ბრძოლა მიკროფონითა და კამერით ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და წყლის ჭავლის წინააღმდეგ
2007 წლის 7 ნოემბერი ქართული საზოგადოების მეხსიერებაში სპეცრაზმის ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით დარჩა. შეტაკებებისას დაშავდა ყველა მხარე: პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, სამართალდამცავები და ჟურნალისტებიც.
წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი აქცია გამართულა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებით და მოქალაქეების დაშლით სრულდებოდა. 7 ნოემბრის მიტინგზე მყოფი ჟურნალისტების დიდი ნაწილი ასეთ აქციებს აშუქებდა და 2008 წლის აგვისტოს ომიც ჰქონდა გამოვლილი; მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ რუსთაველზე მიტინგის დარბევა და იმედში შეჭრა ყველაზე რთული დღე იყო მათ კარიერაში.
ამისთვის მზად არ იყვნენ.
არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ
2007 წლის 7 ნოემბერს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე და ოპერატორი ლაშა მუმლაძე პარლამენტის წინ მუშაობდნენ. პოლიციასთან დაპირისპირება მათ თვალწინ გადაიზარდა სპეცრაზმის აგრესიულ ქმედებებში.
როგორც კეპულაძე გვიყვება, რუსთაველზე ცრემლსადენი გაზის გაშვების მომენტისთვის პირბადეები პოლიციასაც არ ჰქონდა. აქციაზე "მომზადებული" მხოლოდ სპეცრაზმი მივიდა.
"გაზის გაშვებისას რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით. ვერ ვსუნთქავდით, თავბრუ გვეხვეოდა. გაზი რომ გაუშვეს, გავრისკეთ და შტატივზე დადგმული, პირდაპირი ეთერში ჩართული კამერა დავტოვეთ", — იხსენებს კეპულაძე.
ოპერატორი ამბობს, რომ კამერის დატოვება გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა გაუმართლათ და რამდენიმე წუთი უწყვეტი პირდაპირი ეთერი ჰქონდათ. კადრები მალევე იქცა მსოფლიოს წამყვანი არხების მთავარ წყაროდ.
"პარლამენტთან შემაღლებულ ადგილს ჩემს გადამრჩენელ პედესტალს ვეძახი. მანდ დავასწარი ყველას დადგომა და შტატივის გაშლა. კარგი კადრი იყო. გაზი რომ გაუშვეს, ცენტრში მოვყევით და ჩვენკენ წამოვიდა კვამლი.
რამდენიმე წამით გონება დავკარგე, არ მახსოვს, ზუსტად რას ვაკეთებდი. რატომღაც, კამერა არ მოვხსენი, სხვებმა მოხსნეს, დავტოვე და გავიქეცი. სირბილიც არ ერქვა, მივხოხავდი. პირველ სკოლასთან მივდიოდი. იმედის ოპერატორი დავინახე გზაში, კახა წულაძე, მე და გიორგიმ წამოვიყვანეთ".
სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ჟურნალისტმა და ოპერატორმა პირველ გიმნაზიაში შესვლა გადაწყვიტეს. დაცვამ კარები არ გაუღო. შეამტვრიეს და რამდენიმე წუთი იქ გაჩერდნენ.
"მახსოვს, ჩემ წინ პირველი არხის ჟურნალისტი, სოფო მდინარაძე გარბოდა. მოსდევდნენ, ფეხი გაუსრიალდა და თავი საშინლად დაარტყა".
ერთმანეთი გადავარჩინეთ
ჟურნალისტებს გამოუცდელობა და შიში დაეტყოთ. ცრემლსადენი გაზისგან გაღიზიანებულ თვალებს წყლით იბანდნენ, რაც ტკივილს უფრო ამძაფრებდა. პირბადეები გვიან დაურიგეს, რამაც მათი მდგომარეობა არ შეამსუბუქა. სხვა დამხმარე არავინ ჰყავდათ, ამიტომ ერთმანეთზე ზრუნავდნენ.
"ვინც იცოდა, ამბობდა, რომ გაზგასული ბორჯომი და სოდიანი წყალი იყო კარგი და თვალებზე ვისვამდით", — იხსენებს კეპულაძე.
პირველი ეფექტის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა. მოგვიანებით, პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზზე ჩართვისას საუბარი გაუჭირდა. სუნთქვა დაუმძიმდა, ცრემლები აწუხებდა, მაგრამ საუბარი მაინც დაასრულა.
