როგორ იქმნებოდა ფესტივალი, რომელმაც საქართველოში მუსიკის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა
უკვე რამდენიმე წელია მუსიკის ქართველი მოყვარულები გაზაფხულის დადგომას მოუთმენლად ელიან, თუმცა ამის მიზეზი არამხოლოდ მზიანი დღეები, არამედ Tbilisi Open Air-ის ლაინაფის გამოცხადებაა. არადა, სულ რამდენიმე წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვიდოდნენ და ათასობით ადამიანისთვის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებდნენ.
Tbilisi Open Air-ის ისტორია 2009 წელს დაიწყო. ფესტივალის შექმნის იდეა უცნაურად დაიბადა. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს პროტესტის გრძნობამ გადააწყვეტინა, რომ რაღაც ახალი და დიდი დაეწყოთ. ფესტივალის სლოგანი "მუსიკა ათავისუფლებს" ამ სულისკვეთების ნაწილია. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა საქართველოში ახალი მუსიკალური ტალღა დაიწყო. ადამიანები აქტიურად ქმნიდნენ ჯგუფებს, წერდნენ სიმღერებს, გამოდიოდნენ ქუჩაში და გამვლელებისთვის მღეროდნენ. მაშინ არ არსებობდა სცენა, სადაც მათ მოხვედრის შანსი ექნებოდათ. მოგვიანებით, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, კარგად გამოჩნდა, თუ რაოდენ ნიჭიერი შემსრულებლების დაკარგვის წინაშე იყო ქართული მუსიკალური სამყარო.
ასე გაჩნდა ფესტივალის შექმნის კონცეფცია. პირველ წელს პატარა მუსიკალურმა ფესტივალმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და მოულოდნელად ძალიან ბევრი მსმენელი მოიზიდა. პირველი ფესტივალი უფასო იყო და ის ძველ იპოდრომზე ჩატარდა. ფესტივალმა ქართველ მუსიკოსებს საშუალება მისცა მათი მოღვაწეობა ქუჩებიდან ნამდვილ მუსიკალურ სცენაზე გაგრძელებულიყო. ისინი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ათასობით ადამიანისთვის მღეროდნენ. ქართულმა სცენამ, ნელნელა, გამოღვიძება დაიწყო. ფესტივალი მთავარი სტუმრები იმ წელს Transglobal Underground, The Dhol Foundation, Jazzanova და Fred Falke იყვნენ. მათ მოსასმენად ფესტივალს თითქმის 70 000 ადამიანი დაესწრო.
წარმატებული დებიუტის შემდეგ, Tbilisi Open Air-ის პროგრესი არ ჩერდება. ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ქართველებისთვის უკვე ტრადიციაა, რომ ყოველი ზაფხულის მინიმუმ სამი დღე სწორედ Open Air-ზე უნდა გაატარონ.
2010 წელს ფესტივალმა ზუგდიდში გადაინაცვლა და სამეგრელოს ყველაზე დიდ ქალაქში ნამდვილი ცეცხლი დაანთო. ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უცხოელი მუსიკოსებიც უკრავდნენ. თუკი ამ ფესტივალს ესწრებოდით, შეუძლებელია არ გახსოვდეთ რამდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ზუგდიდში ჩატარებულმა კონცერტებმა.
ფესტივალი სწრაფად ვითარდებოდა. 2011 წელს Tbilisi Open Air-მა კვლავ თბილისში, ძველ იპოდრომზე გადმოინაცვლა. ამ დროს ფესტივალს უკვე ეტყობოდა ორწლიანი გამოცდილება და ის ხარვეზები, რომელიც წარსულში ჰქონდა, თითქმის აღმოფხვრილი იყო. ფესტივალზე იზრდებოდა უცხოელი და ქართველი მუსიკოსების რიცხვი, ემატებოდა სცენები, მსმენელები და გულშემატკივრები.
2012 წელს ფესტივალმა Tbilisi Valley-ზე გადაინაცვლა. ის 2 და 3 ივნისს ჩატარდა. ამ დროისთვის ფესტივალს სახელი უკვე მოხვეჭილი ჰქონდა და მისგან მხოლოდ საუკეთესოს ელოდნენ. მოლოდინები, როგორც ყოველთვის, გამართლდა და მსმენელებმა ორდღიანი ფესტივალისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეს. მაშინ Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი ყველასთვის კარგად ნაცნობი DDT იყო.
