გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ნათლად აჩვენა ის სირთულეები, რაც სამართალდამცავ სისტემას აქვს. ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

მარგველაშვილი TV პირველის ეთერში პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირების დროს იმყოფებოდა. ის თვალს ადევნებდა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს და განაცხადა, რომ ამ ტრაგედიის ნახვა თბილისის ქუჩებში მისთვის რთულია.

მარგველაშვილის თქმით, სოლიდარულია ზაზა სარალიძის მიმართ. მისივე თქმით, ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა იდგა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს შანსი აღმოფხვრას მომხდარი უსამართლობა, რადგან ამ საკითხზე პასუხისმგებლობა აიღო.

პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციასთან დაპირისპირების დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. სარალიძე მაჩალიკაშვილთან ერთად მეორე დღეა შიმშილობდა.

წვიმის გამო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ. ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მათ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა.

დაპირისპირებისას სარალიძემ სამართალდამცავებს მოკლული შვილის, დათო სარალიძის ფოტო აჩვენა და მოუწოდა გაეთელათ ის ფეხქვეშ. სარალიძის თქმით, მათი საქციელი სწორედ ამას ნიშნავდა.

სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. პარლამენტთან აქცია გრძელდება.