იმავე მდგომარეობაში იყო ტელეკომპანია მზის ჟურნალისტი ნოდარ მელაძეც.
"ხელკეტიც მომხვდა და ცრემლსადენი გაზიც ვისუნთქე. ორი კაფსულა ჩემს ფეხთან დაეცა. ეთერში რადგან ვიდექი, სახეზე ვერაფერს ვიფარებდი, ფეხზე დგომაც მიჭირდა. ოპერატორი მაქსიმალურად ცდილობდა კადრიდან გავეყვანე, მიმდებარე ტერიტორიას აჩვენებდა და მხოლოდ ჩემი ხმა შედიოდა ეთერში" .
მალე მეტყველებაც გაუჭირდა. ბოლო ენერგიას იკრეფდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ტვინი აღარ უმუშავებდა. სხვა გზა არ ჰქონდა, მაინც პირდაპირ ეთერში დარჩა.
მუმლაძემ დღეს ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მაშინ აქციის დასრულების შემდეგ გადაიღეს.
"ფოტოს დანახვისას პირველი სოფოს წაქცევა ამომიტივტივდა, საშინელი ტკივილი განიცადა. ამ კადრს გადარჩენილების ფოტოს ვეძახი. არაადეკვატურად ვიცინით, მაგრამ გვიან გავიაზრეთ რა უბედურებაც გადავიტანეთ".
გადარჩენილების კადრში სხვადასხვა ტელევიზიის ის ჟურნალისტები არიან, რომლებმაც 7 ნოემბერი რუსთაველზე გაატარეს.
დაკარგული იმედით
ჟურნალისტებისთვის რთული სამუშაო დღე აქციის დარბევით არ დასრულებულა. სპეცრაზმმა რიყის პარკისა და რუსთაველის გამზირიდან ტელეკომპანია იმედის შენობაში გადაინაცვლა.
იმედის ჟურნალისტს, თეა სიჭინავას ახსოვს, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დღისით გარეთ მყოფი კოლეგებისგან იგებდნენ. სპეცრაზმი იმედის ჟურნალისტებს აფრთხილებდა: "საღამოს თქვენც მოგხედავთ". ტელევიზიის თანამშრომლების ერთ ნაწილი შფოთვას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა, საბოლოოდ მეორე ნაწილის მოლოდინები გამართლდა.
"ჯერჯერობით ისევ ეთერში ვართ, თუმცა "სტუმრები" მოვიდნენ. დროებით გემშვიდობებით, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება", — სირბილითა და ნერვიულობით აქოშინებული გიორგი თარგამაძის ეს ფრაზა წამყვანსა და მაყურებელს ერთნაირად დაამახსოვრდა. შემდეგ იყო ჩაბნელებული კადრი და შებრუნებული კამერა. იმედმა მაუწყებლობა შეწყვიტა.
დღის განმავლობაში იმედში სხვადასხვა შესაძლო სიტუაციისთვის ემზადებოდნენ. ტელევიზიის გარე პერიმეტრზე დაცვის თანამშრომლები იდგნენ, რომ სპეცრაზმის შესაძლო მისვლა თანამშრომლებისთვის წინასწარ ეცნობებინათ. დაცვამ ფუნქციის შესრულება ვერ მოასწრო.
"საგრიმიოროში ვიყავი, როცა პანიკა ატყდა. პირველ სართულზე სპეცრაზმს შევეჩეხე. იარაღი მომიშვირეს. პირველი რეაქცია რაც მქონდა, ხელები ავწიე. არ ვიცი რატომ დაიბნენ, მაგრამ მომენტით ვისარგებლე და გამოვიქეცი.
დრო მოვიგე იმით, რომ სტუდია მეორე სართულზეა და ლაბირინთის მსგავსი გზაა გასავლელი, უცხო მარტივად ვერ მოაგნებს. სტუდიის შესასვლელი ჩავკეტეთ, რომ მეტი დრო გვქონოდა", — იხსენებს თარგამაძე.
ყველას ახსოვს, რა ხდებოდა ქრონიკის სტუდიაში სპეცრაზმის შესვლის მომენტისთვის. მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ განვითარდა მოვლენები საეთეროში, სადაც ცდილობდნენ ეთერი შეენარჩუნებინათ.