2013 წელი ფესტივალის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ Tbilisi Open Air-ი ერთდღიანი იყო და რეკრეაციული ზონისგან შორს, დინამო არენაზე ჩატარდა, მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის მიზეზი ფესტივალის ჰედლაინერი გახდა. თბილისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ბენდი, ყველასათვის კარგად ნაცნობი Deep Purple ეწვია. ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა თბილისის მთავარ სტადიონზე შეკრებილ მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. იმ ადამიანებს, ვინც ამ კონცერტს ესწრებოდა, შექმნილი შთაბეჭდილება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ.
Deep Purple-ს სტუმრობამ Tbilisi Open Air-ის შემქმნელები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ძალიან რთულია ყოველწელს ისეთი მუსიკოსების ჩამოყვანა, როგორიც იან გილანი და მისი ჯგუფის წევრები არიან. მოლოდინი ძალიან მაღალი იყო, ყველა ელოდა, რომ ფესტივალს კიდევ უფრო დიდი ვარსკვლავები ეწვეოდნენ, თუმცა ფესტივალის გულშემატკივრებს 2014 წლის ლაინაფმა შედარებით იმედი გაუცრუა. ყველა ფიქრობდა, რომ ალტერვიჟენის ჯგუფმა ვერ შეძლო გამოწვევებისთვის სათანადო პასუხის გაცემა, თუმცა მოგვიანებით, მსმენელები საპირისპიროში დარწმუნდნენ.
2014 წელს გაიზარდა ფესტივალის დღეების რაოდენობა და ის ორის ნაცვლად, სამი დღის განმავლობაში, 6-დან 8 ივნისის ჩათვლით ტარდებოდა. ჰედლაინერებს შორის იყვნენ ნინო ქათამაძე & INSIGHT, Lapalux, Chinawoman, Alina Orlova და სხვ. ამავე ფესტივალზე, ქართველ მუსიკოსებს ნამდვილი ბენეფისი ჰქონდათ. სცენაზე გამოჩნდნენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ჯგუფი არა, Loudspeakers, The Pulse, Kung Fu Junkie და სხვ.
2014 წლის ფესტივალმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე, თუმცა 2015 წელი ფესტივალის ისტორიაში საუკეთესო იყო. ალტერვიჟენის სამუშაო ჯგუფმა ისეთი მუსიკოსების ჩამოყვანა მოახერხა, მსოფლიოს ნებისმიერ ფესტივალს რომ დაამშვენებდნენ. კრიტიკა, რომელიც 2013 წელს გაჩნდა, აღარავის ახსოვდა. ფესტივალმა დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად კონკურენტუნარიანია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. შეიცვალა ფესტივალის ლოკაციაც და ის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხუთი დღის განმავლობაში ტარდებოდა. ჰედლაინერებს შორის იყვნენ: Zemfira, Archive, Black Label Society, Beth Hart და Placebo. ფესტივალის სცენაზე ვარსკვლავთცვენა იყო, თუმცა მათ გვერდით არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი მღეროდა: Kill it Kid, Soap&Skin, The Bambir და სხვ.
თამასამ ძალიან მაღლა აიწია. Tbilisi Open Air 2015-ის გახსენებისას, ახლაც ჟრუანტელი მივლის და მე არ ვარ ერთადერთი, ვისთვისაც ის წელი განსაკუთრებული იყო. სწორედ ამის გამო, ფესტივალის მიმართ მოლოდინი გაიზარდა. ყველა ელის, რომ წლიდან წლამდე Open Air უფრო და უფრო დაუვიწყარი გახდება.
ალტერვიჟენ ჯგუფმა მსმენელებს იმედები არც 2016 წელს გაუცრუა. Tbilisi Open Air 2016-ს ისეთი მუსიკოსები და ჯგუფები ეწვივნენ, როგორებიც არიან: Air, Steve Vai, Damien Rice, Morcheeba, Unkle, Tricky, Blue Foundation, Motorama, Moodyman, Adriatique და მრავალი სხვა. ამავე წელს, ფესტივალმა კვლავ შეიცვალა ადგილმდებარეობა და Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დაიდო ბინა.
