მინესოტის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, ისტორიაში პირველად, სრულად სინთეზური უჯრედის შექმნა შეძლეს. მათი თქმით, ის არაცოცხალი ქიმიური კომპონენტებისგანაა აგებული და ბუნებრივი უჯრედივით იკვებება, იზრდება და მრავლდება.

მკვლევრებმა მას SpudCell უწოდეს, რომელიც "პირველი სინთეზური უჯრედია სრული სასიცოცხლო ციკლით". ისინი ამბობენ, რომ SpudCell-ს რამდენიმე თაობის განმავლობაში ბუნებრივი შერჩევის პროცესის გავლა და კონკურენციის გაწევაც შეუძლია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში მსგავსი სინთეზური ორგანიზმების ნულიდან შექმნა და კონკრეტული ამოცანებისთვის დაპროგრამება იქნება შესაძლებელი.

ასეთ ტექნოლოგიას, პოტენციურად, სხვადასხვა სფეროში გამოვიყენებთ: სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებით დაწყებული, ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის განცალკევებით დამთავრებული. ამასთან, ბიოტექნოლოგიის ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა, თავად სიცოცხლის გაგებაც შეცვალოს და გამოავლინოს, რომელი პროცესებია აუცილებელი იმისთვის, რომ უჯრედი ცოცხლად მივიჩნიოთ.

"ქიმიური მეთოდებით მოვახერხეთ ის, რაც აქამდე მხოლოდ ბიოლოგიაში იყო შესაძლებელი — უჯრედისთვის დამახასიათებელი ქცევების რეპლიკაცია. ეს გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის ყველაზე ფუნდამენტურ ფუნქციებს, როგორიც ზრდა და გამრავლებაა, რაიმე იდუმალი ძალა არ სჭირდება", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, კეიტ ადამალამ.

SpudCell-ის დაყოფა.

ფოტო: Kate Adamala, Adamala Lab

მკვლევრები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია. SpudCell ჯერ კიდევ ძალიან მარტივი სისტემაა და ყველაზე მეტად ბაქტერიას ჰგავს. მათი თქმით, სინთეზური უჯრედის მიზანმიმართული მოდიფიცირება შესაძლებელია, რადგან ზუსტად იციან, რისგან შედგება ის. კერძოდ, ესაა 150-200 სხვადასხვა მოლეკულა, როცა ბუნებრივ უჯრედში მილიარდობით მოლეკულა გვხვდება.

ადამალას თქმით, SpudCell უკიდურესად სუსტი "ორგანიზმია", რომელსაც ამჟამად პრაქტიკულად არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, რომ იკვებოს და ზოგჯერ შვილეული უჯრედი წარმოქმნას. გასამრავლებლად მეცნიერებმა იგი უნდა გამოკვებონ და დაახლოებით 30°C ტემპერატურის პირობებში დააყოვნონ. ასეთ გარემოში ის დაახლოებით ყოველ 12 საათში ერთხელ იყოფა. შედარებისთვის, ნაწლავის ჩხირი ხელსაყრელ პირობებში დაახლოებით ყოველ 30 წუთში მრავლდება.

SpudCell საკუთარ ცილებს ვერ წარმოქმნის, ამიტომ მას აუცილებელი ნივთიერებები მუდმივად გარედან უნდა მიეწოდოს. ეს ნიშნავს, რომ იგი სიცოცხლის სრულიად დამოუკიდებელი ფორმა ჯერ კიდევ არაა. ექსპერტების აზრით, რადგან მას დამოუკიდებლად არსებობა და ევოლუცია არ შეუძლია და მუდმივად ადამიანის დახმარება სჭირდება, ცოცხალ ორგანიზმად საერთოდ ვერ მიიჩნევა. ისინი ამბობენ, რომ ადამალამ უჯრედი შექმნა და არა სიცოცხლე.

ნაშრომი პრეპრინტის სახითაა ხელმისაწვდომი და რეცენზირება ჯერ არ გაუვლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.