როგორ უძლებს ეგვიპტის უდიდესი პირამიდა მძლავრ მიწისძვრებს — კვლევა
ცივილიზაციები წარმავალია, თუმცა, გიზის დიდი პირამიდა უკვე თითქმის 5000 წელია ამაყად დგას. მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა საინჟინრო საიდუმლო ინახავს ნაგებობას მიწისძვრების დროს.
ფოტო: pixabay
პირამიდა და მისი ფუძის გარშემო არსებული ნიადაგი მიწისძვრის დროს სხვადასხვა სიხშირის რხევებს ასრულებს, რაც ნაგებობას ძლიერი რხევებისგან იცავს. ამასთან, პირამიდის მყარი კონსტრუქცია და შიდა სივრცეები აძლევს ნაგებობას საშუალებას, რომ მისი უზარმაზარი მასა გადაანაწილოს. სწორედ ამ თვისებების წყალობით დარჩა შენობა დაუზიანებელი და მყარი.
როგორც მიჩიგანის უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერი, შერიფ ელ-ტავილი აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ პირამიდებმა მიწისძვრებს გაუძლო, გასაკვირი სულაც არ არის. მეორე მხრივ, მისივე თქმით, ეს ახალი კვლევა გვთავაზობს უმნიშვნელოვანეს მინიშნებებს იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორ აარიდეს მათ თავი დაზიანებებს. თავად ელ-ტავილს კი ამ სამეცნიერო ნაშრომზე არ უმუშავია.
მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის, გიზის დიდი პირამიდა ერთადერთია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ის ძვ.წ 2600 წელს ფარაონ ხეოფსის აკლდამად ააშენეს. აღსანიშნავია, რომ მის ასაგებად 2 მილიონზე მეტი ქვის ბლოკი გამოიყენეს, ხოლო თავად მშენებლობას 20 წელზე მეტი დასჭირდა.
ეგვიპტის გეოგრაფიული არეალი ძირითადად დაბალი სეისმური აქტივობით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ძლიერი მიწისძვრები აქაც იჩენს თავს. მაგალითად, 1847 წელს ქვეყანაში 6.8 მაგნიტუდის, ხოლო 1992 წელს — 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ასეთ მძლავრ მიწისძვრებს კი შეუძლია ნიადაგის ძლიერი რხევები გამოიწვიოს, თუმცა, ამ გამანადგურებელი ბიძგების მიუხედავად, გიზის დიდ პირამიდას ზიანი თითქმის არასდროს მიუღია.
კაიროში მოქმედი ეგვიპტის ასტრონომიისა და გეოფიზიკის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის გეოფიზიკოსმა, მოჰამედ ელგაბრიმ და მისმა გუნდმა დიდი პირამიდის ამგვარი საოცარი მდგრადობის მიზეზები შეისწავლეს.
მეცნიერები ნაგებობის შიდა და გარე პერიმეტრზე, 37 სხვადასხვა წერტილში უმნიშვნელო რხევებს აკვირდებოდნენ. პირამიდისთვის რხევების განგებ მინიჭება, ცხადია, სახიფათოა, და შესაძლოა გარკვეული დაზიანებებიც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ გუნდმა ყურადღება გაამახვილა იმ მცირე რხევებზე, რომლებსაც ოკეანის შორეული ტალღები, სატრანსპორტო მოძრაობა ან სხვა გარე ფაქტორები იწვევდა.
პირამიდის შიდა წერტილების დაახლოებით სამ მეოთხედში ნაგებობა წამში 2.0-დან 2.6-მდე სიხშირით ირხეოდა, რაც სიხშირეების საკმაოდ ვიწრო დიაპაზონია. აღნიშნული კი იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ძლიერი რხევების დროს წარმოქმნილი წნეხი მთელ პირამიდაზე თანაბრად ნაწილდება.
პარალელურად, გარემომცველი ნიადაგი გაცილებით უფრო ნელა ირხეოდა — მისი ვიბრაციის სიხშირე მცირედით აღემატებოდა ორ წამში ერთ რხევას.
