დაივიწყეთ "ძლიერების გადარჩენა" - ევოლუცია ყველაზე ზარმაცებს აჯილდოებს
სახეობები, რომლებიც ნაკლებ ენერგიას იყენებენ, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ
დედლაინი ორ დღეშია და თქვენ მუშაობა კვლავაც არ დაგიწყიათ? არ ინერვიულოთ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიზარმაცე და არაფრის კეთება ევოლუციურად წარმატებული სტრატეგიაა, რაც ზოგიერთ სახეობას გადაშენების საფრთხისგან იცავს.
ეს კვლევის მხოლოდ ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მეცნიერებმა 300 სხვადასხვა ტიპის მოლუსკი შეისწავლეს, რომლებიც ატლანტის ოკეანის ფსკერზე ბოლო ხუთი მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც ენერგიის შენახვას უკეთ ახერხებდნენ, გადაშენების რისკს ნაკლებად განიცდიდნენ.
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ლოკოკინები, ხამანწკები და მოლუსკები უფრო მალე კვდებოდნენ, ვიდრე მათი ზარმაცი და ნაკლებად აქტიური ნათესავები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის უკან მდგარი მეცნიერული დაკვირვება მრავალი კომპონენტისგან შედგება, მარტივად რომ ვთქვათ, კვლევა ორგანიზმის მიერ დახარჯული ენერგიისა და სახეობის სიცოცხლისუნარიანობის კავშირზე მიუთითებს.
ალბათ აქამდეც გსმენიათ, რომ ბუნებაში მხოლოდ ის ორგანიზმები გადარჩებიან, რომლებიც გარემოს საუკეთესოდ ერგებიან. ახლა კი შეიძლება ეს უკანასკნელნი ზარმაცებით ჩანაცვლდნენ. "რაც უფრო ნაკლებია მეტაბოლური აქტივობა, მით უფრო მეტია ორგანიზმის გადარჩენის შანსიც," - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ბრიუს ლიბერმენი.
ეს აღმოჩენა სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ დაბალი მეტაბოლიზმის მქონე ორგანიზმებს საკვების მიღების მოთხოვნილება შედარებით ნაკლებად აქვთ, ამის გამო კი მათ საკვების გარკვეული დროით არარსებობა უფრო ადვილად გადააქვთ, ვიდრე იმ ორგანიზმებს, რომლებიც საკვებზე ძლიერ არიან დამოკიდებულნი.
კვლევა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ ივარაუდონ, რომელ ცხოველებს ემუქრებათ გადაშენების საფრთხე კლიმატის ცვლილების პირობებში. ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე კი უნდა გაირკვეს, შეიმჩნევა თუ არა მსგავსი მიმართება მიწაზე მცხოვრებ ორგანიზმებში.
ეს არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ადამიანები ყველაზე წარმატებულები არიან. ჯერჯერობით ეს თეორია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ თავის გასამართლებლად, თუ წყალქვეშ ცხოვრობთ და მოლუსკი ხართ.
კომენტარები