საიდუმლო ამოხსნილია: რატომ არის ვომბატის ფეკალიები ოთხკუთხედი?
ვომბატი ჩანთოსანი ცხოველია, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს. ვომბატი ცნობილია თავისი უნარით - დატოვოს ოთხკუთხედი ფორმის ექსკრემენტები. ის მსოფლიოში ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ეს შეუძლია.
აღნიშნული საკითხი ინტერესისა და დებატის საგანი ხშირად ხდება ხოლმე, თუმცა, ამ დრომდე, ვომბატების ექსკრემენტების შესწავლა საკუთარ თავზე არც ერთ მეცნიერს არ აუღია.
ცოტა ხნის წინ, ჯორჯიას ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა პატრიცია იანგმა ვომბატის ამ უნიკალურ უნარზე ერთ-ერთ კონფერენციაზე შემთხვევით შეიტყო, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი უფრო ღრმად შეესწავლა.
"თავიდან არ მჯეროდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყო, მაგრამ გადამოწმების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ვომბატების ექსკრემენტები მართლაც ოთხკუთხედია. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ამოცანა ამომეხსნა", - აცხადებს იანგი.
"ამ საკითხზე არსებობს უამრავი სხვადასხვა თეორია და მოსაზრება", - აცხადებს ადელაიდის უნივერსიტეტში მოღვაწე ვომბატების ექსპერტი მაიკ სვინბორნი.
ერთ-ერთი პოპულარული მოსაზრების თანახმად, ვომბატებს უნიკალური ფორმის ექსკრემენტები საკუთარი ტერიტორიის უფრო ეფექტურად მოსანიშნად სჭირდებათ, მოგეხსენებათ, რომ მრგვალი ფორმები გორაობისკენ არიან მიდრეკილნი, ოთხკუთხედი ფორმები კი ერთ ადგილას უფრო მყარად ჩერდებიან, თუმცა, სვაინბორნის აზრით, ეს თეორია სიმართლეს არ შეესაბამება.
სვინბორნი აცხადებს, რომ ოთხკუთხედი ფორმის ექსკრემენტები კავშირში იმ მშრალ გარემოსთან უნდა იყოს, სადაც ვომბატები ცხოვრობენ.
"ეს ცხოველები იძულებულნი არიან, რომ საკვების გადამუშავების დროს წყალი მაქსიმალურად აითვისონ, რაც მათ ფეკალიებს ძალიან მშრალს ხდის. სიმშრალე კი კუთხოვანი ფორმების შექმნას ხელს უწყობს", - აცხადებს სვინბორნი.
ეს თეორია შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს, რადგან შემჩნეულია, რომ ზოოპარკებში, სადაც ვომბატებს წყალზე ხელი ადვილად მიუწვდებათ, მათი ფეკალიები ნაკლებად კუთხოვანია.
უფრო კონკრეტული პასუხის დასადგენად მეცნიერებს გრძელი გზის გავლა მოუწიათ. მხოლოდ ვომბატების მოსაპოვებლად იანგსა და მის კოლეგებს თვეები დასჭირდათ, რადგან ჩრდილოეთ ამერიკის ზოოპარკებში ვომბატები არ ჰყავთ. ცოცხალი ცხოველის ავსტრალიიდან ტრანსპორტირება კი დამატებით სირთულეებთან იყო კავშირში. ამიტომ, იანგს ავსტრალიიდან გზაზე შემთხვევით მოკლული ორი ვომბატის ნაწლავები ფოსტით გაუგზავნეს.
"თავიდან ვფიქრობდით, რომ ვომბატების ანუსი ან კუჭის რომელიმე ნაწილი შესაძლოა ოთხკუთხედი ფორმის ყოფილიყო, თუმცა ეს ვარაუდები არ გამართლდა", - აცხადებს იანგი.
მეცნიერთა გუნდმა დაადგინა, რომ ოთხკუთხედი ფორმის საიდუმლო ვომბატების ნაწლავების ელასტიურობაში იმალება.
მონელებისას საკვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოძრაობს, ამ დროს ნაწლავები საკვებს წნევით აწვება და მას თავის მსგავს ფორმას აძლევს.
იანგმა ბუშტით ღორისა და ვომბატის ნაწლავები "გაბერა" და მათი ელასტიურობა ერთმანეთს შეადარა. აღმოჩნდა, რომ ღორის ნაწლავს შედარებით თანაბარი ელასტიურობა ჰქონდა, რაც ამ ცხოველის მრგვალ ფეკალიებთან თანხვედრაშია.
ვომბატის ნაწლავს კი ბევრად უფრო არათანაბარი ფორმა ჰქონდა. მისი ნაწლავი ზოგან უფრო ელასტიური იყო, ზოგან კი ნაკლებად, მეცნიერის აზრით, ოთხკუთხედი ფორმის ექსკრემენტების მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს არის. იანგმა ვომბატის ნაწლავზე სპეციალური ჩაღრმავებებიც დააფიქსირა, რაც სხვა ცხოველებში არ გვხვდება.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვომბატის ოთხკუთხედი ექსკრემენტების მიზეზი ფიზიოლოგიურად აიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ რჩება, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია", - აცხადებს სვინბორნი.
იანგი აცხადებს, რომ ვომბატების ექსკრემენტების შესახებ ბევრი რამ მაინც გაურკვეველია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი კვლევა ჯერ არ დასრულებულა.
"ბუნებაში კუბები ძალიან იშვიათია. ადამიანებს ასეთი ფორმების შექმნა მხოლოდ ორი გზით, ძერწვის, ან ჭრის საშუალებით შეგვიძლია, თუმცა, როგორც ჩანს, ვომბატებმა კუბების მიღების მესამე, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი გზაც იციან", - აცხადებს იანგი.
კომენტარები