მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი იუსტიციის მინისტრს მიმართავს. თუბა ჩაბუქი აცხადებს, რომ თურქეთში მუსტაფას წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება, ის სთხოვს იუსტიციის მინისტრს სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს:

"ქალბატონო თეა, მოგმართავთ თქვენი ქვეყნისთვის გულანთებული ერთი რიგითი ქალი. ქალი, რომელსაც ეიმედებით და თქვენი გადაწყვეტილების მოლოდინშია - არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება!

მე უკვე სამშობლო წამართვეს. წამართვეს ოჯახის წევრები და მეგობრები, წამართვეს სახლი. გთხოვთ, ნუ წამართმევთ იმედსაც და ერთს გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდებიან აცრემლებული შვილები."

თუბა ჩაბუქის თქმით, მან იცის რამხელა წნეხს განიცდის საქართველო თურქეთისგან, თუმცა იმედი აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს:

"დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა. ჩვენი საბოლოო იმედიც თქვენკენაა მოპყრობილი. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა და ამ იმედით ველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მე კარგად მესმის რა მდგომარებაშია დღეს საქართველო. ვხვდები რამხელა ტვირთადაც შეიძლება იქცა ერთი კეთილი ადამიანი და მისი პატარა ოჯახი ამ ქვეყნისთვის… კარგად ვიცი რამდენად რთულია გაუმკლავდე იმ წნეხს, რასაც თურქეთი ახორციელებს. თუმცა მჯერა და ვლოცულობ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ვერაფერმა ვერ მოახდინოს გავლენა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე."

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ლტოლვილის სტატუსი მიღების შემთხვევაში მისი თურქეთში ექსტრადიცია აღარ მოხდებოდა.

23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.