ზოგიერთი ბუს ფრთები ვარდისფრად ანათებს, მაგრამ რატომ? — ახალი კვლევა

ფოტო: Getty Images
ოლოლი, იგივე ყურებიანი ბუ, ბუმბულების გასაოცარი ე.წ. თევზიფხური განლაგებით გამოირჩევა, რომელიც ბუნებაში კამუფლაჟში ეხმარება. ამის მიუხედავად, მას ერთი საინტერესო თვისება მარტივად შესამჩნევს ხდის — ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ფრთები ვარდისფრად უნათებს.
2020 წლის გაზაფხულზე მიჩიგანის ზედა ნახევარკუნძულის თავზე ამ ბუების გადაფრენისას მეცნიერებმა 99 მათგანის შიდა მომცრო ბუმბულები შეაგროვეს. მათ სურდათ, ფრინველთა ვარდისფერი ფლუორესცენციის საიდუმლო ამოეხსნათ. საქმე ისაა, რომ, ადამიანისგან განსხვავებით, თავად ბუებს მსგავსი ნათების დანახვა შეუძლიათ. ასეთ ელვარებას სინათლის მიმართ მგრძნობიარე პიგმენტი წარმოქმნის, რომელსაც პორფირინი ეწოდება. ულტრაიისფერ სპექტრს ამ სახეობისთვის საშიში ძუძუმწოვრებიც ვერ აღიქვამენ. შესაბამისად, შესაძლებელია, ეს ბუებს ერთმანეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეხმარებოდეს.
საინტერესოა, რომ პორფირინი მზის სხივებთან ხანგრძლივი ურთიერთქმედების გამო დეგრადაციას განიცდის. ეს ნიშნავს, რომ ბუებში ბუმბულების გამოცვლის პარალელურად ნათებაც იკლებს.
ცნობილია, რომ ფრინველთა ასაკის, სექსისა და ზომის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბუმბულების სხვა პიგმენტებიც იძლევა. მაგალითად, ოლოლების სქესის განსაზღვრა ბუმბულების მუქი (მდედრი) ან ღია (მამრი) შეფერილობის მიხედვითაა შესაძლებელი, მაგრამ არსებობს გარდამავალი იერიც, რომელიც დასკვნის გამოტანას ართულებს.
მაშ, რას ემსახურება ვარდისფერი ნათება?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შედარებით ხნიერი ოლოლების ბუმბულები უფრო მეტ ფლუორესცენციურ პიგმენტებს შეიცავდა. ასევე, მუქად შეფერილ მდედრებში მეტად შესამჩნევი იყო, ვიდრე მამრებში. ახალგაზრდა ბუებსა და ღია შეფერილობის ბუებში ძლიერი პიგმენტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვლინდა, როცა ფრინველთა მასა დიდი იყო.
მკვლევრების აზრით, ეს მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, პიგმენტები ოლოლების ჯანმრთელობის შესახებ "გულწრფელ სიგნალს" იძლეოდეს და სქესობრივ სელექციას ემსახურებოდეს. ეს იმიტომ, რომ ნათების პირდაპირ დანახვა ფრენის გარდა სწორედ მაშინაა შესაძლებელი, როცა მამრი მდედრის მიზიდვას ცდილობს.
ეს მაინც არ ხსნის იმას, თუ რატომ აქვთ მდედრებს უფრო კაშკაშა ფრთები.
"ეს მახასიათებელი მკაცრ ორგვარობას არ მიჰყვება — ამ ბუებში ფლუორესცენციური პიგმენტები წარმოდგენილია დიაპაზონში, რომელშიც პიგმენტების რაოდენობა ზომასთან, ასაკთან და სქესთან ერთობლივადაა დაკავშირებული", — აცხადებენ ავტორები.
ისინი ფიქრობენ, რომ პიგმენტაციის სხვაობას რაღაც სხვა შეიძლება განსაზღვრავდეს: თერმორეგულაცია. ვიცით, რომ კვერცხის ნაჭუჭში ასეთი პიგმენტების არსებობა სითბოს კონტროლს ამარტივებს, რადგან ინფრაწითელ გამოსხივებას ირეკლავს. შესაბამისად, შესაძლებელია, მდედრ ოლოლებშიც იმავე ფუნქციას ასრულებდეს და დაბუდებისას სითბოს დაკარგვას უშლიდეს ხელს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Wilson Journal of Ornithology გამოქვეყნდა.
კომენტარები