გუგლი ჩინეთში დაბრუნებასა და დაცენზურებული საძიებო სისტემის შექმნას აპირებს
2010 წელს გუგლმა ჩინეთში ფუნქციონირება შეწყვიტა, რითაც კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე თქვა უარი. ჩინეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება, ამჟამად ქვეყანაში ინტერნეტში იმაზე ორჯერ მეტი ადამიანია ჩართული, ვიდრე ამერიკის მოსახლეობაა.
ჩინეთის ბაზრის დატოვების მიზეზი ქვეყანაში არსებული ცენზურაა. გუგლმა ჩინეთის ბაზრის დატოვება კომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ გადაწყვიტა, რომლის დროსაც ჩინელი ადამიანის უფლებათა დამცველების პირადი ანგარიშები გატეხეს.
ჩინეთში გუგლი პირველად 2006 წელს შევიდა, რა დროსაც კომპანიამ ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი სერვისების დაცენზურებული ვერსია შესთვაზა.
თუმცა, 2010 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ განხორციელებული კიბერშეტევების შემდეგ კომპანიამ მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ქვეყანაში გუგლის სერვისები დაიბლოკა. გუგლი აცხადებდა, რომ მათთვის ადამიანების უსაფრთხოება და პირადი თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩინეთის ბაზარზე ყოფნით მიღებული ფინანსური სარგებელი.
ინტერნეტში არსებული კომპანიების დიდი ნაწილი მსგავს პრობლემებს ხშირად აწყდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი თავიანთი სერვისების სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებას ცდილობენ, ამ დროს კომპანია იძულებულია, რომ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები გაითვალისწინოს.
ახლახან გუგლმა განაცხადა, რომ ის პენტაგონის $10 მილიარდიან პროექტში მონაწილეობას არ მიიღებდა, მიზეზად კი დასახელდა, რომ პროექტი გუგლის ეთიკურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ჩინეთში ცენზურის მქონე საძიებო სისტემის შექმნა კომპანიის მაღალ მორალურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში რატომღაც არ მოდის.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუგლი ჩინეთის მთავრობის მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით საძიებო სისტემას ქმნის Intercept-მა აგვისტოში გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ასევე გასაჯაროვდა გუგლის აღმასრულებელი დირექტორის წერილიც, სადაც ის ახალი საძიებო სისტემის დადებით თვისებებზე საუბრობს.
გუგლის თქმით, ამ ეტაპზე ახალ პროექტთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ არსებობს, თუმცა პირად შეხვედრებში გუგლის საძიებო სისტემის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისინი ახალი სისტემის გაშვებას მომავალ წელს გეგმავენ.
გუგლს თითქმის ორი თვე დასჭირდა, რათა ეღიარებინა, რომ ის ახალ პროექტზე, რომელსაც Project Dragonfly ეწოდება, მართლაც მუშაობს. კომპანია აცხადებს, რომ ახალი სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ პროტოტიპია. პროექტის მხარდამჭერების თქმით, ახალი საძიებო სისტემა ჩინეთის მოსახლეობას ინფორმაციაზე წვდომას გაუადვილებს, თუმცა ჩინეთის მთავრობის მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ამ ეტაპზე ჩინეთში საძიებო სისტემა Bing და Baidu მოქმედებს და ორივე მათგანი მთავრობის დაწესებული მკაცრი ცენზურის ქვეშაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუგლმა ჩინეთის მოსახლეობისთვის რაიმე ახლის შეთავაზება შეძლოს.
ჩინეთში ინტერნეტი ძალიან მკაცრი ცენზურის ქვეშაა, ქვეყანაში მთავრობა არა მხოლოდ გარკვეული ტიპის ინფორმაციასა და წებსაიტებზე ბლოკავს წვდომას, არამედ ის თითოეული მომხარებლის ინტერნეტ ისტორიასაც აკონტროლებს.
კომენტარები