თამბაქოს მოხმარება ხშირად ფილტვების კიბოსთან ასოცირდება და ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგია. ამის მიუხედავად, იმ რისკების სია, რომლებიც მოწევას ახლავს, გაცილებით ვრცელია. რეალურად, თამბაქოს მოხმარება თითქმის ყველა ორგანოზე მოქმედებს და მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. ამ სტატიაში სწორედ მათ გაგაცნობთ.

ღრძილების დაავადება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ინფორმაციით, თამბაქოს ნებისმიერი ფორმით მოხმარება ღრძილების დაავადების, პაროდონტიტის, განვითარების რისკს ზრდის.

მიზეზები მრავალგვარია. მაგალითად, მოწევა პირის ღრუში იმ მავნე ბაქტერიების გაჩენას უწყობს ხელს, რომლებიც ღრძილების ანთებას იწვევს. ამასთან, თამბაქო იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც ორგანიზმის მიერ ამ ბაქტერიებთან გამკლავებას ართულებს.

საგულისხმოა, რომ პაროდონტიტი არცთუ უმნიშვნელო პრობლემაა — ის პირში უსიამოვნო სუნს, ღრძილების ანთებასა და რეცესიას განაპირობებს. ასევე, შესაძლებელია, ღრძილებიდან სისხლდენა, ხოლო გართულების შემთხვევაში კბილების დაკარგვა გამოიწვიოს.

ერექციული დისფუნქცია

თამბაქოს მოხმარების ერთ-ერთი ნაკლებად განხილული, თუმცა სერიოზული შედეგი ერექციასთან დაკავშირებული პრობლემებია. ამის მიზეზად ხშირად თამბაქოს გავლენით ორგანიზმში აზოტის ოქსიდის დონის შემცირებას ასახელებენ. ეს მნიშვნელოვანი ნაერთია, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ერექციას უწყობს ხელს.

სქესობრივი აღგზნებისას აზოტის ოქსიდი პენისის მღვიმოვან ქსოვილებში გამოიყოფა და გარშემო არსებულ არტერიულ კუნთებს ადუნებს. ამ დროს სისხლი პენისს თავისუფლად მიეწოდება, რაც ერექციას იწვევს.

თუ თამბაქოს მოხმარების შედეგად აზოტის ოქსიდის რაოდენობა შემცირებულია, ეს პროცესი ირღვევა — კუნთები ვერ დუნდება და, შესაბამისად, ერექციის მიღწევა რთულდება. ამის მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ ზოგ ადამიანში მოწევის შეწყვეტით ერექციული ფუნქციის აღდგენ შესაძლებელია.

სიმსივნეები

მართალია, წლების წინ მხოლოდ ფილტვების კიბოზე კეთდებოდა აქცენტი, თუმცა დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ თამბაქო სხვა სიმსივნეებთანაც ასოცირდება.

ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება აღნიშნავს, რომ აშშ-ში კიბოს შემთხვევების 20% და სიკვდილიანობის 30% სწორედ თამბაქოს უკავშირდება. მისი მოხმარება პირის ღრუს, თირკმელების, ღვიძლის, პანკრეასისა და კუჭის სიმსივნის რისკს ზრდის.

ეს მხოლოდ მოწევას არ ეხება. თამბაქოს სხვა ფორმების მოხმარებისას (მაგალითად, საღეჭი თამბაქო) ენის, ღრძილების, საყლაპავისა და პანკრეასის კიბოს განვითარების ალბათობა იმატებს. ამის მიზეზია კანცეროგენები — ნივთიერებები, რომლებიც დნმ-ს აზიანებს და მის აღდგენას უშლის ხელს. ეს უჯრედების უკონტროლო გამრავლებით სრულდება, ანუ სიმსივნე ყალიბდება.

ინსულტი

თამბაქო გულ-სისხლძარღვთა სისტემას მნიშვნელოვნად აზიანებს. სწორედ ამ დაზიანებების ფონზე იზრდება ინსულტის რისკიც.

ინსულტი მაშინ ვითარდება, როცა ტვინის სისხლმომარაგება ირღვევა — ან ბლოკირებას განიცდის (იშემიური ინსულტი), ან გარღვეული სისხლძარღვიდან ტვინში სისხლჩაქცევა ხდება (ჰემორაგიული ინსულტი).

თამბაქოს კვამლი (პირდაპირი თუ პასიური გზით შესუნთქული) სისხლძარღვების კედლებს აზიანებს, მათი გახეთქვის შანსს ზრდის და თრომბების წარმოქმნის რისკს აორმაგებს.

ინსულტის ასოციაციის ინფორმაციით, მწეველებში ინსულტი დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველებში. ამასთან, რაც უფრო მეტს ეწევიან, მით მეტია რისკი. პასიური მწეველებისთვის კი ინსულტის რისკი 20-30%-ით იმატებს.

რეპროდუქციული პრობლემები

თამბაქოს მოხმარება რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებასაც უკავშირდება როგორც კაცებში, ისე ქალებში.

ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება აღნიშნავს, რომ თამბაქოს მოხმარება, შესაძლოა, ჩასახვის დაყოვნებასა და ნაადრევ მენოპაუზას განაპირობებდეს, ასევე სპერმის კონცენტრაციის, მოძრაობისა და სტრუქტურის/ფორმის ცვლილებას.

დღეში საშუალოდ მხოლოდ 5 ღერი სიგარეტის მოწევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩასახვის უნარზე უარყოფითად იმოქმედოს. თამბაქოს გავლენა ვლინდება არამხოლოდ ჩასახვამდე, არამედ ორსულობის დროსაც. ის საშვილოსნოსგარე ორსულობის, მუცლის მოულოდნელად მოშლისა და ნაყოფის სიკვდილის რისკებს ზრდის.

კვლევების მიხედვით, თამბაქოზე უარის თქმით უარყოფითი შედეგების უკუქცევა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ამიტომ მავნე ჩვევის დავიწყება გვიანი თითქმის არასდროსაა (რეკომენდებულია, რომ ეს დროულად მოხდეს, სანამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები იჩენს თავს).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.