ევროპაში განახლებადი წყაროებისგან მიღებული ენერგიის საერთო რაოდენობამ 2014 წლისთვის 16 პროცენტს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტენდენცია იზრდება. ევროკავშირის მიერ დაწესებული დირექტივის მიხედვით, 2020 წლისათვის წევრი ქვეყნების ენერგომოხმარების 20 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებისგან უნდა იყოს მიღებული.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგომოხმარების წილი განახლებადი ენერგიის წყაროებზე, წლების მიხედვით

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგომოხმარების წილი განახლებადი ენერგიის წყაროებზე, წლების მიხედვით

ფოტო: Eurostat

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, უკვე საქართველოსაც მოეთხოვება რომ განახლებადი ენერგია აითვისოს და გამოიყენოს. როგორც ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული წყაროების სამმართველოს უფროსი მარიკა არაბიძე ამბობს, სავალდებულოა ისიც, რომ ენერგეტიკულ ბალანსში შემავალი განახლებადი ენერგიის წილი 2 პროცენტი იყოს:

"არსებობს უფრო მკაცრი რეგულაციებიც, ამ კუთხით კი საჭიროა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ აზრისგან, რომ გინდა თუ არა ერთი ერთში გადმოიტანო ევროპული ვალდებულება. ხელშეკრულება გეუბნება შემდეგს, რომ შენ უნდა მოარგო და ვალდებულებების გადანაწილება შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, ამიტომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ხედვა, რაც ჩვენ აქამდე არ გვქონდა".

მისივე თქმით, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას კონკრეტული დირექტივები დაეკისრება. ენერგეტიკული გაერთიანება ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნებს ეხმარება, მაქსიმალურად მარტივად გადავიდნენ ევრო მოთხოვნებზე.

Eurostat-ის მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა 1990 წლიდან 2014 წლამდე, განახლებადი წყაროებისგან საერთო ელექტროენერგიის წარმოება 191 პროცენტით გაზარდეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ საქართველოში არსებულ მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მილიარდი კვტ.საათის ეკვივალენტური.

უწყების ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა განახლებადი ენერგია 2008. წიაღისეული ენერგორესურსების შემცირების ფონზე აქტუალური გახდა ქარის, მზის, გეოთერმული წყლების, ბიოგაზისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისა და სხვა პრაქტიკული დანიშნულებისთვის.

თანამედროვე განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

საქართველოში თანამედროვე განახლებადი წყაროების გამოყენება, ქარის საპილოტე ელექტროსადგურის მშენებლობით დაიწყო. პროექტის, სახელწოდებით ქართლი, ფარგლებში 20,7 მეგავატიანი სადგური აშენდება და გორის ტელერადიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქარის ელექტროსადგურის 6 ტურბინა განლაგდება.

პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონი აშშ დოლარია, რომლიდანაც 24 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის მიერ დაფინანსდა.

კომპანია ქართლის ქარის ელექტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი On.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება, რომ საბოლოო ჯამში, 25 ჰექტარზე განლაგებული ქარის ტურბინები 2 კილომეტრით იქნება დაშორებული დასახლებული პუნქტიდან, რითაც ხმაურისაგან გამოწვეული დისკომფორტი გამოირიცხება.

მისივე თქმით, სადგური 88 მილიონ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, თუმცა ქარის არასტაბილურობიდან გამომდინარე, იგი სისტემაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განაწილდება. ყაზარაშვილი აღნიშნავს, რომ გამომუშავებული ენერგია, თავისი დანაკარგებით, დაახლოებით მინიმუმ 20 000 ოჯახს ეყოფა:

"ვვარაუდობთ, რომ ძირითადად ზამთრის პერიოდში იქნება ქარის ელექტროსადგური ყველაზე ეფექტიანი, მაშინ, როდესაც იმპორტზე და თბოსადგურებზე ვართ დამოკიდებული".

ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის დირექტორის მურმან მარგველაშვილის თქმით, ქარის ენერგია ქართულ ენერგოსისტემას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, მაშინ გამოადგება, როდესაც მოხმარება ყველაზე მაღალია. მისივე შეფასებით, მოხმარების პიკთან შედარებით, გორის სადგურს განსაკუთრებული სიმძლავრე არ ექნება, თუმცა გარკვეული დოზით მაინც ჩაენაცვლება თბოსადგურებსა და იმპორტირებულ ენერგიას:

ზამთარში ელექტროენერგია უფრო გვიჭირს, რადგან ჰიდროსადგურები ნაკლებს გამოიმუშავებენ და მოხმარება მეტია, ვრთავთ თბოსადგურებს და იმპორტიც გვჭირდება. გორის ქარის სადგური ამას უბრალოდ წაეშველება.

