საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ზაზა შათირიშვილის წევრობას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მხარს აუცილებლად დაუჭერდა. ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა იმედის კვირის ეთერში განაცხადა.

კახა ბექაურის თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრების გასაუბრებაზე "ამოყირავებული ვითარებაა" და კომისიის წევრებმა ვერ გაიგეს, რომ გასაუბრება არც დაკითხვაა და არც გამოცდა.

ბექაურის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატები ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. პირველი მაუწყებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა, მეორე კი პროგრამული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

"ზაზა შათირიშვილს აქვს თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ზაზა ამ მიმართულებით ყველაზე ძლიერია", - განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლისთვის, რადგან ამ ტიპის და ამ შინაარსის გადაცემებს კერძო მაუწყებლები არ აკეთებენ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულება და ამ მიმართულებითაც ზაზა შათირიშვილს რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მაუწყებლისთვის, ეს საკამათო არ არის", - განაცხადა იმედის კვირის ეთერში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.