ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
ჩინეთმა წარადგინა ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისი, რომელიც მაიმუნს ჩაუნერგეს. პეკინში ახლახან გამართულ ტექნოლოგიურ ფორუმზე ნაჩვენებ სადემონსტრაციო ვიდეოში აღბეჭდილი იყო, როგორ აკონტროლებს ეს ცხოველი მექანიკურ ხელს გონების ძალით, "ტელეპათიურად".
ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალებამ Xinhua გაავრცელა. ადგილობრივი ნეიროტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ახალი ჩიპი შექმნა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი Beijing Xinzhida Neurotechnology-ა. მათ ნეიროკომპიუტერულ ინტერფეისს NeuCyber Array BMI ეწოდება.
ღონისძიებაზე ამ კომპანიისთვის მოწყობილ კუთხეში საზოგადოებას ახალი სისტემა წარუდგინეს. ეკრანზე ნაჩვენები იყო მაიმუნი, რომელიც ტვინში ჩანერგილი ელექტროდების დახმარებით ოდნავ მოშორებით დადგმულ მექანიკური ხელს დისტანციურად ამოძრავებს და მარწყვს იღებს.
დამთვალიერებლებს აღნიშნულ სივრცეში სწორედ ამ ექსპერიმენტული მოწყობილობის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ამის მიუხედავად, იქ არა ნამდვილი მაიმუნი, არამედ სათამაშო იყო მოთავსებული.
ჩინეთში არსებულ ტვინის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ახალი ინტერფეისი ნეირონებში წარმოქმნილ ელექტრულ სიგნალებში უმნიშვნელო ცვლილებებს აფიქსირებს. ის შემდეგ ამ იმპულსებს შიფრავს და მათ რეალურ ქმედებად გარდაქმნის.
იმავე პრინციპით მუშაობს ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის ჩიპიც, რომელიც ადამიანს ტვინში უკვე ჩაუნერგეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ეს პაციენტი კომპიუტერში ჭადრაკსა და Mario Kart-ს სწორედ ინტერფეისის მეშვეობით თამაშობს ისე, რომ ამისთვის ხელების გამოყენება არ სჭირდება.
ამგვარი ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს სხვებთან კომუნიკაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ამის მიუხედავად, იმ მაიმუნებისთვის, რომლებზეც Neuralink-მა საკუთარი ტექნოლოგია გამოცადა, ყველაფერი ასე კარგად არ დასრულებულა.
საქმე ისაა, რომ 2022 წლის მონაცემებით, ამ ექსპერიმენტებს 1500-ზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ მაიმუნებიც, რომელთა 21%-იც მოწყობილობასთან შეუგუებლობას შეეწირა.
გაიზიარებს თუ არა მათ ბედს ჩინური კომპანიის ცდისპირი მაიმუნიც, მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარები