ინდოეთის მთავრობამ კომპანია Meta-ს Instagram პლატფორმაზე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მასალების შემცველი და ხელშემწყობი რეკლამების დაუყოვნებლივ გამორთვა უბრძანა. ქვეყნის ელექტრონიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ ტექნოლოგიურ გიგანტს დეტალური განმარტების წარსადგენად შვიდდღიანი ვადა მისცა. უწყებამ Meta-ს წარმომადგენლები მას შემდეგ დაიბარა, რაც მედიასაშუალება BBC-იმ საკუთარი გამოძიება გამოაქვეყნა.

"Instagram-ზე რეკლამებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის მასალების გამოჩენის გამო მთავრობამ Meta-ს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა", — განაცხადა სამინისტროს მაღალჩინოსანმა.

BBC Eye-ის გამოძიებამ გამოავლინა, რომ Instagram-ზე განთავსებული რეკლამები მომხმარებლებს Telegram არხებზე ამისამართებდა, სადაც ძალადობის ამსახველი ვიდეოები სულ რაღაც 99 ინდურ რუპიად (2,7 ლარი) იყიდებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში, BBC-ის მიერ ინდოეთში შექმნილმა ყალბმა ანგარიშმა 10 საეჭვო პროფილის გამოწერის შემდეგ დაახლოებით 30 რეკლამა ნახა, რომლებიც ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას უწევდა პოპულარიზაციას. ამას გარდა, კიდევ 20 რეკლამა, რომელიც ზრდასრულთა პორნოგრაფიას შეიცავდა.

Meta-ს განცხადებით პლატფორმაზე განთავსებამდე თითოეულ რეკლამას ავტომატიზებული სისტემები და ხანდახან მოდერატორები ამოწმებენ. მიუხედავად ამისა, სისტემამ არაერთი აშკარად უკანონო რეკლამის დაბლოკვა ვერ შეძლო. მეტიც, როდესაც BBC-მ პლატფორმას რეპორტი (საჩივარი) გაუგზავნა, Instagram-მა თავდაპირველად უპასუხა, რომ აღნიშნული რეკლამა საზოგადოებრივ სტანდარტებს არ არღვევდა.

მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა: "დამრღვევი შინაარსისა და პირების პროაქტიულად გამოსავლენად ჩვენ მოწინავე AI ტექნოლოგიას ვიყენებთ, მაგრამ მუდმივ ბრძოლაში ვართ კრიმინალებთან, რომლებიც ჩვენს 3,5 მილიარდ მომხმარებელს შორის იმალებიან".

კომპანიისთვის შემოსავლის უმთავრესი წყარო რეკლამაა. 2025 ფინანსურ წელს Meta-ს მთლიანმა შემოსავალმა 200 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის 98% სწორედ რეკლამიდან მიიღო. უსაფრთხოების ზომების გასამყარებლად, კომპანიამ 2025 წელს ავტომატურად გააუქმა 4 მლნ საეჭვო ანგარიში. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანია უპირატესობას უსაფრთხოებაზე მეტად ფინანსურ მოგებას ანიჭებს. Meta-ს საპასუხო განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვთა ექსპლუატაცია "საზარელი დანაშაულია" და კომპანია მის წინააღმდეგ საკუთარ აპლიკაციებში აქტიურად იბრძვის. მან "კატეგორიულად მცდარად" შეაფასა ვარაუდი, თითქოს შეგნებულად და მიზანმიმართულად მიმართავდა ბავშვების ამსახველ რეკლამებს ისეთი მომხმარებლებისკენ, რომლებსაც ამგვარი მასალის მიმართ არასათანადო ინტერესი ჰქონდათ, და უარყო მოსაზრება, თითქოს უსაფრთხოებაზე მეტად შემოსავალს ანიჭებდა უპირატესობას.

ბავშვთა უსაფრთხოების საკითხი კომპანიისთვის სერიოზულ სამართლებრივ პრობლემად რჩება. ნიუ-მექსიკოს სასამართლომ Meta-ს 375 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა იმ საქმეზე, რომელიც პლატფორმაზე ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ეხებოდა.

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლე, მადან ლოკური, ყურადღებას პლატფორმის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს. "ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ უნდა აიღოს საკუთარი ინიციატივით საქმის წარმოების უფლებამოსილება და აიძულოს მთავრობა, იმოქმედოს ნებისმიერი სოციალური მედიის წინააღმდეგ", — აღნიშნა მოსამართლემ. მისივე თქმით — "პასუხისმგებლობისგან თავის არიდება პლატფორმას უბრალოდ არ შეუძლია".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.