ბოლივიაში მდებარე იუნგასის ტყეში ველური კატის სრულიად ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც მეცნიერებმა Leopardus tilcayo უწოდეს. ეს ბოლო საუკუნეზე მეტ ხანში კატის ახალი სახეობის იდენტიფიცირებისა და სახელდების პირველი პრეცედენტია.

ის ვეფხვისებრი კატების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული. მისი სხეულის სიგრძე დაახლოებით 46 სანტიმეტრია, მასა კი 1.4 კილოგრამს შეადგენს. შესაბამისად, ის ჩვეულებრივ შინაურ კატაზე პატარაა.

იმის დასადასტურებლად, რომ ეს მართლაც აქამდე უცნობი ველური კატაა, მკვლევრებმა გენეტიკური მონაცემები გამოიყენეს. ასე დაადგინეს, რომ საქმე ნამდვილად ახალ სახეობასთან ჰქონდათ, რომელსაც ადგილობრივები სწორედ Tilcayo-ს უწოდებდნენ — სახელს, რომელიც მას შეუნარჩუნდა.

National Geographic-ის მკვლევარი, პაოლა ნოგალეს ასკარუნსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ახალი სახეობის იდენტიფიცირება მოხერხდა. ფოტო 1-ელ სექტემბერს, ბოლივიაშია გადაღებული.

ფოტო: Fernando Faciole

"მისი ბეწვი ყავისფერია... სხეულზე განსხვავებული ფორმის ლაქები აქვს", — ამბობს პაოლა ნოგალეს ასკარუნსი National Geographic-იდან. მისი თანაავტორობით ახალი აღმოჩენის შესახებ კვლევა გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

Leopardus tilcayo-ს მახასიათებლების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. მისი ფეკალიების ნიმუშებში ნაპოვნი პატარა მღრღნელების ნარჩენები მიუთითებს, რომ ისინი მისი დიეტის ნაწილია. ასევე, ფოტოხაფანგების მონაცემების მიხედვით, ეს ველური კატა შეიძლება ღამით უფრო აქტიური იყოს.

"ამ მომენტში ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მწირია, რადგან შესწავლილი ორი ცოცხალი ინდივიდისა და ფოტოხაფანგების მცირე მონაცემებს ეფუძნება", — ამბობს ნაშრომის თანაავტორი და ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტი, იონას ლესკუარი, Leopardus tilcayo-ზე.

Leopardus tilcayo ახლოდან. ამ სახეობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დაცულ და შემოსაზღვრულ სივრცეში ცხოვრობს.

ფოტო: Fernando Faciole

ერთ-ერთი ასეთი ცოცხალი ველური კატა 10 წლის მამრია. ის ბოლივიაში მდებარე სენდა ვერდეს ველური ბუნების ნაკრძალში ცხოვრობს. ფოტოზე სწორედ ისაა ნაჩვენები.

ზოგადად, ვეფხვისებრი კატების ერთმანეთისგან მარტივად გარჩევა ძნელია. ეს ხნის, რატომ დარჩა ახლად აღმოჩენილი სახეობა აქამდე შეუმჩნეველი. მეცნიერები ამბობენ, რომ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით ამ ჯგუფში შემავალი ცხოველების ცნობა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მიიჩნეოდა ადრე ვეფხვისებრი კატები ცალკეულ სახეობად, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა დეკადების წინ ყველაფერი გამოააშკარავა.

რაც შეეხება Leopardus tilcayo-ს, მან მკვლევრები დააინტერესა, რადგან ზოგიერთი მახასიათებელი ცნობილ აღწერებს არ შეესაბამებოდა. მეტის გასაგებად სამხრეთ ამერიკის მასშტაბით 38 კატის დნმ გააანალიზეს, მათ შორის 8 სამუზეუმო ნიმუშიდან. შედეგად, ვეფხვისებრი კატების 5 გენეტიკურად განსხვავებული სახეობა გამოავლინეს, Leopardus tilcayo კი აქამდე უცნობი იყო.

ვარაუდობენ, რომ ის სხვა ვეფხვისებრ კატებს დაახლოებით 1.4 მილიონი წლის წინ გამოეყო. ამაზე დნმ-ის სხვაობები მიუთითებს — რაც უფრო დიდია განსხვავება, ე.ი. მით უფრო დიდხანს არსებობდა დამოუკიდებლად კონკრეტული გენეტიკური ხაზი.

მეცნიერება პერუში ახალი ქვესახეობაც აღწერეს, რომელსაც Leopardus tigrinus antisuyo ეწოდება (Antisuyu ინკების იმპერიის ძველი რეგიონია, რომელშიც ახლა ცხოველი ბინადრობს). უნდა აღინიშნოს, რომ ვეფხვისებრი კატის 2 სახეობის წითელი წიგნის სტატუსად "მოწყვლადი" განიხილება, რადგან მათი პოპულაციები მცირდება.

5 სახეობის უფრო დეტალური მონაცემები მკვლევრებს რისკების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. შესაძლოა, Leopardus tilcayo გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარ სახეობებს შორის მოხვდეს. ბოლივიის იუნგასის ტყის ეკოსისტემა ისედაც ბევრი პრობლემის წინაშეა, მათ შორისაა გაუტყეურება, ტერიტორიის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება, ხელოვნური ხანძრები და წიაღისეულის მოპოვება.

შესაბამისად, იქაური ბუნების აღდგენა და შენარჩუნება მეცნიერებს პრიორიტეტულად მიაჩნიათ. მათი თქმით, ამ ეკოსისტემაში შეიძლება კიდევ ბევრი უცნობი სახეობა იყოს, რომლებიც იქამდე უნდა აღმოვაჩინოთ, სანამ ასეთი ზემოქმედების გამო გაქრებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.