მურმან მარგველაშვილი

"როდესაც ვიძინებთ, ღამით, ყველაფერი გამორთული გვაქვს, დაწესებულებები არ მუშაობს, მთელი ქვეყნის ენერგომოხმარება არის დაბალი. როდესაც ნელ-ნელა თენდება მოხმარება იზრდება, დღის განმავლობაში თანაბარია და საღამოს საათებში ისევ იზრდება. გორის სადგურზე გაზომვებით ქარი უფრო მეტია ზამთარში, ვიდრე ზაფხულში. ჩვენთან ზაფხულში მეტი წყალია, ვიდრე ზამთარში, ამიტომ ზამთარში ელექტროენერგია უფრო გვიჭირს, რადგან ჰიდროსადგურები ნაკლებს გამოიმუშავებენ და მოხმარება მეტია, ვრთავთ თბოსადგურებს და იმპორტიც გვჭირდება. გორის ქარის სადგური ამას უბრალოდ წაეშველება.

ჩვენთან მოხმარების პიკი დღეში არის დაახლოებით 1 400 მეგავატი და ეს როგორც წესი, 31 დეკემბერს ხდება, რა თქმა უნდა, მასთან 20 მეგავატი არაფერი არ არის, როდესაც ყველაზე დიდი სადგური - ენგური არის 1 300 მეგავატი სიმძლავრის".

როგორ ხდება ქარისგან მიღებული ენერგიის განაწილება

მურმან მარგველაშვილი ქარის ენერგიის თავისებურებასაც განმარტავს და ამბობს, რომ ქარის მიერ მიღებული ენერგია ჯერ საერთო ენერგოსისტემაში ხვდება და შემდეგ ქსელი ანაწილებს მოხმარების კუთხით. უფრო კონკრეტულად, რიგ შემთხვევებში ქარის ენერგია ჩაანაცვლებს და დააკომპენსირებს არსებული ჰიდრო თუ თბო სადგურებიდან მიღებულ ენერგიას:

"ვინაიდან ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები გვაქვს, ჩვენთვის უფრო იოლი უნდა იყოს ჩანაცვლება, ვიდრე ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც თბოსადგურებით მუშაობენ. თუკი დააკლდა ქარი, შეიძლება მოემატოს წყლის ენერგია და ამის სწავლაა საჭირო სადისპეჩეროს მიერ, თუ როგორ არეგულიროს ხოლმე.”

მურმან მარგველაშვილის თქმით, კონკრეტულად გორის სადგურის შემთხვევაში, მთავარი დაბრკოლებაა ის, თუ რამდენად შეძლებს სადისპეჩერო და ქართული ენერგოსისტემა, რომ ქარის ცვალებადობა დააკომპენსიროს სხვა სადგურების, უმეტესად ჰიდროსადგურების მეშვეობით. მისივე თქმით, შესაძლოა ქართული ენერგოსისტემა ჯერ მზად არ არის ქარის ენერგიის მისაღებად, რადგან ქარის ცვალებადობა ჯერ არ დაუკომპენსირებია, თუმცა იგი იმედს გამოთქვამს, რომ ამის სწავლა შეიძლება:

"საერთოდ, პრობლემაა ხოლმე ქარის სადგურებისა და მთავარი ქსელის თანაოპერირება, იმიტომ, რომ ქარი ცვალებადია, მოხმარება კი - მუდმივი. როდესაც გჭირდებათ დენი, თუკი ქარი არ იქნება, რაღაცით უნდა დაკომპენსირდეს, ამიტომ ქარის ცვალებადობა და სისტემის მიერ მისი დაკომპენსირება, ერთ-ერთი ტექნიკური პრობლემაა და სხვა ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, ამაზე ბევრს მუშაობენ".

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მილიარდი. კვტ/სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1 500 მეგავატით არის შეფასებული.

მურმან მარგველაშვილის თქმით, გორის სადგურს რაიმე გამორჩეული სიმძლავრის დამატება არ შეუძლია, თუმცა ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგია შემოვა და ბევრი ადამიანი დასაქმდება.

