აუდიტორია 115 შრომითი პირობების გასაპროტესტებლად და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოთხოვნით აქციას გამართავს. მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეები სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არ არსებობის გამო იღუპებიან:

"გუშინ, კიდევ ერთი, 26 წლის მუშა დაიღუპა მშენებლობაზე. 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის."

მოძრაობის წევრების განცხადებით, წინააღმდეგობის დროა და სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობას ნიშნავს. მსვლელობა ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისაკენ.