28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
საპროტესტო აქციაზე ღამის 11 საათისთვის დაახლოებით 100 000 ადამიანი იდგა.
აქციებზე ხალხის დათვლა არაერთი გზითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი მეთოდის გამოყენებით გამოვიანგარიშეთ, რომ 28 აპრილს, ღამის 11 საათისთვის, რუსულ კანონს რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 99 476 ადამიანი აპროტესტებდა.
ამის გასაგებად შესაბამისი ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ იმ რიცხვზე, რამდენი ადამიანიც საშუალოდ თითო კვადრატულ მეტრზე იდგა.
ხალხის სიმჭიდროვისა და განფენილობის შესაფასებლად დრონით ღამის 11 საათზე გამოქვეყნებული კადრები გამოვიყენეთ; ფართობის, შემდეგ კი ხალხის, დასათვლელად ხელსაწყო MapChecking-ს მივმართეთ.
ვიდეოში ჩანს, რომ მონაწილეთა ნაკადი დაახლოებით პარლამენტის ტერიტორიიდან ოპერისა და ბალეტის თეატრამდე გრძელდება. MapChecking-ში შესაბამისი ადგილები მოვნიშნეთ, ტერიტორიის ფართობი კი დაახლოებით 22 877 მ2 გამოვიდა.
სიმჭიდროვის შესაფასებელი ვიზუალების მიხედვით, თითო კვადრატულ მეტრზე 4 ადამიანს უნდა მოეყარა თავი. გამოდის, ამ ტერიტორიაზე ღამის 11 საათისთვის დაახლოებით 91 507 ადამიანი იდგებოდა, ანუ 22 877 X 4.
თავისთავად, ეს იმ ხალხის სავარაუდო რაოდენობაა, რომელიც მაუწყებლის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს. მონაწილეები შედარებით ნაკლები სიმჭიდროვით მიმდებარე ტერიტორიაზეც გადაადგილდებიან, ამიტომ სავარაუდოა, რომ რიცხვი კიდევ უფრო დიდი უნდა იყოს.
სხვა სავარაუდო ტერიტორიები შედარებით მეჩხერი ნაკადის (კვადრატულ მეტრზე თითო ადამიანი) შესაბამისადაც დავითვალეთ. პარლამენტიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაახლოებით 5245 ადამიანი უნდა მდგარიყო.
იგივე ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზეც გავაკეთეთ, რაოდენობა კი ამ ადგილას დაახლოებით 2724 ადამიანი გამოვიდა.
თუ ამ სამ რიცხვს — 91 507 + 5245 + 2724 — შევკრებთ, გამოვა, რომ აქციაზე ჯამში 99 476 ადამიანი იდგებოდა.
საგულისხმოა, რომ რუკაზე ტერიტორიის ზუსტად მონიშვნა არც ისე მარტივია. არის ადგილებიც (მათ შორის, ხეებით დაფარული ადგილები), სადაც ხალხის ნაკადი არც ისე კარგად ჩანს, რომ სიმჭიდროვე მაქსიმალურად ზუსტად შევაფასოთ. რთულია შენობებისა და ქუჩის საზღვრების გამოყოფაც.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეჩხერი ნაკადი მხოლოდ ყველაზე სავარაუდო ადგილებში დავთვალეთ — იქ, სადაც ამ კონკრეტული კუთხით არ ჩანდა, თუმცა აქციებზე ხალხი ყოველთვის გვხვდება ხოლმე. სავარაუდოა, რომ გარკვეული რაოდენობის ხალხი სხვა ტერიტორიებზეც მოიყრიდა თავს.
ამას გარდა, დროის ცდომილების თავიდან ასარიდებლად ხალხის ნაკადი მხოლოდ მაუწყებლის ვიდეოს მიხედვით დავთვალეთ, რომელიც 22:56-ზე გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, ვიდეო ოდნავ ადრე იქნებოდა გადაღებული. ამასთანავე, შესაძლოა, კადრების დაფიქსირებამდე ან ამის შემდეგ უფრო მეტი ან ნაკლები ადამიანი ყოფილიყო. ეს რადიკალურ სხვაობას ნაკლებად მოგვცემდა.
ვიზუალებს, რომლებიც ხალხის სიმჭიდროვის შესაფასებლად გამოვიყენეთ, ამ ბმულზე იხილავთ.
განახლება: აქციაზე ხალხის რაოდენობა Visioner-მაც დათვალა და მაჩვენებელი ასევე დაახლოებით 100 ათასს უდრის.