წყალტუბოს შესასვლელშივე ჩანს, რომ ქალაქი მთლიანად მწვანე და შიგადაშიგ ჟანგისფერია. თანდათანობით, ცენტრალური ნაწილისკენ სიმწვანე კიდევ უფრო მკვეთრდება და ირგვლივ, სადაც არ უნდა გაიხედოს ადამიანმა, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები დახვდება.

ქალაქში დიდი ცენტრალური პარკია, მის ირგვლივ კი რგოლური სისტემით შენობა-ნაგებობებია განლაგებული. პარკის ირგვლივ ფერდობებზე, ალაგ-ალაგ ხეებში ჩამალული, უზარმაზარი სასახლის ტიპის სანატორიუმები ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღარ ფუნქციონირებენ, ძველ, "კანგაცლილ" ფასადებს, მდიდრული იერი ჯერ კიდევ შემორჩათ.

ქალაქის ხედი სანატორიუმი "მეშახტეს" სახურავიდან

ქალაქის ხედი სანატორიუმი "მეშახტეს" სახურავიდან

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

კლასიკური არქიტექტურის სტილის, მე-20 საუკუნის "სტალინური" ეპოქის ნაგებობების გარდა, აქა-იქ, პარკის მიმდებარედ, ახალი ან რამდენიმე განახლებული სასტუმრო დგას.

პარკის ტერიტორიაზე მინერალური წყლების მხოლოდ ოთხი მოქმედი აბანოს შენობაა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განაახლეს, დანარჩენი ექვსი - დანგრეულია.

ფერდობებს მიღმა, კერძო სახლებში ადგილობრივები ცხოვრობენ. მათ ცენტრში თითქმის ვერ შეხვდებით. დღის განმავლობაში უმეტესობა მათგანი აგრარულ ბაზართან ფუსფუსებს შემოსავლის მისაღებად. იქ არის გარევაჭრობა, სილამაზის სალონები, სუპერმარკეტები, კერძო თუ სამარშუტო ტაქსების სადგური - ადგილი, რომელიც დიდ კონტრასტს ქმნის კურორტის მეორე, "მწვანე" მხარესთან.

მოსახლეობა

საყოველთაო აღწერის მიხედვით, 1989 წელს წყალტუბოში მოსახლეობის რაოდენობა 17 393 ადამიანს შეადგენდა. 2002 წელს 16 841-მდე შემცირდა, ბოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით კი ქალაქში 11 281 მოსახლე ცხოვრობს.

რეგიონული განვითარების პროექტის ინჟინერი, ანზორ ბაბუნაშვილი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზეზებზე საუბრობს:

"გახიზნულები არიან, ყველამ უშველა თავს და ზოგი საბერძნეთშია, ზოგი თურქეთში, ზოგი იტალიაში. დაცარიელებულია რაიონიც, სოფელში ქალი აღარ დარჩა".

ანზორ ბაბუნაშვილი

ანზორ ბაბუნაშვილი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ამბობს, რომ საჭიროა ადგილზევე შეირჩეს და გადამზადდეს კადრები ისე, რომ ადამიანმა დაბალი ანაზღაურების გამო თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს:

"აქ ვინც დარჩა, ვაჭრობით ან სოფელი თუ აქვს, მეურნეობით ირჩენს თავს. უმუშევრობაა ძირითადად და არის ასეთი სასოწარკვეთილი მდგომარეობა. ამ ბოლო დროს გაიხსნა რამდენიმე სასტუმრო გამწვანების სამსახური და დასაქმდა ხალხი, მაგრამ ეს მაინც დაბალანაზღაურებადი სამსახურებია. ალბათ, თანდათან მოიმატებს. ამხელა კურორტს ადრე თავისი ბაზა ჰქონდა. სატრანსპორტო სისტემაა საჭირო, კვება, სასადილოებში მზარეულები მუშაობდნენ. ამას პროდუქტები სჭირდება, პროდუქტებს სოფლებიდან უნდა შემოტანა, რაც ადგილობრივ მეურნეობას წაწევს წინ და ეს იქნება უებარი რამ. ერთი 300-ადგილიანი სანატორიუმი მაინც რომ გაეშვას, წარმოიდგინეთ, ერთი-ორი სოფელი დადგება ფეხზე".

ტურიზმის ეროვნული ცენტრის დირექტორი, სალომე ქუთათელაძე ამბობს, რომ ბოლო ექვს თვეში 316 ათასი ვიზიტორი ჩავიდა, მათ შორის პრომეთეს მღვიმეში და წყალტუბოს აბანოებში:

"მნიშვნელოვანია, რომ ძველი სანატორიუმები აღდგეს, ჩამოდის ტურისტი და ქალაქში არ არის გასართობი ადგილი. ადრე ყველა სანატორიუმში კონცერტები იმართებოდა. ჩვენ გვჭირდება სამკურნალო ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია წყალტუბოში. ახლაც არის, მაგრამ ადრე წყალტუბოს მეტი ადამიანის მიღება შეეძლო, ვიდრე დღეს. ამდენი წლები კურორტი არ ფუნქციონირებდა. კურორტს სჭირდება ცნობადობის დაბრუნება".

46 წლის თამილა ბაზართან ახლოს ერთ-ერთ სილამაზის სალონში სტილისტად მუშაობს. ამბობს, რომ წყალტუბოში შემოსავლის ძირითადი წყარო ვაჭრობაა, ან ვინც ცენტრთან ახლოს ცხოვრობს, საკუთარ სახლში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს მოწყობილი. ჰყვება, რომ დაბადებიდან ამ ქალაქშია და ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიცალა დასახლება. ძირითადად ემიგრაციაში წავიდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წყალტუბოს სანატორიუმები დაიცალა და უფუნქციოდ დარჩა. საკურორტო ცხოვრება მაშინვე ჩაქრა. თუმცა, აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ დაახლოებით 9 600 დევნილი ჩავიდა ქალაქში და ცარიელ სანატორიუმებში დაიწყო ცხოვრება.

თავიდან რთული იყო განაწილება. ოჯახები, სტუმრებისთვის გათვლილ სანატორიუმის დასასვენებელ ნომრებში ვერ თავსდებოდნენ. 46 წლის მამუკასთვის სანატორიუმი "თბილისში" უკვე 25 წელია მუდმივ საცხოვრებლად იქცა. ამბობს, რომ დევნილების ნახევარი სხვაგან გადავიდა, ზოგს ბინა მისცეს, ზოგს - არა. ასე დაიცალა საცხოვრებელი ფართის ნაწილი და დარჩენილები ცოტათი გაფართოვდნენ. თავად უმუშევარია და ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ჩასული დევნილების საერთო პრობლემაა. მას შემდეგ, რაც წყალტობოში პარკი გაკეთდა, ზოგიერთი მათგანი გამწვანების სამსახურში დასაქმდა. ჰყვება, რომ წლების წინ მოსკოვში დადიოდა და საკუთარი ხელობით მუშაობდა, თუმცა ახლა ვეღარაფერს აკეთებს.

სანატორიუმები

სანატორიუმების გაშენების ბუმი 50-იან წლებში დაიწყო, მაშინ როდესაც წყალტუბოს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს. 20 სანატორიუმიდან მხოლოდ 5-ია თავისუფალი, საიდანაც ორი გაიყიდა. დღეს დარჩენილების პრივატიზაციაა დღის წესრიგში.

ინჟინერი ანზორ ბაბუნაშვილი ჰყვება, რომ როდესაც სტალინი მეორედ ჩავიდა წყალტუბოში, მისთვის სპეციალურად აუშენებიათ ცალკე შენობა, ქალაქისგან შორს გორაკზე, საიდანაც მთელი ქალაქი ჩანდა და რომელსაც შემდეგ "სტალინის აგარაკი" დაარქვეს.

"სტალინის აგარაკი" ხედი "სტალინის აგარაკიდან"

ფოტო 1: გვანცა ნემსაძე / On.ge / ფოტო 2: გვანცა ნემსაძე / On.ge

ყველა უწყებას თავისი სანატორიუმი ჰქონდა — "რკინიგზელი" რკინიგზელებისთის, "მეტალურგი" მეტალურგებისთვის და ა.შ. განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩეოდა სანატორიუმი "მეშახტე", რომლის მშენებლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი წარმოშობით იტალიელ მშენებელს, კარლო მორეტის.

