თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის სამ პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდების მტკიცებით, 2016 წლის ნოემბერში, მსჯავრდებულებმა რუსთავში ერთ პირს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 23 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა მსჯავრდებულები 2017 წლის 8 თებერვალს თბილისში დააკავეს.