ჩინეთი რჩება ამერიკის უდიდეს საფრთხედ კოსმოსში და "წარმოუდგენელი სისწრაფით" ეწევა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კოსმოსურ შესაძლებლობებს. ასე მიიჩნევს აშშ-ის კოსმოსური ძალების მაღალჩინოსანი გენერალი.

"ისინი ავითარებენ შესაძლებლობებს, ვერ ვიტყვი რომ ყოველდღე, თუმცა მინიმუმ ყოველთვიურად, რაც ჩვენს სამხედრო აქტივებს რისკის ქვეშ აყენებს", — ჟურნალისტებთან განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა დაგლას შისმა, შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების მეთაურმა, საჰაერო და კოსმოსური ძალების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე მერილენდში.

მას მიაჩნია, რომ ჩინეთი შტატებისთვის რეალური საფრთხეა. შისის განმარტებით, ჩინეთი ქმნის "გამანადგურებელ ჯაჭვს", ანუ შეტევით მექანიზმს, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებისთვის პოტენციური საფრთხეა.

"ისინი კოსმოსს იმისათვის იყენებენ, რომ დარტყმის მასშტაბები კიდევ უფრო გააფართოონ", — განმარტავს შისი. "ამის გარდა, ისინი ავითარებენ კოსმოსური შესაძლებლობების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებს, რაც ჩვენს აქტივებს დამატებით რისკებს უქმნის".

აშშ-ის კოსმოსური ძალების დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ ჩინეთის შეიარაღებული ძალებისთვის ანტიკოსმოსური ოპერაციები გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ჩინეთისთვის ეს არის აშშ-ის სამხედრო ძალების რეგიონალურ კონფლიქტებში ჩართვის შემაკავებელი მექანიზმი.

ბრედლი ბოუმენი, დემოკრატიების დაცვის ფონდის სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრის უფროსი დირექტორი აცხადებს, რომ ჩინეთის ოპერაციები კოსმოსში მისი სამხედრო მოქმედებებს შორის ყველაზე "შემაშფოთებელია".

ჩინეთი "წარმოუდგენელი სისწრაფით" ეწევა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კოსმოსურ შესაძლებლობებს. ვიზიტორი ფოტოს უღებს კოსმოსური ხომალდების ასლებს 2021 წელს ჩინეთში გამართულ ავიაშოუზე.

ფოტო: (Ng Han Guan/AP)

"ეს არის უმაღლესი სტრატეგიული უპირატესობა. კოსმოსის ათვისება აძლიერებს ჩვენი დაზვერვის, მეთვალყურეობისა და სამიზნეების განსაზღვრის (ISR) შესაძლებლობებს. ეს ჩვენთვის ინფორმაციის მიღების საუკეთესო წყაროა. თუ ჩვენს მოწინააღმდეგეებს ექნებათ ჩვენზე უკეთესი ISR, მათ შორის კოსმოსზე დაფუძნებული ISR და სამიზნეების განსაზღვრის შესაძლებლობები და ამ სტრატეგიულ უპირატესობასაც დაგვაკარგვინებენ, ეს სერიოზულ საფრთხეებს გააჩენს", — განუცხადა მან Military Times-ს.

შისმა განაცხადა, რომ საკუთარი ძალების დასაცავად აშშ-ს სამხედრო სფერომ უნდა გააგრძელოს მეტი თანამგზავრის, მათ შორის ISR თანამგზავრების, განთავსება კოსმოსში.

კოსმოსური ძალების დაზვერვის სამსახურის მიერ კოსმოსური საფრთხეების შესახებ გამოქვეყნებული უახლესი საინფორმაციო მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივლისისთვის ჩინეთს ორბიტაზე 1189-ზე მეტი თანამგზავრი ჰქონდა განთავსებული, რაც ორბიტაზე განლაგებულ თანამგზავრთა 927%-იან ზრდაა 2015 წლის ბოლოსთან შედარებით.

ამ თანამგზავრთა შორის 500 ცალი არის ISR შესაძლებლობების მქონე თანამგზავრი, რომლებიც აღჭურვილია ოპტიკური, მულტისპექტრული, რადარული და რადიოსიხშირული სენსორებით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.