რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
13 მომხრე, 1 წინააღმდეგი.
რუსეთი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
ეს ინიციატივა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას ეკუთვნის. ის ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ანტისატელიტურ ბირთვულ იარაღს ქმნიდეს. რა თქმა უნდა, ამგვარი ტექნოლოგია, გამოყენების შემთხვევაში, სერიოზულ საფრთხეს შექმნის.
საერთო ჯამში, რეზოლუციის მომხრეებს შორის 13 სახელმწიფო იყო, ერთადერთი მოწინააღმდეგე კი — რუსეთი. ჩინეთმა თავი შეიკავა, ანუ რეზოლუციას არც დაეთანხმა და არც უარყო.
გაეროში ოკუპანტი ქვეყნის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ, ამ რეზოლუციას "ბინძური სპექტაკლი" და "ცინიკური გამოხტომა" უწოდა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი წარმომადგენელი რუსეთის ქმედებას ასე გამოეხმაურა:
"დღევანდელი ვეტო კითხვას აჩენს: რატომ? თუ კი წესებს ემორჩილები, რატომ არ უნდა დაუჭირო მხარი რეზოლუციას, რომელიც მათ ხელახლა ამტკიცებს? რას უნდა მალავდე?", — აცხადებს ლინდა ტომას გრინფილდი.
რუსეთმა, ჩინეთთან ერთად, რეზოლუციაში შესწორება შეიტანა, რომელიც კოსმოსში ნებისმიერი სახის იარაღის გატანის პრევენციას ეხება. მას მხარი 7-მა ქვეყანამ დაუჭირა. 7 შეეწინააღმდეგა, მათ შორის აშშ, ხოლო 1-მა თავი შეიკავა.
"გვსურს, კოსმოსში არამხოლოდ მასობრივი განადგურების, არამედ ნებისმიერი ტიპის იარაღის გატანა აიკრძალოს, მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ. ნება მომეცით, იგივე კითხვა დაგისვათ: რატომ", — თქვა რუსეთის ელჩმა.
უნდა აღინიშნოს, რომ არაბირთვულ ანტისატელიტურ სისტემებზე რუსეთიც მუშაობს და აშშ-იც, რაც კოსმოსში უპირატესობის მოპოვებას ემსახურება. ამის მიუხედავად, ბირთვული იარაღი, რა თქმა უნდა, უფრო დიდ რისკთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს როცა ოკუპანტი ქვეყანა დასავლური სახელმწიფოების კომერციულ თანამგზავრებს "ლეგიტიმურ სამიზნეებად" აღიქვამს.
კომენტარები