წინ ცივი ამინდებია და ამ დროს არაფერი სჯობს ცხელი სასმელით ხელში წიგნთან ერთად მოკალათებას.

8-11 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ეს შესანიშნავი ადგილია წიგნების შესარჩევად, რადგან გამომცემლობის სტენდებზე ყველა სიახლე იქნება თავმოყრილი. ალბათ, ისიც გაგახარებთ, რომ ფასდაკლებით შეძლებთ წიგნების ყიდვას.

არჩევანის სიმრავლემ რომ არ დაგაბნიოთ, შეგიძლიათ ეს გზამკვლევი დაიხმაროთ:

1. კრისტა ვოლფი - კასანდრა

ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.

მსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.

"...ხილვებს, რომლებიც მას ეუფლება, არაფერი აქვს საერთო ორაკულის ნაქადაგართან. იგი "ხედავს" მომავალს, რადგან ჰყოფნის გამბედაობა, სწორად შეაფასოს თავისი თანადროული მოვლენები...", – წერს კრისტა ვოლფი.

კრისტა ვოლფის რომანში არ არის პირდაპირი მოწოდებები, იგი არ იძლევა კაცობრიობის გადარჩენის რეცეპტებს, მაგრამ მითის უნივერსალური ენით აფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროების წინაშე მდგარ საზოგადოებას.

2. ტომ პეროტა - ნარჩენები

14 ოქტომბერს ადამიანების თვალწინ გაუგონარი რამ მოხდა – დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმიზეზოდ გაუჩინარდა. ამ აუხსნელმა მოვლენამ, რომელსაც "ატაცება" უწოდეს, დარჩენილებს უამრავი უპასუხო კითხვა დაუტოვა. გაუჩინარება ბევრმა მეორედ მოსვლის უტყუარ ნიშნად ჩათვალა, ზოგმა კი გაუჩინარებულები გმირებად შერაცხა. გაჩნდა უამრავი კულტი, სექტა და დაჯგუფება, რომლებიც იმ ხალხს აერთიანებდა, საკუთარ თავს ნარჩენებად, უსარგებლო ნაგვად რომ მიიჩნევდნენ და სიცოცხლის ძველებურად გაგრძელებაში აზრს ვეღარ ხედავდნენ... სწორედ ასეთ უტოპიურ სინამდვილეს გვიხატავს მწერალი და სცენარისტი ტომ პეროტა 2011 წელს გამოცემულ წიგნში ნარჩენები. რომანმა, რომელშიც ავტორმა გამოგონილი რეალობის ფონზე ადამიანთა მარტოობა და დარდი განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა, მალევე დაიმსახურა მკითხველების ყურადღება, განსაკუთრებული პოპულარობა კი HBO-ს ფენომენალურად წარმატებული, ამავე სახელწოდების ტელეეკრანიზაციის შემდეგ მოიპოვა. ნარჩენები არის ამბავი გაუჩინარებას გადარჩენილ ადამიანებზე, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ გამქრალან, დაკარგეს საკუთარი თავი და ამქვეყნიური დანიშნულება

3. იენ მაკიუენი - მონანიება

"...პირვანდელი ჩვენების ისევ და ისევ გამეორება აძლევდა ბრაიონის საშუალებას, შეცდომის ბუნდოვანი შეგრძნებისაგან გათავისუფლებულიყო და იმ ზიანის სიდიადეზე არ ეფიქრა, რასაც სხვას აყენებდა".

21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.

ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იენ მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია. მონანიება საყოველთაოდ მიჩნეულია მაკიუენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

4. ანდრე ასიმანი - შენი სახელი დამიძახე

ანდრე ასიმანის შენი სახელი დამიძახე განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. 17 წლის ელიო ზაფხულში მის მშობლებთან ექვსი კვირით ჩასულ ამერიკელ სტუდენტს, 24 წლის ოლივერს გაიცნობს. სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი. ავტორი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით გვიყვება ადამიანური ვნების ისტორიას.

ანდრე ასიმანი ეგვიპტური წარმომავლობის ამერიკელი მწერალი, ესეისტი და კრიტიკოსია. 2017 წელს კინოეკრანებზე მისი ყველაზე გახმაურებული რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, შენი სახელი დამიძახე გამოჩნდა. ეკრანიზაციამ უამრავი საერთაშორისო პრიზი დაიმსახურა, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო – ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

5. ლუი-ფერდინანდ სელინი - სიკვდილი კრედიტით

სიკვდილი კრედიტით – ამ რომანზე საუბარი შეიძლებოდა ასე დაგვეწყო: გულახდილობა – 100%, კაცთმოძულეობა – 100%. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, აშკარად დაავიწყდათ, რომ ასე თუ ისე ზომიერების დაცვა ურიგო არ იქნებოდა; უკეთესი მომავლის იმედით აქ არავინ ცხოვრობს, არც ადამიანის კეთილშობილი თვისებებისა სწამთ. წიგნი ავტობიოგრაფიულია და უამრავი გამოგონილი დეტალითაა გაზავებული, ზუსტად ისე, როგორც მწერლის პირველ წიგნში მოგზაურობა ღამის დასალიერში. რომანი ღვარძლითა და სიძულვილითაა გაჟღენთილი; დიდი ტკივილითაც, იმის გამო, რომ მთავარ პერსონაჟს – ფერდინანდს მთელი ცხოვრება უკუღმა წაუვიდა. ამაში ის ბრალს სდებს მშობლებს, ნაცნობ-მეგობრებს... ირგვლივ ყველას, მთელ სამყაროს. არ ივიწყებს საკუთარ თავსაც და ყველა შესაძლო ბინძური ეპითეტით ამკობს მას.

ლუი-ფერდინანდ სელინი სახელგანთქმული გახდა რომანებით მოგზაურობა ღამის დასალიერში (1932 წ.) და სიკვდილი კრედიტით (1936 წ). ეს ნაწარმოებები გამოსვლისთანავე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მიუხედავად პოპულარობისა, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სელინს საოკუპაციო რეჟიმთან კავშირში დასდეს ბრალი, მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1951 წელს ყველასაგან მივიწყებული ლუი-ფერდინანდ სელინი სამშობლოში დაბრუნდა და პარიზის გარეუბან მიოდონში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ღარიბთათვის პრაქტიკოს ექიმად მუშაობდა.

6. ფიოდორ დოსტოევსკი - მოთამაშე/იატაკქვეშეთის ჩანაწერები/უპოვარნი

ეს წიგნი დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის სამ მცირე რომანს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, გარკვეული თვალსაზრისით, საეტაპო ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში. უპოვარნი დოსტოევსკის პირველი რომანია, რომელიც მან 1840-იან წლებში დაწერა და რომელმაც მწერალს სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო; იატაკქვეშეთის ჩანაწერებმა დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ ფილოსოფიურ აზროვნებაზე და შემდგომ განვითარებულ მოდერნისტულ ლიტერატურაზე; ხოლო მოთამაშე ერთგვარად ავტობიოგრაფიული რომანია და ასახავს თავად მწერლის მისწრაფებას აზარტული თამაშების, კერძოდ კი "რულეტკის" მიმართ.

მრავალი კრიტიკოსის მიერ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად აღიარებული ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება თერთმეტ რომანს, სამ ნოველას, ჩვიდმეტ მოთხრობასა და სამ ესეს ითვლის. მისმა წიგნებმა უდიდესი გავლენა მოახდინა არაერთ მწერალზე, მათ შორის ისეთ დიდ ავტორებზე, როგორებიც იყვნენ: ანტონ ჩეხოვი, ჯეიმზ ჯოისი, ერნესტ ჰემინგუეი და ჟან-პოლ სარტრი.

