"მე ვარ ქალი და მე კაცზე ხელს არასდროს არ ავწევ", — ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა პატრიოტთა ალიანსიდან, ირმა ინაშვილმა დეპუტატ ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ იმედის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ის მელიას გარეთ გასვლას სთავაზობდა, რეალურად, კაბინეტში ეპატიჟებოდა.

"პირისპირ მინდოდა მასთან საუბარი, სულ ეს იყო. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მე ვარ ქალი და მე კაცზე ხელს არასდროს არ ავწევ", — განაცხადა ინაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს საქართველოს პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე დეპუტატს შორის დაწყებული ჩხუბი პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პარლამენტის სხდომაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ ქართული ოცნების დეპუტატები კრიმინალად მოიხსენია, მათ შორის ირაკლი კობახიძე და ემზარ მკოიანი.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, სიტყვა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს, ირმა ინაშვილს უნდა წარმოეთქვა. ნიკა მელიამ მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა საუბარი და გააკრიტიკა.

"თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წამალი მიიღოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ", — თქვა ირმა ინაშვილმა.

მან ნიკა მელიას "ხმის ჩაკმედისკენ" მოუწოდა. ამ განცხადების შემდეგ შემდეგ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათი შეჩერება პარლამენტის დაცვამ სცადა. ირმა ინაშვილმა მელიამ მაგიდაზე ხელი დაურტყა და ფურცლები სახეში შეაყარა.

"ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა", — ირმა ინაშვილის ამ განცხადებას მოჰყვა არა რამდენიმე დეპუტატს, არამედ პოლიტიკურ მხარეებს შორის ხელჩართული ჩხუბი. ინაშვილმა და კვიციანმა მელიასკენ გაიწია, მათ შეუერთდა ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილიც. დეპუტატებს შორის დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.