მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობობა, რომელიც შვილებს საკუთარი რძით კვებავს
ამ დრომდე ითვლებოდა, რომ შთამომავლობის რძით გამოკვების უნარი მხოლოდ ძუძუმწოვრებს ჰქონდათ, თუმცა, ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობობის ერთი სახეობა, რომელიც შთამომავლობას რძით კვებავს.
კვლევაში მეცნიერებმა დააფიქსირეს დედა ობობები, რომლებიც საკუთარ შთამომავლობას რძის მსგავს სითხეს აჭმევდნენ და მათზე მანამ ზრუნავდნენ, სანამ ისინი ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევდნენ.
მსგავსი ქცევა ძუძუმწოვრების გარდა რამდენიმე სხვა ცხოველშიც ვხვდება, მაგალითად, მტრედებსა და ფლამინგოებში, რომლებიც ყელში არსებული სპეციალური ჯირკვლის საშუალებით შთამომავლობისთვის რძის მსგავს სითხეს გამოიმუშავებენ, თუმცა, ობობებში აღმოჩენილი ძლიერი დედობრივი ინსტინქტები მაინც უჩვეულოა. ასეთი ქცევა, როგორც წესი, მხოლოდ მაღალგანვითარებულ ძუძუმწოვრებს ახასიათებთ ხოლმე.
კვლევაში მონაწილე სახეობა მხტუნავი ობობაა, რომელიც ტაივანში გვხვდება. მხტუნავი ობობის ეს სახეობა ბუდეებში ცხოვრობს და ის ქცევით ჭიანჭველებს ბაძავს. ახლად გამოჩეკილი ობობები სრულად დედის რძეზე იყვნენ დამოკიდებული, რომელიც ოთხჯერ უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ძროხის რძე.
მეცნიერების თქმით, პატარა ობობებმა ჯერ ბუდეში არსებული რძის წვეთები დალიეს, შემდეგ კი რძის წოვა პირდაპირ დედისგან დაიწყეს. დედა ობობები შთამომავლობაზე დაახლოებით 40 დღის განმავლობაში ზრუნავდნენ.
ობობის რძე უკვე წამოზრდილი შთამომავლობის გადარჩენისთვის აუცილებელი არ იყო, თუმცა ის მათ ჯანმრთელობაზე და გადარჩენის შანსებზე დადებით გავლენას ახდენდა.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა ჩაატარეს.
კომენტარები