2017 წელი კვლავ მოლოდინების წელი იყო. ლაინაფის გამოცხადებას ყველანი მოუთმენლად ველოდით და აღმოჩნდა, რომ მოლოდინი ფუჭი არ იყო. გასულ წელს ფესტივალს ჰედლაინერებად Archive, Anathema და Leningrad-ი ეწვივნენ. მათ გარდა, სცენაზე გამოჩნდა Sevdaliza, რომელიც მსოფლიო მუსიკის ამომავალი ვარსკვლავია და მას დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებენ. დიდი ხნის შემდეგ, სცენას დაუბრუნდა Soft Eject-იც, რომელმაც ქართველ მსმენელებს ნამდვილი ქართული მუსიკის სული გაახსენა. 2017 წლის Open Air-ი თავისუფლების, გართობისა და სიამოვნების წელიწადი აღმოჩნდა. ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ქართველების მუსიკალური პულსი ყოველთვის კარგად ესმის.
2009 წელს დაწყებული ისტორია ცხრა წლის შემდეგაც გრძელდება და 2018 წლის ივნისში ოფენ ეარი არაერთ წარმატებულ მუსიკოსს უმასპინძლებს. დაბრკოლებებითა და გამოწვევებით სავსე გზაზე, ფესტივალი ყოველთვის ცდილობს განვითარდეს და ქართველ მსმენელებს წლიდან-წლამდე ცნობილი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრების საშუალება მისცეს. 22, 23 და 24 ივნისს, Lisi Wonderland-ზე, ფესტივალის ყველა სცენაზე არაერთი ვარსკვლავი ავა. 2018 წლის მთავარი ჰედლაინერები ტომ ოდელი, Roisin Muprhy და Kayakata იქნებიან. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ჰედლაინერად ქართველი მუსიკოსიც იქნება წარმოდგენილი. Kayakata-მ საქართველოში ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მის კონცერტებზე ათასობით ადამიანი დადის.
ტომ ოდელი ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსია, რომელსაც საქართველოში უამრავი მსმენელი ყავს. მისი ჰედლაინერობა ფესტივალისთვის კიდევ ერთი ახალი სიტყვაა და მომავალი წლისთვის ახალ მოლიდინებს უკვე აჩენს.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუმარი Rachel Yamagata იქნება, რომლის მუსიკა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ჰიტი, რომელსაც Over and Over ქვია. რეიჩელ იამაგატა 23 ივნისს, მთავარ სცენაზე იმღერებს.
Tbilisi Open Air-მა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე 2017 წლის საუკეთესო ფესტივალის/ღონისძიების ჯილდოც მიიღო, რაც მისი მორიგი აღიარებაა.
2018 წლის ლაინაფისა და ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია Tbilisi Open Air-ის ფეისბუქ გვერდზე ან ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.
ფესტივალის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა თიბისი ბანკმაც. ალბათ Lisi Wonderland-ის ულამაზეს ტერიტორიაზე ხშირად შეგიმჩნევიათ ტრაფარეტი, რომელსაც #გამარჯობა აწერია. ეს და სხვა პროექტები, რომელსაც თიბისი ბანკი ახორციელებს, Tbilisi Open Air-ის განიყოფელი ნაწილია.
Tbilisi Newcomers
Tbilisi Open Air-ის კიდევ ერთი პროექტია Tbilisi Newcomers-ი, რომელიც ქართველ მუსიკოსებს შანსს აძლევს ფესტივალზე მოხვდნენ და მსმენელების წინაშე საკუთარი მუსიკა დაუკრან. Newcomers-ი წელსაც ტარდება და საუკეთესო ჯგუფები 2018 წლის ლაინაფშიც მოხვდებიან.
გავიხსენოთ, როგორი იყო Tbilisi Open Air 2017:
დისკუსია: Tbilisi Open Air-ის ისტორიიდან, რომელ საფესტივალო წელს გამოარჩევდით?