7. ჰარუკი მურაკამი - დენს დენს დენს

"ცხვრის შემდეგ დავწერე საოცრებათა სამყარო მუხრუჭების გარეშე, მერე – ნორვეგიული ტყე და მხოლოდ ამის შემდეგ – დენსი. ვირთხას ტრილოგიის გმირები ერთთავად ჩემში რჩებოდნენ. იმ სამ წიგნს ერთმანეთის მიყოლებით ვწერდი და მინდოდა, ბოლომდე მომეთხრო ყველაფერი, რათა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლებულიყავი მისგან", - ჰარუკი მურაკამი მისტიკურ დეტექტივში დენს დენს დენს სიუჟეტი ცხვარში აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში და განვითარებული კაპიტალიზმის დიადი სისტემის ჭანჭიკად იქცევა, რასაც ის ნეხვად გადაქცევის სისტემას უწოდებს. მთხრობლის ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა. რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც – რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში... ადამიანი-ცხვარი ამ "რაღაცის" ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: "იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს...". სულ მალე გმირი ხვდება, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ძალიან დახლართულია, ამიტომ ის იძულებული ხდება, თავიდან დაიწყოს ცეკვა.

8. ენდი უორჰოლი - ენდი უორჰოლის ფილოსოფია

დღეისათვის პოპ-კულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. ამ პანთეონში იყვნენ სხვებიც - ლიხტენშტაინი, ბასკია, ჰარინგი... თუმცა, ტახტზე ყოველთვის უორჰოლი იჯდა. მის გარშემო ირეოდა უამრავი ისეთი ხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც დიდწილად განსაზღვრავდა 60-70-იანი წლების კულტურას და ხშირად ამაში დამსახურება სწორედ ენდი უორჰოლს მიუძღოდა. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა.

წიგნს მემუარს ვერ დავარქმევთ. ეს უფრო მისი შთაბეჭდილებებისა და მოგონებების კოლექციაა. ნაწარმოებში უორჰოლი საუბრობს სიყვარულზე, სილამაზეზე, დიდებაზე, რომელიც 60-იან წლებში უხვად დაატყდა თავს, მუშაობაზე, დროზე, სიკვდილზე, სექსზე, ფულზე... "ენდი უორჰოლის ფილოსოფია" მათთვისაა, ვისაც აინტერესებს ადამიანი, რომლის აზრითაც "მომავალში ყველა მოიპოვებს თავისი დიდების 15 წუთს".

9. რატი მუჯირი - ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი

"ჩემი ცხოვრების ათი წელი ჟურნალისტიკას დაეთმო და იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში კადრს ან ტექსტს მიღმა დარჩა, წაიკითხავთ ამ წიგნში, რომელსაც ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი დავარქვი. ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, არაბული გაზაფხული, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცხელი მოვლენებისა, რაც კი გამიშუქებია.

2012 წელს თურქეთისა და სირიის საზღვარზე გავიცანი მაჰმუდ დობაღი – მეგზურობას და თარჯიმნობას მიწევდა. მისი დახმარებით შევხვდი იმათ, ვინც ომს გამოექცა და ვისაც ეს უამრავი რამის ფასად დაუჯდა. საკუთარი თვალით ვიხილე ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები, მათი ყოველდღიური ყოფა და განწყობა, დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი.მერე ეგვიპტეშიც მომიხდა მუშაობა – მუბარაქის მმართველობის შემდგომ პერიოდში.

ამ ტექსტებს 2013-2014 წლებში ვწერდი. ვეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორია ომი შიგნიდან; როგორ ვმუშაობთ ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს და რა ხდება იმ კადრებს მიღმა, რომლებიც მაყურებლამდე აღწევს. რასაც აქ წაიკითხავთ, თითქმის ყველაფერი სრული სიმართლეა; შესაძლოა, ოდნავ გაბუქებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ გამოგონილი ამ წიგნში არაფერია."

10. ნეფერტარი - ბედუინი

ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს. ეს – ბედუინი ალ ქაბირია...

ბედუინი ქართველი ავტორის, ნეფერტარის, სადებიუტო ნაწარმოებია. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურული თამაში და 2011-2015 წლებში ცალკეულ თავებად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პორტალზე urakparaki.com, შემდეგ კი ერთ მთლიან წიგნად იქცა. სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავია მოთხრობილი, სხვა თვალით დაგვანახებს ჩვენთვის სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და მთლიანად შეგვიცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას ერთფეროვანი, უსიცოცხლო უდაბნოს შესახებ.