საქართველოს მოლოდინები ნატოს ბრიუსელის სამიტიდან - ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან
12 ივლისს საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს შეხვდება. ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, უკრაინის დელეგაციასთან ერთად გაიმართება.
მოახლოებულ სამიტზე განსახილველ საკითხებზე და ალიანსის მიმართ მოლოდინებზე, On.ge საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა:
10 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე საქართველომ "მტკიცე პირობა" მიიღო ნატოში გაწევრიანებაზე. 2016 წელს კი ვარშავაში ნატომ უსაფრთხოების საკითხებში ინვესტიციების განხორციელება გადაწყვიტა. წელს რატომ არის საქართველოს უშუალო მონაწილეობა სამიტში მნიშვნელოვანი?
წელს მნიშვნელოვანია სამიტში მონაწილეობა იქედან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ის ვალდებულება, რაც აიღეს უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გაფართოების სამიტი, მნიშვნელოვანია, საქართველო წარმოდგენილი იყოს განსაკუთრებული პაკეტებით.
რას ნიშნავს საქართველო-უკრაინის საკითხის ერთობლივად განხილვა?
ამ საკითხს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კონტექსტიც. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ცოტა წინ არის წაწეული ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში, ვიდრე უკრაინა.
გვახსოვს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უკრაინაში საერთოდ გაყინა ნატოსთან ურთიერთობები და უარი თქვა გაწევრიანებაზე. ახალმა ხელისუფლებამ კვლავ აღადგინა კავშირი, თუმცა მაინც ჩამორჩა ამ პროცესებს.
ბუნებრივია, საქართველოს ამბიცია სხვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის გეოპოლიტიკური წონა ევროპული უსაფრთხოების საკითხებში უფრო დიდია, ვიდრე საქართველოსი. ნატოსთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს ორი ქვეყანა შეაწყვილოს, მით უფრო, მათ ბევრი საერთო თვისება აქვთ, მათ შორის მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტები, რუსეთის ჩართულობა ამ კონფლიქტებში. თუ ტენდენციებს დავაკვირდებით, ზოგადად, ნატოს ურჩევნია ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე სახელმწიფო ერთად იყოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გაჩნდა კითხვა, ხომ არ დააზარალებს ეს საქართველოს? მიუხედავად იმისა, რომ ერთ სივრცეში განიხილავენ ორ ქვეყანას, ეს იქნება ორი განსხვავებული საკითხი და საქართველო ვერავითარ ზარალს ვერ მიიღებს, პირიქით უნგრეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გაწევრიანებას.
თქვენ ახსენეთ უარყოფითი კონტექსტიც. რა შეიძლება იყოს?
იგივე არ უნდა განმეორდეს, რაც ვიზალიბერალიზაციის დროს მოხდა. მაშინ საქართველო წინ იყო წასული და ჩვენ მოგვიწია უკრაინისთვის დაცდა, იქედან გამომდინარე, რომ ისინი უკან იყვნენ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ სურდათ ჩვენთვის მოეცათ [უვიზო რეჟიმი] და სურდათ უკრაინა დაგვწეოდა. ამით დაიხარჯა ძალიან დიდი დრო.
ალიანსის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სამმხრივი ფორმატისა (ნატო-უკრაინა-საქართველო), ორ ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმართულებები განსხვავებულია. როგორ ფიქრობთ, რა სტადიაზეა საქართველო და უკრაინა ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში?
ნატოს ექსპერტების აღიარებით, საქართველო მეტნაკლებად მზადაა ალიანსში გასაწევრიანებლად. თუ დავაკვირდებით, ზოგიერთ წევრს არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც საქართველომ გააკეთა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება ორივე შემთხვევაში გეოპოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობას, რომლის გამოც ფერხდება საქართველოს გაწევრიანება, ამ ეტაპზე.
რაც შეეხება უკრაინას, აქ კიდევ ცოტა უფრო რთულადაა საქმე. ცოტა უფრო უკან არიან უკრაინელები ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდნენ და უახლოვდებიან საქართველოს. აქ პრობლემაა ის, რომ თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას, უკრაინაში მთლად ასეთი სიტუაცია არ არის.
