კი კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი გახდა. ნენსი პელოსი კალიფორნიის შტატიდან კონგრესში პირველად 1988 წელს მოხვდა და მას შემდეგ წარმომადგენლობით პალატაში რამდენჯერმე გადაირჩიეს.
კონგრესში ის შიდსის კვლევების დაფინანსების გაზრდისთვის იბრძოდა. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ სან-ფრანცისკოში დაკეტილი სამხედრო ბაზა პარკად ექციათ.
2004 წელს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მეორედ არჩევის შემდეგ, დემოკრატ კონგრესმენებს ბუშისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება სურდათ. ისინი ერაყში ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და უკანონო მოსმენებში ადანაშაულებდნენ. დემოკრატი ლიდერების მოთხოვნის მიუხედავად, 2006 წელს პელოსი იმპიჩმენტს შეეწინააღმდეგა. ეს პოზიცია მან სპიკერად გახდომის შემდეგაც დაიცვა.
ნენსი პელოსის შეუპოვარ, ძლიერ და ენერგიულ პოლიტიკოსად მოიხსენიებენ. ანალიტიკოსი ენთონი ზურკერი პელოსის პრაქტიკულ პოლიტიკოსს უწოდებს. მისივე თქმით, რესპუბლიკელები ხშირად უწოდებენ მას "სან-ფრანცისკოელ ლიბერალად", რომელიც ბევრ სოციალურ საკითხში მემარცხენე პოზიციას იჭერს და გაზრდილი მთავრობის მხარდამჭერია.
ჟურნალისტი ელეინ პოვიჩი 2008 წელს წერდა, რომ საჯარო გამოსვლები პელოსის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და მისი ძალა კოალიციურ და ორგანიზაციულ თამაშშია.
პირველი გადაწყვეტილება
ნენსი პელოსიმ სპიკერის პოსტი მთავრობის ე.წ. შათდაუნის ფონზე დაიკავა. მთავრობამ მუშაობა დეკემბრის ბოლოს მას შემდეგ შეაჩერა, რაც დემოკრატიულმა პარტიამ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსებისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი თქვა.
წარმომადგენლობითი პალატის ახალმა წევრებმა მთავრობის მუშაობის განახლებასა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსებას მხარი უკვე დაუჭირეს. რესპუბლიკელებმა უკვე განაცხადეს, რომ სენატში კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. სავარაუდოა, რომ იმავეს იზამს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
წარმომადგენლობითმა პალატამ, ასევე, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც მექსიკის საზღვარზე ახალი კედლის ასაშენებელი თანხა არ იყო გათვალისწინებული.
ნენსი პელოსიმ ჯერ კიდევ 3 იანვარს განაცხადა, რომ კედლის მშენებლობას არ დააფინანსებენ.
"მას [პრეზიდენტ ტრამპს] შეუძლია გვარწმუნოს რამდენიც უნდა, მაგრამ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პროექტს, რომელიც მილიარდობით დოლარი დაგვიჯდება და ეფექტური არ იქნება", — განაცხადა მან.
ქალების გამარჯვება
2018 წელს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ისევე, როგორც გუბერნატორების არჩევნებში, უპრეცედენტოდ ბევრი ქალი კანდიდატი იყო. ამჟამად 100 სენატორიდან 25 ქალია, რაც სენატის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.
წარმომადგენლობითი პალატის 435 წარმომადგენლიდან 102 არის ქალი, რაც, ასევე ისტორიული მაჩვენებლია. მათ შორის არიან:
- პირველი მუსლიმი ქალი წარმომადგენლები კონგრესში, ილჰან ომარი და რაშიდა თლაიბი. ომარი დემოკრატების კანდიდატი იყო მინესოტიდან წარმომადგენელთა პალატაში. ის წარმოშობით სომალიდანაა. რაშიდა თლაიბი კი მიჩიგანის მანდატისთვის იბრძოდა;
- დემოკრატი აიანა პრესლი პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც კონგრესში მასაჩუსეტსის შტატს წარმოადგენს;
- შარის დევიდსი პირველი ამერიკელი ინდიელი და პირველი ღიად ლესბოსელია კონგრესში;
- დემოკრატი ტერი სეუელი ალაბამას მეშვიდე ოლქს კონგრესში მეორე ვადით წარმოადგენს. ის პირველი აფრო-ამერიკული წარმოშობის ქალია, რომელიც ალაბამის შტატიდან კონგრესში აირჩიეს;
-
28 წლის დემოკრატი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი კონგრესის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი წევრია.
კომენტარები