წვეულება ჯუნგლებში — მკვლევრებმა აღბეჭდეს, თუ როგორ იღებენ შიმპანზეები ალკოჰოლს

ფოტო: University of Exeter
აფრიკაში კამერებმა აღბეჭდა, თუ როგორ მიირთმევენ ველური შიმპანზეები ალკოჰოლის შემცველ ფერმენტირებულ ხილს.
ალკოჰოლს ადამიანი უკვე დიდი ხანია რაც მოიხმარს, მაგრამ ეს შეიძლება ბევრად უფრო ადრე დაგვეწყო, ვიდრე აქამდე გვეგონა. მეტიც, შესაძლოა, საერთოდაც ალკოჰოლს ჩვენი უძველესი წინაპრებიც იღებდნენ, ჰომო საპიენსის ჩამოყალიბებამდე. ამაზე მიუთითებს ბოლო დაკვირვება, რის მიხედვითაც, ალკოჰოლს ჩვენი შორეული ნათესავებიც მოიხმარენ.
"ადამიანების შემთხვევაში ალკოჰოლი ხელს უწყობს სოციალური კავშირების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. ახლა, როდესაც ვიცით, რომ ველური შიმპანზეები ეთანოლის შემცველ ხილს ჭამენ, კითხვა ასეთია: შესაძლებელია თუ არა, რომ მათაც მსგავსი სარგებელი მიიღონ?", — ამბობს დიდი ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი ანა ბოულენდი.
ბოულენდმა და მისმა კოლეგებმა დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და აშშ-დან დასავლური შიმპანზეები (Pan troglodytes verus) შეისწავლეს, რომლებიც გვინეა-ბისაუს კანტანჰესის ეროვნულ პარკში ბინადრობენ.
კადრებში ჩანს, რომ შიმპანზეები არა მხოლოდ ფერმენტირებული აფრიკული პურის ხილით (Treculia africana) იკვებებოდნენ, არამედ უზიარებდნენ კიდევაც მას ერთმანეთს. მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ კონკრეტული ხილი ეთანოლს შეიცავდა.
ადამიანებს ალკოჰოლის დალევისა და გაზიარების დიდი ისტორია აქვთ, ხელოვნურად ფერმენტირებული სასმელების არსებობის მტკიცებულებები კი, სულ მცირე, ნეოლითის ხანიდან მომდინარეობს.
სავარაუდოდ, ადამიანებმა ალკოჰოლური სასმელების დამზადების დაწყებამდე მისი მიღება ბუნებრივად ფერმენტირებული ხილიდან დაიწყეს. დაახლოებით ისე, როგორც ამას ახლა შიმპანზეები შვრებიან.
"ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებში ალკოჰოლის მიღება დოფამინისა და ენდორფინის გამოყოფას იწვევს, ეს ბედნიერებისა და მოდუნების შეგრძნებასთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ბოულენდი.
მკვლევრებმა ჯერ არ იციან, რამდენად შეგნებულად ეძებენ შიმპანზეები ალკოჰოლის შემცველ ხილს. კადრებში 10 ცალკეული შემთხვევაა აღბეჭდილი, რომელშიც მთლიანობაში 17 შიმპანზე ფიგურირებს. მათ შორის არიან ორივე სქესის წარმომადგენლები და ასაკობრივი სხვაობაც ფიგურირებს.
ტესტირებამ აჩვენა, რომ გაზიარებული ხილის 90% მოხმარების დროს შეიცავდა ეთანოლს. მისი შემცველობა მთლიანი მოცულობიდან 0.01-დან 0.6-პროცენტამდე მერყეობდა.
ადამიანური სტანდარტებით ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მაგალითად, ლუდში, როგორც წესი, ალკოჰოლის შემცველობა მინიმუმ 4 პროცენტია, ღვინოში კი ეს მაჩვენებელი 10-დან 15%-მდე მერყეობს. მძიმე ალკოჰოლურ სასმელში ეს მაჩვენებელი შეიძლება 40%-ზე მეტიც იყოს.

ფოტო: University of Exeter
მეორე მხრივ, შიმპანზეების რაციონის დიდ ნაწილს ხილი შეადგენს და ამ გადანაწილებით შეიძლება ალკოჰოლის მნიშვნელოვანი რაოდენობაც მოიხმარონ.
"შიმპანზეები საკვებს იშვიათად იზიარებენ. ამიტომ, ფერმენტირებული ხილის შემთხვევაში მსგავსი ქცევა გამორჩეული შეიძლება იყოს", — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის ბიოლოგი კიმბერლი ჰოკინგი.
სიმთვრალის დროს ადამიანი შედარებით უფრო დაუცველია და იგივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ცხოველზეც. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შიმპანზეები ველურ ბუნებაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხშირად არიან. მკვლევრებისთვის ისიც უცნობია, თუ როგორი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს შიმპანზეების მეტაბოლიზმზე.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, აფრიკული დიდი მაიმუნების საერთო წინაპრის მოლეკულურმა ადაპტაციამ "ჩვენი წინაპრები ეთანოლის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვნად გაძლიერებული უნარით დააჯილდოვა".
ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ჩვენი შორეული წინაპრები ხეებიდან ხმელეთზე ჩამოვიდნენ. შესაბამისად, ეს განსაკუთრებულად ღირებული იქნებოდა ისეთი მწიფე და უფრო ფერმენტირებული ხილის გადასამუშავებლად, როგორიც მიწაზე გვხვდება.
შესაბამისად, ალკოჰოლის მოხმარება, როგორც ჩანს, კაცობრიობაზე უფრო ძველია. ალკოჰოლს, შესაძლოა, უძველესი ფესვები ჰქონდეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მაიმუნებისთვისაც.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ. კვლევა ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები