როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
მასშტაბური კვლევის თანახმად, მწერების მესამედზე მეტი დაბნელების შემდეგ აქტიურდება.
ახალმა კვლევამ, რომელსაც დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის დოქტორი მარკ ვონგი ხელმძღვანელობდა, მწერების დღე-ღამის ციკლის პირველი გლობალური სურათი წარმოადგინა.
"ჩვენი მასშტაბური კვლევის შედეგად, საბოლოოდ შევძელით გაგვერკვია, როდის უფრო მეტი მწერია, დღისით თუ ღამით. აღმოჩნდა, რომ ღამით მწერების აქტივობა 31.4%-ით იზრდება. რაც საინტერესოა, გამოვავლინეთ ისიც, თუ რა ეკოლოგიური ფაქტორებია ამაზე პასუხისმგებელი", — თქვა ვონგმა.
ერთი პრობლემა რაც მკვლევრებს აქვთ ხოლმე, ისაა, რომ მწერებზე დღისით დაკვირვება რთულია. მიზეზი მწერების დამჭერ ხაფანგებშია, რომლებიც დღისით არ არის ისეთივე ეფექტური, როგორც ღამე. მკვლევრებმა ამ პრობლემის გამოსასწორებლად სპეციალური ხაფანგები შეიმუშავეს, რომლითაც მწერების დაჭერა და მათი შესწავლა დღისითაც შეიძლებოდა.
მკვლევრებმა შედეგების მისაღებად ათასობით კვლევა გააანალიზეს. საბოლოოდ მათგან 99 ყველაზე საინტერესო ნაშრომი აარჩიეს, რომლშიც 3 მილიონი მწერი იყო შესწავლილი.
შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთდღიურები, ბუზები, ჩრჩილები და ტყავფრთიანები ღამის განმავლობაში ძალიან აქტიურობდნენ. პირიქით, დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ისეთი მწერების სიმრავლე, როგორებიცაა ფუტკრები და ჭიანჭველები.
ღამის აქტივობა ასევე უფრო ხშირი იყო მდინარეებისა და ნაკადულების გარშემო. წყლის ჰაბიტატებში ღამის განმავლობაში ორჯერ მეტი მწერი შენიშნეს. მეორე მხრივ, მწერები, რომლებიც ხმელეთზე მოძრაობენ და არ დაფრინავენ, დღისით უფრო აქტიურები იყვნენ.
დოქტორმა ვონგმა თქვა, რომ ეს კონტრასტული ნიმუშები მტაცებლების ფაქტორებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, თევზები მწერებზე დღის განმავლობაში უფრო ნადირობენ, ხოლო რაც შეეხება ღამურას, ის ხმელეთზე მყოფი მწერებისთვის ღამითაა სახიფათო.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ტემპერატურა. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო თბილი იყო ქვეყანა, მწერები მით უფრო ნაკლებად აქტიურები იყვნენ დღისით. შესაბამისად, ისინი ღამით, უფრო გრილ გარემოში გამოდიოდნენ.
"ამ ყველაფრის ფონზე გლობალური დათბობა მწერებსაც საფრთხეს უქმნის. მსოფლიოს ყველაზე ცხელ რეგიონებში, როგორიცაა ტროპიკები, დათბობის ტენდენციამ, შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს მწერების ღამის აქტივობა. ეს ეკოსისტემის ჩამოშლას გამოიწვევს", — აღნიშნა ვონგმა.
მკვლევრების თქმით, მწერები ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ორგანიზმები არიან. შესაბამისად, მათი რთული სისტემების შესწავლა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელია.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები