საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბი საქართველოში, კვირას, 6 მაისს, 14:00 საათზე დიღმის იზოლატორთან მშვიდობიან აქციას გამართავს მოთხოვნით: აყურებინეთ იაგოს კლასიკო!

აქციის ორგანიზატორები ფეისბუქში წერენ, რომ კვირას სუპერკლასიკოა. ბარსელონას ფანკლუბის მეგობარი და "ბარსას თავგადაკლული გულშემატკივარი იაგო ხვიჩია კი 10 დღითაა დაპატიმრებული".

"მივცეთ იაგოს უფლება, უყუროს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს, მისი საყვარელი ფეხბურთელის ანდრეს ინიესტას უკანასკნელ კლასიკოს", - ნათქვამია აქციის აღწერაში.

On.ge-ს გირჩის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აქციას გირჩის წევრებიც შეუერთდებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.