ალექსანდრე მაკედონელმა არაერთი მკვლევრისა თუ ისტორიის მოყვარულის გონება დაიპყრო. იგი იყო ყველაზე წარმატებული სამხედრო ტაქტიკოსი, რომელსაც არასდროს წაუგია ბრძოლა და რომლის იმპერია საბერძნეთიდან ინდოეთამდე ვრცელდებოდა. მიუხედავად მისი უდიდესი მემკვიდრეობისა, მისი საფლავისა და სხეულის მდებარეობა დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოა.

ეგვიპტოლოგი კრისტიან დე ვარტავანი თავის წიგნში "ალექსანდრე მაკედონელის საფლავისა და სხეულის ძიება", ახალ თეორიებს გვთავაზობს. დოქტორი კრისტიან დე ვარტავანი სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები მოიპოვა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1988 წელს, მსოფლიო აღიარება მოიპოვა ეგვიპტოლოგიაში, როდესაც კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღებში აღმოაჩინა ტუტანხამონის სამარხიდან დაკარგული მცენარეული მასალა. დე ვარტავანის კვლევა ეგვიპტოლოგიაში იმდენად აღიარებულია, რომ მისი ნაშრომები ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში შეიტანეს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში და ახლა ოქსფორდის უნივერსიტეტის გრიფიტის ინსტიტუტში ინახება. მისი ოჯახი 1903 წლიდან 1992 წლამდე ალექსანდრიაში ცხოვრობდა, სადაც დოქტორმა დე ვარტავანმა ახალგაზრდობის ნაწილი გაატარა. მისი ინტერესი ალექსანდრესადმი სწორედ ალექსანდრიაში ცხოვრებისას გაღვივდა.

"იმ დროს, ალექსანდრე მაკედონელის საფლავის თემა ისეთი საკითხი იყო, რომელსაც მხოლოდ ალექსანდრიის ყველაზე განათლებული ოჯახები თუ განიხილავდნენ. ჩემი ოჯახის ინტერესი ალექსანდრეს მიმართ, ჩემი ბაბუით დაიწყო. მოგვიანებით, როცა ეგვიპტოლოგი გავხდი, მამამ ჩემი ყურადღება ამ პრობლემაზე გაამახვილა — ალექსანდრეს საფლავი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი და დღემდე ოფიციალურად არ დასტურდება მისი აღმოჩენა", — აცხადებს დოქტორი დე ვარტავანი ინტერვიუში.

ალექსანდრე III ბაბილონში ძვ.წ. 323 წელს მოკვდა. მისი სხეულის ბალზამირების პროცესის შემდეგ მის გადასვენებას გეგმავდნენ, მაგრამ პტოლემე I-მა მოითხოვა მისი ჯერ მემფისში, შემდეგ კი მის დაარსებულ ალექსანდრიაში გადასვენება. ტრადიციის მიხედვით, ქალაქის დამაარსებლებს გზაჯვარედინზე კრძალავდნენ და ალექსანდრეს საფლავიც ქალაქის ცენტრში იყო განთავსებული.

ალექსანდრე მაკედონელის სამგლოვიარო მსვლელობა, ავტორი მ. სენტ-კრუა, 1810 წელი.

ფოტო: British Library

დროთა განმავლობაში, საფლავი აღმოსავლეთით გადაიტანეს, ე.წ. ალებასტრის საფლავის ადგილას. დე ვარტავანის მოსაზრებით, სხეული თავდაპირველად იქ უნდა ყოფილიყო, სადაც დღეს ნაბი დანიელის მეჩეთი მდებარეობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაკედონელი ისლამში საკმაოდ დაფასებული ფიგურაა. საინტერესოა, რომ ისლამურ ტრადიციაში ალექსანდრე ცნობილია როგორც ზულ-ქარნაინი ("ორქორბიანი"), ანუ ბრძენი წინასწარმეტყველი, რომლის მეჩეთში დაკრძალვაც ნამდვილად არ იყო გამორიცხული.

მაჰმუდ ბეის მიხედვით შექმნილი ალექსანდრიის უძველესი რუკა, 1885.

ფოტო: Rice University, Houston

მიიჩნევა, რომ ამ მეჩეთში დაკრძალულები არიან წინასწარმეტყველები დანიელი და ლუკმანი. დე ვარტავანი მისმა კვლევამ მიიყვანა მე-9 საუკუნის არაბულ წყარომდე, სახელწოდებით ქითაბ ალ-თიჯან ("გვირგვინების წიგნი"), რომელიც 1928 წელს ინდოეთში გამოიცა. ამ ხელნაწერში სამივე ფიგურა — დანიელი, ლუკმანი და ალექსანდრე — ბრძენ წინასწარმეტყველებად არიან მოხსენიებულნი, რაც იმას მიანიშნებს, რომ მეჩეთის მდებარეობა შემთხვევითი არ არის. საინტერესოა, რომ მეჩეთის ქვეშ არსებული უძველესი წყალსაცავი არასოდეს ყოფილა სათანადოდ გათხრილი, რაც შესაძლებლობას ღიად ტოვებს. ნუთუ პასუხი სწორედ იქ იმალება? სამწუხაროდ, როგორც დოქტორი დე ვარტავანი აღნიშნავს, იქ გათხრების ჩატარება უკიდურესად რთული იქნება, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებართვის მიღების სირთულის გამო.

დე ვარტავანის წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჰიპოთეზა ბიზანტიური ტრადიციიდან მომდინარეობს. საბერძნეთში, მონასტრების ფრესკებზე, გამოსახულია უდაბნოს ბერი, სიზოე დიდი, რომელიც IV საუკუნეში ალექსანდრეს ნეშტს უდაბნოში პოულობს. იმ დროს ალექსანდრესგან მხოლოდ ჩონჩხიღა იყო დარჩენილი.

წმინდა სიზოე დიდი ალექსანდრე მაკედონელის საფლავთან, XVI საუკუნე

ფოტო: Varlaam Monastery, Meteora / Wikimedia Commons

დოქტორ დე ვარტავანის აზრით, ეს შეიძლება უბრალო ლეგენდა არ იყოს. ქრისტიანობის პერიოდის დასაწყისში, როდესაც ალექსანდრიაში წარმართული ნაგებობების განადგურება მიმდინარეობდა, ალექსანდრეს სხეული შეიძლება მონასტერში გადაეტანათ — ყველაზე დიდი ალბათობით წმინდა ანტონის მონასტერში, ეგვიპტის აღმოსავლეთით, სადაც სიზოე ცხოვრობდა. ამის დასადგენად საჭიროა დავუბრუნდეთ სიზოეს ისტორიის პირველსაწყის ტექსტს, კოპტურ წყაროს. საჭიროა ამ ტექსტის დამატებითი კვლევა, რამაც შესაძლოა ალექსანდრეს სხეულის ადგილსამყოფლის დამატებითი მტკიცებულება მოგვცეს. დოქტორ დე ვარტავანის აზრით, აქ უკვე ბერძნულმა ხელისუფლებამ უნდა ითამაშოს დიდი როლი.

ალექსანდრეს სხეულის პოვნა ურთულესი, შეიძლება ითქვას თითქმის შეუძლებელი ამოცანაა, მაგრამ ძიება შორს არის დასრულებისგან. თუ ალექსანდრეს ჩონჩხი ოდესმე მოიძებნება, მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება როგორც ბრძოლის დაზიანებებით, ასევე მამამისის, ფილიპე II-ის გენეტიკურ ანალიზთან შედარებით. დე ვარტავანის თქმით, მისი პოვნის შანსი ერთია ათასიდან, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.