სანატორიუმი "მეშახტე"

სანატორიუმი "მეშახტე"

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სანატორიუმები ძირითადად რუსი დამსვენებლისთვის აშენდა. მოსკოვი-წყალტუბო მატარებლის რეისს ყოველდღიურად ჩაჰყავდა დამსვენებლები. ანზორ ბაბუნაშვილი იხსენებს, რომ ადრე წყალტუბოში მოსახვედრად პაციენტები ორი კვირით რიგში იდგნენ, რომ საგზური ეშოვათ. ამჟამინდელი ვიზიტორების რაოდენობა კი წარსულთან შედარებით ზღვაში წვეთია.

"როცა ხალხის ნაკადი გაიზრდება, სანატორიუმები კერძო საკუთრებაში გადავა და დასჭირდებათ კვება, ტრანსპორტით მომსახურება, გარდა ბალნეო პროცედურებისა, ათასი რამაა საჭირო. უზარმაზარი შემოსავალი იქნება რაიონისთვის, მხარისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის შემოსავლების მიღებისთვის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, ასე თავმოყრილი, კომპაქტურად გაკეთებული კურორტი".

ფოტო 1: გვანცა ნემსაძე / On.ge / ფოტო 2: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია / Facebook

საკონცერტო დარბაზი სანატორიუმ "მეშახტეში".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სანატორიუმი "მეშახტე"

სანატორიუმი "მეშახტე"

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სანატორიუმი "ივერია"

სანატორიუმი "ივერია"

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სანატორიუმი "მედეა"

სანატორიუმი "მედეა"

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სანატორიუმი "თბილისი"

სანატორიუმი "თბილისი"

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ქალაქის ისტორია

ზოგიერთი ისტორიული წყარო იუწყება, რომ რევოლუციამდე, მაშინ, როცა არ იყო ელექტროენერგია და სხვა პირობები, წყალტუბოში ურმებით ჩადიოდა ხალხი დასასვენებლად. ისინი მიდიოდნენ თავიანთი პირუტყვით, იქვე კლავდნენ და თავი ასე გაჰქონდათ. ერთ-ორ კვირაში გაივლიდნენ სამკურნალო პროცედურებს და შემდეგ გააგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას.

მე-17 საუკუნის ბოლოს წყალტუბოს შესახებ პირველი ცნობა — ერთ-ერთი ქიმიკოსის მიერ გამოცემული მონაცემები გერმანულ ენციკლოპედიაში მოხვდა.

"ასე გაუგიათ ჯერ ევროპელებს ამ დასახლების შესახებ და ასი წლის შემდეგ გაიგეს რუსებმა", — იხსენებს ანზორ ბაბუნაშვილი.

1880-90-იან წლებში წყალტუბოში გუბერნიის წარმომადგენელი ექიმი მიავლინეს, რომელმაც ჩაატარა კვლევები, შეისწავლა წყლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა. უნიკალურობა დადასტურდა.

წყალი

წლების წინ, როცა წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმი ყვაოდა, ცნობილი ფაქტია, რომ ყავარჯნებით ჩამოსული დამსვენებელი გაივლიდა სამკურნალო კურსს, აღარ სჭირდებოდა ხელჯოხი და ადგილზე ტოვებდა. დღეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საპატიო ადგილი უჭირავთ მიტოვებულ ყავარჯნებს.

მიტოვებული ყავარჯნები მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ფოტო: წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი

წყალტუბოს წყალი 65-მდე დაავადებისთვის გამოიყენება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და კანის დაავადებებისთვის.

ანზორ ბაბუნაშვილი "წყალტუბოს წყლის რეაქციის" შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ სახელმძღვანელოში ეს განმარტებულია, როგორც "გაფითრების რეაქცია": "მაგალითად, ცხელ ან თბილ წყალში თუ ჩაყოფთ ხელს, ამოღებისას დაინახავთ, რომ გაწითლებულია. წყალტუბოს წყალში პირიქით ხდება, სისხლი, რაც კი არის კანის ზედაპირზე, გულისკენ მიიწევს”.

სააბაზანოების პრივატიზების შემდეგ, დღეს მხოლოდ ოთხი ფუნქციონირებს. მათ შორის, მოქმედია წყარო #6, რაც მეექვსე აბაზანის ბაზაზეა აშენებული. აბანოს მენეჯერი, ლუიზა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ძირითადი დატვირთვა სეზონზე, 2-3 თვით აქვთ და პაციენტთა 80% უცხოელია, უფრო მეტად აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

თავის დროზე წყარო #6 სპეციალურად სტალინისთვის აუგიათ და იქ მისი და ბერიას აბანოს კაბინები დღესაც არის შემორჩენილი.

მიწიდან ამოსული წყალი ბუნებრივად თბილია, რაც იდეალური ტემპერატურაა არა მხოლოდ სამკურნალო პროცედურისთვის, არამედ განტვირთვისთვისაც. ზედაპირზე ამოსვლამდე, 7-8 მეტრის ფარგლებში წყალი რადიაციულ ქვიშებს გაივლის და შესაბამის შემადგენლობას იღებს.

აბანო 6

აბანო 6

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

30-იან წლებში წყლის საკვლევად ქალაქში 72-მდე ინსტიტუტი მუშაობდა. დღეს მთავარი კვლევითი ინსტიტუტი მწყობრიდანაა გამოსული, მაშინდელი ლიტერატურა კი განადგურებულია.

უფუნქციოებს შორისაა აბანო #8, რომელიც პარკის შუაგულში დღესაც დგას, ოღონდ არა ძველებურად, არამედ უფრო მისტიკური შესახედაობით — შიგნიდან და გარედან უზარმაზარ სარეველა ბალახებში დამალული ბეტონის მასა, რომელსაც ცენტრში მოზრდილი ხვრელი შემორჩა.

თავის დროზე იგი წყალტუბოში თბილისის სპორტის სასახლის ესკიზის მიხედვით აუშენებიათ, იმავე პრინციპითა და იგივენაირი გუმბათით. იმ განსხვავებით, რომ აბანოს გუმბათი მინის იყო, რათა ოთახი მზეა გაენათებინა.

ფოტო 1: გვანცა ნემსაძე / On.ge / ფოტო 2: გვანცა ნემსაძე / On.ge

გენგეგმა

ქალაქს ამფითეატრის ფორმა აქვს და რგოლური პრინციპით ჰიდროინჟინერმა პეტრე მამრაძემ დააგეგმარა. მანამდე მდინარე წყალტუბო პარკის ცენტრში მიედინებოდა. რამდენჯერაც წვიმა მოვიდოდა, ჩამონადენი წყლები პარკის ტერიტორიაზე, მდინარისკენ იყრიდა თავს და აბანოებს ტბორავდა. ინჟინერმა მდინარე გადაკეტა, შექმნა ხელოვნური დამბა, ე.წ. ცივი ტბა და იგი ორ არხში გადააერთა, რომლებიც მთის ძირში გადის.

ცივი ტბა

ცივი ტბა

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მწვანე საფარი

ცენტრალური პარკი თითქმის 80 ჰექტარზეა გაშენებული. ხე-მცენარეების გაშენებამდე, პაპანაქება სიცხის გამო წყალტუბო მკურნალობისთვის მიუღებელი იყო.

ინჟინერი ანზორ ბაბუნაშვილი ჰყვება, რომ სახსრების მკურნალობისთვის ჩასულ პაციენტს, როგორც კი ქარი ამოვარდებოდა, ტკივილი წინასწარ ეწყებოდა და დენდროლოგები მეცნიერულად მოეკიდნენ ამ პრობლემის გადაჭრას:

"გარდა იმისა, რომ ხეებს ქალაქი ქარისგან უნდა დაეცვა, შავი ზღვის მხრიდან უნდა ყოფილიყო ღია, რადგან ზაფხულში გრილ ჰაერს დაებერა".

ცენტრალური პარკი

ცენტრალური პარკი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, 65 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო წყალტუბოს განვითარებაში, აღდგა წყლის მიწოდება და გაკეთდა კანალიზაცია:

"ქალაქმა ამით გამოიხედა თვალებში", — ამბობს ანზორ ბაბუნაშვილი და აღნიშნავს იმასაც, რომ ალბათ, როგორც პირველი ეტაპი, ასევე მეორე ეტაპიც უნდა გაკეთდეს ქალაქში, რასაც დიდი თანხები დასჭირდება.

დასაწყისისთვის კი წყალტუბოს თავიდან აღმოჩენაა საჭირო. ქალაქი, რომელსაც გასულ საუკუნეში სპეციფიკური მიზნები ჰქონდა, სწორედ ამის მოლოდინშია. მიტოვებული სანატორიუმების მიღმა კი ის ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა აზრითაც, წყალტუბო წარსული დიდების გარდა ღირსეულ მომავალსაც იმსახურებს.