ქარის ელექტროსადგურის სარგებელი

ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობის სამმართველოს უფროსი მარიკა არაბიძე მიიჩნევს, რომ გორის საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე საკმარისია და სისტემას ამის დარეგულირება შეუძლია:

"ქარის ენერგია სისტემისთვის თავის ტკივილია, რადგან მდგრადობის თვალსაზრისით, სისტემა ამისათვის მზად უნდა იყოს. 20 მეგავატისა და 100 მეგავატისთვის დღეს ჩვენი სისტემა მზად არის, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში როცა განვიხილავთ, სისტემა კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდეს".

20 მეგავატისა და 100 მეგავატისთვის დღეს ჩვენი სისტემა მზად არის, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში როცა განვიხილავთ, სისტემა კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდეს.

მარიკა არაბიძე

მარიკა არაბიძე აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ენერგეტიკის კუთხით განახლებადი ენერგიის ათვისებას განსაკუთრებით უშუქო რეგიონებში მოითხოვს. საქართველოში კი ასეთი მთის დასახლებებია.

იგი ასევე განახლებადი ენერგიის ირგვლივ პრობლემურ საინვესტიციო გარემოზე საუბრობს. მისი თქმით, ინვერტორები ხშირად მზისა და ქარის მიერ გამომუშავებული ენერგიის სიძვირის გამო, არ ინტერესდებიან:

"მიუხედავად ტექნოლოგიური სიიაფისა, მზისა და ქარის ერთი კილოვატ საათის ღირებულება საკმაოდ ძვირი გამოდის. საქართველოში ამ ტიპის პროექტებმა ვერ მოიკიდა ფეხი იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე რაც თვალში ხვდება ინვესტორს, ეს არის სიძვირე, მიუხედავად ტექნოლოგიური სიიაფისა, დღეს მაინც 3-4-ჯერ ძვირია ქარი და მზე, თუმცა, მაინც გვაქვს ისეთი პროექტები, რომლებიც ამას არ შეუშინდნენ და ნელ-ნელა ფეხს მოიკიდებს".

"მოსახლეობაში მეტია სამუშაო ცნობიერების ამაღლების კუთხით", - ამბობს მარიკა არაბიძე და განახლებადი ენერგიის, კერძოდ ქარის მიერ მოტანილი ენერგიის სარგებელზე საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირში მყოფ ქვეყნებში ყოველთვის არის პრიორიტეტული სუფთა ენერგიის ათვისება, ამ კუთხით კი საქართველოშიც ბევრია სამუშაო, რადგან ენერგეტიკამ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა დააბინძუროს გარემო.

პროექტის ავტორი, ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ბეჟუაშვილი აღნიშნავს, რომ ზოგადად ქარის სადგურებს მსოფლიოში 25-წლიანი რესურსი აქვს:

“სულ ამას ვამბობ, რომ ჩვენ გორის სადგურზე ისეთი კარგი ქარის რესურსი გვაქვს, პირველ ადგილას თუ არა, ალბათ ხუთეულში მოვხვდებით მსოფლიოში გენერაციით. შეიძლება სისტემის 10 პროცენტით დავიწყოთ, შემდეგ კი გავიგებთ ხასიათს, თუ სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ოქტომბერსა და ნოემბერში სატესტო რეჟიმი იქნება, რაც მოიცავს ქსელთან მიერთებას, ტურბინების გამართვას. დეკემბერში ბოლოსკენ კი ქარის ენერგია ექსპლუატაციაში გაეშვება. მისივე თქმით, სამომავლოდ, იმავე ტერიტორიაზე 100 მეგავატის განვითარებას აპირებენ.

Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის გეგმა, რომლის მიხედვით წევრ ქვეყნებს ენერგომოხმარების 20 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებისგან უნდა იყოს მიღებული, რიგ ქვეყნებს უკვე გადაჭარბებით აქვთ შესრულებული. თითოეულ ქვეყანაში ევროდირექტივა ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით ნაწილდება, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას.

2014 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მოხმარების წილით, შვედეთი ორმაგად აჭარბებს გეგმას და ენერგომოხმარების 52,6 პროცენტს განახლებადი წყაროებისგან იღებს. მასთან ერთად გეგმა უკვე შეასრულა 8 ქვეყანამ, რომელთა შორისაა ფინეთი, ხორვატია, ესტონეთი, რუმინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, იტალია და ჩეხეთის რესპუბლიკა.