სამშენებლო მასალისა და მიწის რხევის სიხშირეებს შორის ეს სხვაობა ნაგებობას რეზონანსისგან იცავს. რეზონანსის დროს პირამიდა გრუნტის მოძრაობის ენერგიას სრულიად შთანთქავდა, რაც მიწისძვრის რყევებს ბევრად უფრო მძლავრს და სახიფათოს გახდიდა.
მიწისძვრის ძალის დასახშობად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად პირამიდის არქიტექტურაში დატოვებული შიდა სიცარიელეებიც.
მკვლევარი ზომავს ვიბრაციებს გიზის დიდი პირამიდის შიგნით
ფოტო: მ. ელგაბრი და თანაავტორები / Scientific Reports, 2026 წელი.
ძველმა ეგვიპტელმა მშენებლებმა ფარაონის აკლდამის თავზე სპეციალური განმტვირთავი პალატები მოაწყვეს. მსგავსი კონსტრუქცია კი პირამიდის წონას თანაბრად ანაწილებს და შესაძლო ჩამონგრევის შემთხვევაში, სამარხ პალატას ნგრევისგან იცავს. როგორც მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, ამ პალატებმა პირამიდის მწვერვალის მიმდებარედ ასევე საგრძნობლად შეამცირა ვიბრაციის სიძლიერე.
"ნაგებობათა უმეტესობა საძირკვლით ნიადაგზეა მიჯაჭვული, ამიტომ, მწვერვალთან ახლოს ისინი უფრო თავისუფლად ირყევა, აქვს მეტი სივრცე გადახრებისთვის", — აღნიშნავს ელგაბრი — "გიზის დიდი პირამიდის შემთხვევაში კი, ეს ნიშნავს, რომ ვიბრაციები აკლდამაში ძლიერდება. ეს ოთახი კლდოვან საძირკველზე ბევრად მაღლა, პირამიდის ცენტრთან ახლოს მდებარეობს, სადაც რხევები შესაძლოა ოთხჯერ უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მიწის ზედაპირზე."
მიუხედავად ამისა, უშუალოდ აკლდამის თავზე არსებულ განმტვირთავ პალატებში ვიბრაციის სიმძლავრის მაჩვენებელი მხოლოდ სამმაგი აღმოჩნდა. თუ რატომ ხდება ასე, ჯერჯერობით გაურკვეველია.
"თანამედროვე საინჟინრო პერსპექტივიდან ამ ყველაფრის აღქმა მართლაც, საოცარია ", — ამბობს ელგაბრი — "თუმცა ეს კიდევ უფრო განმაცვიფრებელი და შთამბეჭდავი ხდება, როდესაც ვითვალისწინებთ იმ ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რომლებიც 4600 წლის წინ ჰქონდათ ეგვიპტელებს."
მიუხედავად ამისა, ეს მიგნებები მაინც ვერ ადასტურებს, აშენებდნენ თუ არა ძველი ეგვიპტელები პირამიდებს მიზანმიმართულად, მიწისძვრების გათვალისწინებით.
გეოფიზიკოსის აზრით, დღევანდელ არქიტექტორებს შეუძლიათ ეს უნიკალური გამოცდილება საკუთარი პროექტების დაგეგმვისას და სამშენებლო მასალების შერჩევისას გაითვალისწინონ.
“ჩვენი შენობების პროექტირებისას, ჩვენ მათ 100 ან 500 წელზე გათვლით ვაშენებთ. იმის ამოსახსნელად, თუ როგორ მივაღწიოთ კონსტრუქციების კიდევ უფრო ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას, აუცილებელია, გავიგოთ, რა ფაქტორებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი გიზას დიდი პირამიდის მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლის განმაპირობებლად", — აცხადებს ელგაბრი.
კვლევის შედეგები მეცნიერებმა 21 მაისს, სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში გამოაქვეყნეს.
კომენტარები