როგორ გადმოდის მაღალი მოდა პოდიუმიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში
თუ საკულტო ფილმი Devil Wears Prada გინახავთ, აუცილებლად გემახსოვრებათ სცენა, რომელშიც მერილ სტრიპის გმირი ახალბედა ასისტენტს, ენ ჰეთევეის მოდური ტრენდის სასიცოცხლო ციკლს უხსნის.
ასისტენტ ენდის არ სჯერა, რომ ორ ლურჯ ქამარს შორის რაიმე განსხვავება არსებობს და თუ არსებობს, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია.
მირანდა მის ირონიულ დამოკიდებულებას გრძნობს და წყნარად, მაგრამ ძალიან მკაცრად უხსნის, როგორ მუშაობს მოდა.
"აჰ, გასაგებია. შენ ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს [მოდას] შენთან არანაირი კავშირი არ აქვს. შენ უბრალოდ აღებ კარადას და არჩევ.. როგორ ვთქვა... ამ საშინელ კვანძებიან ლურჯ სვიტერს, რადგან გინდა, მსოფლიოს აგრძნობინო, როგორი უმნიშვნელოა შენთვის მოდის სამყარო. თუმცა, შენ არ იცი, რომ ეს სვიტერი ლურჯი არაა, არც ფირუზისფერია და არც -ლილისფერი. ეს სვიტერი ლაჟვარდისფერია. სამწუხაროდ, შენ არც კი გაგიგია, რომ 2002 წელს ოსკარ დე ლა რენტამ ლაჟვარდისფერი კაბების მთელი კოლექცია წარადგინა. ამის შემდეგ ლაჟვარდისფერი რვა სხვადასხვა დიზაინერმა აიტაცა და ამ ფერის სამოსი მასობრივ მაღაზიებშიც მოხვდა, საბოლოოდ კი შენამდეც მოაღწია რომელიმე ტრაგიკული "კუთხის მაღაზიის" ფასდაკლების სექციიდან.
ასე თუ ისე, ეს "ლურჯი" მილიონობით დოლარსა და უთვალავი ადამიანის მიერ გაწეულ შრომას განასახიერებს და ძალიან სასაცილოა შენი ბრმა თავდაჯერებულობა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოდისგან დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთე, მაშინ, როცა ეს სვიტერი სპეციალურად შენთვის სწორედ ჩვენნაირმა ადამიანებმა შეარჩიეს უთვალავი "სისულელიდან".
ეს მონოლოგი შესანიშნავადაა დაწერილი, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. სცენარისტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ჯერ ენ ჰეთევეის სამოსი გადაწყდა კადრის ფერებიდან გამომდინარე, მოგვიანებით კი ოსკარ დე ლა რენტას ლეგენდის მოფიქრება გახდა აუცილებელი.
მაინც, როგორ იბადება მოდური ტრენდი და როგორ მოძრაობს მოდა, მოდური ელიტიდან ქვემოთ თუ ქუჩის ჩაცმულობიდან ზემოთ? პასუხია - ორივე მიმართულებით.
მოდაზე გავლენას სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი ახდენს. ავიღოთ თუნდაც ყვითელი ფერის ისტორია.
მე-18 საუკუნის ევროპაში ყვითელი ფერი სოციალური სტიგმის გამო უგულებელყოფილი იყო. ამ ფერით ეკლესია ერეტიკოსებს ნიშნავდა ხოლმე, თუმცა აღმოსავლეთიდან ტექსტილის ექსპორტმა ყველაფერი შეცვალა. ჩინეთში ყვითელი ფერი საიმპერატორო ფერად ითვლებოდა და ამ ფაქტორმა გადაწონა ყვითელ ფერთან დაკავშირებული ნეგატიური კონტექსტი.
ჰიპების მოძრაობამ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში სამუდამოდ შეცვალა მოდის ინდუსტრია. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიპ-ჰოპის მზარდმა პოპულარობამ კი თანამედროვე სპორტული სტილი შექმნა.
მოდის სამყარო მუდმივად იდეების ძიებაშია და, ალბათ, სწორედ ამან განაპირობა დემნა გვასალიას თავბრუდამხვევი წარმატებაც საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტრენდები: ჩაკეცილი ფეხსაცმელი, ზოლიანი სპორტული შარვალი, პროდუქტების ჩასადები ჩანთები და 90-იანების სხვა კოშმარები თვალის დახამხამებაში გახდა პოპულარული და ამის ახსნა სულაც არაა რთული: დასავლური სამყაროსთვის ყველაფერი, რასაც დემნა გვასალია ქმნის, ეგზოტიკური და უცხოა, თვითონ დიზაინერისთვის კი - ძალიან პირადი. ეს ნივთები ყოველგვარი კონტექსტის გარეშეც კი ყვებიან ისტორიას. სწორედ გულწრფელობისა და სიახლის ნაზავმა შექმნა Vetements-ის თანამედროვე "ლუქი", რომელსაც ოციოდე წლის წინ მთელი პოსტსაბჭოთა სამყარო ატარებდა.
ამ თემას დაეთმო დღევანდელი "სხვა შუადღეც". წამყვანებმა ნინო დარასელთან, სალომე დადუნაშვილთან და თიკო კვინიკაძესთან ერთად იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მაღალი მოდის უხილავი გავლენა ჩვენს გარდერობზე და დემნა გვასალიას ფენომენი.
როგორც აღმოჩნდა, მოდას აქვს ძალა, საძულველი ლეოპარდის პრინტიც კი შეგაყვაროს, თუ საკმარისად ხშირად მოგხვდება თვალში. თუმცა იმის მიუხედავად, რომ მოდის უხილავ გავლენას ყოველი ჩვენგანი გრძნობს, ამ გავლენის ფარგლებში ინდივიდუალური, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება მაინც შესაძლებელია.
დემნა გვასალიას წარმატებიდან კიდევ ერთი ირონიული დასკვნის გამოტანაც შეიძლება: თუ ფიქრობთ, რომ უგემოვნოდ გაცვიათ, სტილის შეცვლა აუცილებელი სულაც არაა. უბრალოდ დაიცადეთ, სანამ თქვენი სტილი პოპულარული არ გახდება.
კომენტარები