ორი წლის წინ, ვარშავის სამიტის ბოლოს, თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მრჩეველმა საგარეო საკითხებში, შოთა ღვინერიამ თქვა, რომ მაპმა საქართველოსთვის ყველანაირი პრაქტიკული დანიშნულება დაკარგა, რადგან საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა წევრობისთვის მოემზადოს. რა შეიძლება მიიღოს საქართველომ მოახლოებული სამიტისგან?
არაერთი განცხადება გავრცელდა ნატოს მხრიდან, რომ საქართველოს "მაპის" გარეშე ნატოში ვერ მიიღებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და უსაფრთხოების საკითხი.
სკეპტიკოსი ქვეყნები ამბობენ: "ჩვენ რომ დღეს მაპი მივცეთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ პერიოდში, 2-3 წლის განმავლობაში, რუსეთი თავს არ დაესხმება საქართველოს და პირიქით, პროვოცირებას არ გაუკეთებს ეს ამ ომს. ასეთ დროს შეიძლება ვერ დავეხმაროთ საქართველოს".
აქ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, რომ საქართველო განიხილება, როგორც კანდიდატი ქვეყანა. მასთან კიდევ უნდა გააფართოვონ უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ფორმატები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ უფრო საქართველოსი მეტი ინტეგრაცია მოხდეს ნატოს სტრუქტურებში. ეს არის ყველაზე რეალური, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება უფრო მეტს ველოდებით [სამიტისგან], ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს.
წელს სამიტზე მაკედონიის ალიანსში გაწევრიანებისთვის, მოწვევის პროცედურა შესაძლოა დაიწყოს. გასულ წელს მონტენეგრო გახდა ნატოს წევრი. კანდიდატი სახელმწიფოა კიდევ ერთი ბალკანური ქვეყანა, ბოსნია-ჰერცოგოვინა. რამდენად შეიძლება ეს მომავალში აღმოსავლეთით გაფართოების საფუძველი გახდეს?
ბალკანეთის საკითხი უფრო ევროკავშირთან ინტეგრაციაზეა მიბმული, ვიდრე ნატოსთან. აქ ძირითადი მაინც რუსეთის საკითხია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის კონფლიქტის გარშემო? რა მოხდება რუსეთში? მთელი ძალისხმევა მიმართულია იქეთ, რომ წევრი სახელმწიფოების, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება უზრუნველყონ.
მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, არც წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა არაა იმის მომხრე, რომ პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდეს ბირთვულ სახელმწიფოსთან - რუსეთთან, თუნდაც საქართველოსა და უკრაინის გამო. იმისათვის, რომ ეს საკითხი მომწიფდეს, საჭიროა გარკვეული ცვლილება. გეოპოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ახლა არსებობს, არ უწყობს ხელს ამ ყველაფერს. ალბათ, მთავარია საქართველო უფრო მზად იყოს, ყველა ვალდებულება რაც მას აქვს, სამხედრო იქნება, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით, შესრულებული იყოს. როცა გაჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა, აი, მაშინ არავის უნდა ჰქონდეს შეკითხვა, საქართველო მივიღო, თუ არა?
ბევრი შეკითხვა ჩნდება დემოკრატიისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუნდაც, ბოლოდროინდელი მოვლენები, რაც იყო. თუკი საქართველოს უნდა რომ გახდეს, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, არ შეიძლება 10 000 კაცი შეიკრიბოს, გაბრაზებულმა ხალხმა შეცვალოს [მთავრობა] და რევოლუციები ხდებოდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. ეს არამდგრადი დემოკრატიაა.
საქართველოში უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია, რასაც ისინი [ალიანსის ლიდერები] ვერ ხედავენ ახლა. ესეც დამატებით ხელისშემშლელი ფაქტორია. არავის არ სურს ასეთი წევრი სახელმწიფო. ამის მაგალითია თურქეთი და უნგრეთი. არავის სურს კიდევ ერთი მოუმწიფებელი დემოკრატია მიიღონ და შემდეგ ინანონ.
დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა ერთობლივ დეკლარაციაზე მოეწერა ხელი, დროზე ადრე დატოვა სამიტი, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად გაემგზავრა. წელს ნატოს სამიტის შემდეგ დაგეგმილია ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ჰელსინკიში. აქვს თუ არა ფაქტების ასეთ დამთხვევას რაიმე მნიშვნელობა?
ტრამპის საგარეო პოლიტიკა და მისი პიროვნება ძალიან განსხვავებულია და მას ახასიათებს არასტანდარტული ქცევა. ამას ეჩვევიან კიდეც მისი პარტნიორები. რაც შეეხება ჰელსინკის შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ რუსული დიპლომატია ელოდება, რომ ტრამპი მზად იქნება გარკვეული გარიგება შესთავაზოს რუსეთს გავლენის სფეროების შესახებ, ეს არამგონია. ამასთან, ტრამპი არის პიროვნება, რომელსაც ჯერ ცუდი ვერ დააცდენინეს პუტინზე. შეერთებული შტატები არ არის მხოლოდ პრეზიდენტი, იქაა ინსტიტუტები და არამგონია, რომ "იალტა 2-ის" ტიპის გარიგება მოხდეს. ამ შეხვედრაზე მხარეები გარკვეულწილად გაარკვევენ, სად არის მათი პოზიციები საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის: სირიის, უკრაინის, პოსტსაბჭოთა სივრცის, სხვადასხვა გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით. შემდეგი შეხვედრისთვის ამან უნდა მოამზადოს საფუძველი, რათა შედგეს კონკრეტული საუბრები კონკრეტული თემატიკის გარშემო. მაგალითად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, როცა სირიაზე შეიძლება მოიძებნოს შეხების წერტილები. მიუხედავად იმისა, რომ ის კეთილგანწყობილია პუტინის მიმართ, ამერიკისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის.
წევრი ქვეყნების მიერ ნატოში თავდაცვის გაძლიერება ბრიუსელის სამიტზე აშშ-ს მთავარი მოთხოვნა იქნება. რამდენად შექმნის ეს საკითხი უთანხმოებას ალიანსის შიგნით?
ეს ახალი არ არის. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, ის ამას ითხოვს და ამაში ლოგიკა არის. შეერთებული შტატები გაიღებს ნატოს მთელი ხარჯების 70%-ს. ეს არის წარმოუდგენელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ევროკავშირთან მას სავაჭრო დეფიციტი აქვს.
ზოგიერთ სახელმწიფოს, მაგალითად, გერმანიას არ აქვს ის 2% გადახდილი და რაც მთავარია, ისინი ბოროტად სარგებლობენ. არ შეიძლება ყოველთვის ამერიკის იმედზე იყო. თუ პარტნიორები და თანასწორუფლებიანები არიან, ყველამ უნდა გაიღოს ერთობლივად და ერთობლივი ხედვა უნდა არსებობდეს.
ეს შეხედულებები ტრამპის შეხედულებები კი არ არის, არამედ მისი ამომრჩევლის, რომელმაც სწორედ ამ ლოზუნგების გამო აირჩია. ობამასგან განსხვავებით, ტრამპი არ ერიდება და პირდაპირ ამბობს: "თუ თქვენ არ... მაშინ ჩვენც სხვანაირად მოვიქცევით". მას არ მოსწონს მულტილატერული შეთანხმებები, აქედან გამომდინარე, მას სულ არ აინტერესებს, რა საერთაშორისო რეაქცია მოყვება ამას და რას იტყვიან, მაგალითად, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი. მას აინტერესებს ამ შეხედულების შესახებ რას იტყვის ამერიკელი ამომრჩეველი, რომელიც მას აირჩევს. ის ამისთვის ემზადება და მისთვის მნიშვნელოვანია შეასრულოს დაპირებების ნაწილი მაინც, რომ მათი დასაქმების ხარისხი გაიზრდება, რომ არ მოხდება ამერიკის ხარჯზე სხვების უსაფრთხოება და რომ მხოლოდ ამერიკა არ იქნება "მეწველი ძროხა".
კომენტარები