Boston Dynamics-ის შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი — ატლასი, 2013 წლიდან მოყოლებული, არ წყვეტს ჩვენს გაოცებას. მისი უნიკალური შესაძლებლობებითა და უნარებით, იგი რობოტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნეოდა. ახლა კი, აპარატული და პროგრამული ნაწილების გაუმჯობესებით, ატლასმა ახალ სიმაღლეს — ავტონომიას — მიაღწია და უკვე შეუძლია, კონტროლისა და წინასწარი დაპროგრამების გარეშე, დამოუკიდებლად დავალებების შესრულება.

წლების განმავლობაში, ატლასმა მრავალი განახლებისა და გაუმჯობესების პროცესი გაიარა, რამაც იგი ნაწილობრივ ჰიდრავლიკური რობოტიდან, სრულად ელექტროდ აქცია. ამ ცვლილებამ, იგი უფრო მოქნილი და ეფექტური გახადა, მაგრამ უკანასკნელი განახლებით, კომპანიამ არამარტო რობოტის დიზაინის გაუმჯობესება, არამედ მისი სრულად დამოუკიდებელ "არსებად" ქცევაც მოახერხა.

ასევე, იხილეთ: ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა

ტესტირების პროცესისას, ატლასს სამუშაო დეტალების კონკრეტულ ადგილას მიტანა დაევალა. რობოტმა მარტივი ინსტრუქციების მიღების შემდეგ, მოახერხა დავალების ბრწყინვალედ შესრულება. ყველაზე გასაოცარი ის ფაქტია, რომ ატლასი არ იყო წინასწარ დაპროგრამებული ამ დავალების შესასრულებლად — ჰუმანოიდმა რობოტმა ყველა გადაწყვეტილება გარემო პირობებზე დაყრდნობით, სრულად დამოუკიდებლად მიიღო.

Boston Dynamics-მა განაცხადა, რომ ატლასი ყველანაირი ჩარევისა თუ მაკონტროლებელი მოწყობილობების გარეშე ფუნქციონირებს. Tesla Optimus-ის მსგავსი რობოტებისგან განსხვავებით, ატლასს დამოუკიდებლად შეუძლია "აზროვნება" და სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დიდი ნაბიჯი რობოტიკაში, რადგან ატლასს, არამარტო დავალების მიღება, არამედ მისი მოფიქრებაც შეუძლია.

Boston Dynamics-ის გენერალური დირექტორი რობერტ პლეიტერი

ფოტო: Boston Dynamics/IEEE Spectrum

ამ დონის ავტონომია, რობოტებისათვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს, განსაკუთრებით რთულ გარემოში ფუნქციონირებისას. მათი ნავიგაციისა და ადაპტაციის უნარებით, ატლასი მალე გამოსადეგი ქმნილება გახდება უამრავი დარგისთვის, ინდუსტრიულ პროცესებში მონაწილეობიდან, უფრო რთულ მისიებამდე.

ატლასის ბოლო საჯარო ტესტირების შემდეგ, ცნობილი გახდა ინფორმაცია Boston Dynamics-ისა და Toyota Research Institute (TRI)-ის პარტნიორობის შესახებ. Boston Dynamics-ის გენერალური დირექტორის, რობერტ პლეიტერის თქმით, ამ კოლაბორაციის მიზანი მსოფლიოში რობოტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვა და ჰუმანოიდი ინტელექტის განვითარებაა.

Boston Dynamics აერთიანებს დახვეწილ დიზაინსა და მანქანურ სწავლებას, რითაც ამ სფეროში ახალ სტანდარტებს ადგენს. ატლასი ფიზიკურად შთამბეჭდავი მანქანიდან მომავლის სიმბოლოდ გადაიქცა. Toyota-სთან პარტნიორობითა და ამ სფეროს აქტიური განვითარებით, ჰუმანოიდი რობოტები მალე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.