სოფელ ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა. როგორც On.ge-ს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში განუცხადეს, მძღოლი სამუშაოს შესრულების პროცესში დაიღუპა.

პროფკავშირთა წარმომადგენლის თქმით, მძღოლის ავტომობილი გაუმართავი იყო და დაღმართზე ჩამოსვლისას მუხრუჭები გაუფუჭდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. მისივე განცხადებით, ადგილზე ტექნიკური გაუმართაობის პრობლემაა და ავტომობილებს მუხრუჭები მძიმე მდგომარეობაში აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ სოფელ ზვარეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, თუმცა ზუსტად არ ასახელებენ, მძღოლი ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დაიღუპა თუ არა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.