"საეთეროში თანამშრომელმა თქვა, რომ სპეცრაზმი შემოვიდა. 10-15 ადამიანი ვიყავით. კარი მივხურეთ და დროის გაყვანას ვცდილობდით. ოთახი ისეთ ადგილას იყო, რომ უცხო პირის მიგნება გაუჭირდებოდა, თუმცა გიორგის ეთერში გასვლიდან მალევე შემოვიდნენ.
ეთერში ვეღარ ვრჩებოდით, რადგან აპარატურა დააზიანეს. გვიყვიროდნენ ხელები აწიეთ და დაწექითო, მაგრამ იმ ოთახში დაწოლას ვერ მოვახერხებდით, ყველა კუთხეში დაგვსვეს. პანიკა იყო. ასე კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი არსად მენახა", — გვიყვება სიჭინავა.
ტელეფონები წაართვეს და გარეთ გამოიყვანეს. ძირსდაწვენილ და იარაღდაბჯენილ თანამშრომლებს ხედავდნენ. ტელევიზიიდან გამოსულებს კი მასპინძლად ქცეული "სტუმრები" დახვდნენ.
"გარეთ ხალხი იდგა. ვცდილობდით, რომ ჩვენი ამბავი ყველას გაეგო. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ვიყავით, თუ არა ნაცემები, ან ცოცხლები", — იხსენებს სიჭინავა.
ამ დროს კოლეგებთან ერთად არ იყო გიორგი თარგამაძე. მისი თქმით, ერთ საათზე მეტი იმედის ეზოში, მანქანაში იჯდა სპეცრაზმელთან ერთად, რომელმაც მოგვიანებით იქიდან გაიყვანა და ქუჩაში დატოვა.
ოჯახის წევრებს გვიან გაიგებინა როგორ იყო. სპეცრაზმის შეჭრისას მისი ცოლი ტელევიზიაში იყო. შვილები და მშობლები კი ყველაფერს პირდაპირ ეთერში უყურებდნენ.
"თავისთავად, ცხადია, რომ ის ფორმა, რომლითაც იმედში შემოვიდნენ და ხელისუფლების შემდგომი დამოკიდებულებაც ემოციურ დონეზე ცუდ განწყობას გვიქმნიდა. ეს ართულებდა მათ მიმართ არათუ სრულფასოვნად ობიექტურ, არამედ მშვიდ დამოკიდებულებასაც. როგორი იყო ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება ნათლად ჩანდა ჩვენს პირველ ეთერში", — ყვება თარგამაძე.
7 ნოემბერს იმედის ათეულობით თანამშრომელი ფიზიკურად დაშავდა. ყველაზე მძიმე მათთვის ის ფსიქოლოგიური სტრესი და შეურაცხყოფა იყო, რომელიც სპეცრაზმის შეჭრის დროს იგრძნეს.
ხელისუფლების ქმედებები ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ სხვა ჟურნალისტებს. კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები ტელეკომპანიის ეზოში იკრიბებოდნენ და უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს.
"რა ხდება ტელეკომპანია იმედში და რას აცხადებენ ჩვენი კოლეგები — ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ მათი პოზიცია თავიდან ბოლომდე პირდაპირი ეთერის რეჟიმში შემოგთავაზოთ", — ამ სიტყვებით გადასცემდა ნოდარ მელაძე დაუმონტაჯებელ მასალას ტელეკომპანია მზის პირდაპირ ეთერში. ახლაც იმავე აზრზეა და მიაჩნია, რომ იმ დღეს საჭირო იყო საზოგადოებას "შელამაზების" გარეშე ენახა რა ხდებოდა ტელევიზიაში.
იმედს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინ ხელისუფლებასთან ასოცირებულმა რუსთავი 2-მაც. კურიერის წამყვანებმა პირდაპირ ეთერში მოსთხოვეს პასუხი ხელისუფლებას იმედში შეჭრის გამო.
იმავე დღეს საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რომელიც 16 ნოემბრამდე გაგრძელდა. 9 დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა ტელევიზიებსა და რადიოებს შეეზღუდათ საინფორმაციო პროგრამის ეთერში გაშვების უფლება. 9-დღიანი მდუმარება იმედის გარდა ყველა მედიისთვის დასრულდა. იმედი ერთი თვის შემდეგ გაიხსნა.
კომენტარები