ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე განცხადებით აუდიტის სამსახურს, წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტის მოკვლევის მოთხოვნით კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს.

ორგანიზაციის თქმით, საქმე ეხება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, რიმა ბერაძის ინიციატივას, რომლის მიხედვით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების 200 პედაგოგს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ორგანიზაცია ქართული ოცნება - ჯანმრთელმა მომავალმა ჩაუტარა.

ISFED-ის თქმით, აღნიშნული შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც აკრძალულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 252, რომლის თანახმადაც პარტიას თავისი კანდიდატის, წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით, ასევე, ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება, ან გავრცელება, ან ასეთის დაპირება:

"საგულისხმოა, რომ ააიპ ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე, ორგანიზაციის ლოგო პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის ლოგოს ანალოგიურია. ამასთან, ორგანიზაციის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოყენებული სახელი - ქართული ოცნება პარტიის სიმბოლიკის აღმნიშვნელია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ საქმიანობას პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ ახორციელებს".

სამართლიანი არჩევნები ამბობს, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაცია არის საქველმოქმედო და ვინაიდან საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, მომხდარი ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს.