საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ციხეში პატიმრის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობისთვის N8 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი ინსპექტორი დააკავეს.

უწყების თქმით, ბრალდებულმა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა პატიმარი დანტე რეხვიაშვილი საპყრობილის აბაზანაში სცემეს და ცხვირი გაუტეხეს იმის გამო, რომ მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდების აღიარება არ სურდა. უწყების განმარტებით, მომხდარი ფაქტიდან ორი თვის შემდეგ რეხვიაშვილს იმავე მიზეზით ფიზიკურად კიდევ ერთხელ გაუსწორდნენ.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ხოლო დაპატიმრებულს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა მისი გარდაცვალების გამო არ დაიწყება.

ასევე, პროკურატურის თქმით, პოლიტპატიმარ ზვიად შინჯიკაშვილის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მისი უფლებების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გადაისინჯოს.

უწყების განმარტებით, შენჯიკაშვილი მონაწილეობას იღებდა 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციაში და მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო რამდენიმე თვეში ყალბი ბრალდების საფუძველზე დააკავეს და გურჯაანის ბაზრის ტერიტორიაზე ხულიგნობაში დასდეს ბრალი:

"ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული ზვიად შინჯიკაშვილი გასამართლებულ იქნა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ და მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა".

შინჯიკაშვილს 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა და მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა. უწყების თქმით, მათ მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ისინი მიმართავენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.