ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს
ფოტო: CNSA
დედამიწის გარშემო ერთი ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს — მთვარე. ამის მიუხედავად, ჩვენი პლანეტის ორბიტას 7 "კვაზი-თანამგზავრი" იზიარებს, რომლებიც მზეს უვლის გარს. ერთ-ერთი მათგანი ასტეროიდი 2016HO3, იგივე კამოალევაა, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) მისია Tianwen-2-ის ფარგლებში ახლოდან პირველად გადაიღეს.
ასტეროიდიდან ნიმუშების ჩამოსატანად ზონდი 2025 წელს გაუშვეს. მან 13 თვის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი კილომეტრი მანძილი დაფარა და დანიშნულების ადგილამდე მიაღწია. 2 ივლისიდან ის კამოალევადან დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებითაა და ახალი კადრი სწორედ ამ დისტანციიდან აღბეჭდა.
ასევე, იხილეთ: შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კამოალევა Apollo-ს კატეგორიის ასტეროიდთა რიგებშია. ის თავისი ორბიტალური მოძრაობისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედამიწასთან ახლოსაა. მისი დიამეტრი 40-100 მეტრია, ანუ შეიძლება ყველაზე პატარა ასტეროიდი იყოს, რომელსაც კაცობრიობის მიერ გაგზავნილი ზონდი სწვევია.
Tianwen-2-მა "კვაზი-თანამგზავრი" ოპტიკურად პირველად 6 ივნისს დააფიქსირა, 19 ივნისისთვის კი მას 2000 კილომეტრზე მიუახლოვდა. ივლისის დასაწყისში ეს მანძილი უკვე 20 კილომეტრამდე შემცირდა და აპარატს საშუალება მიეცა, რომ ობიექტი გადაეღო.
ის თავისი ამჟამინდელი ორბიტიდან კამოალევას დააკვირდება, ასევე ნიმუშებს მოიპოვებს, რათა ისინი დედამიწაზე ჩამოვიტანოთ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ ასტეროიდის ორბიტალური პერიოდი დედამიწისას ჰგავს, რის გამოც ზონდს ტრაექტორიის შეცვლა ნაკლები საწვავის დანახარჯით შეუძლია. პლანეტასთან ახლო მდებარეობის მეშვეობით კომუნიკაციის პრობლემაც არ იქმნება და აპარატს მარტივად აკონტროლებენ.
ასევე, იხილეთ: აღმოჩენილია დედამიწის ახალი "კვაზი-თანამგზავრი", რომელსაც 60 წელი ვერ ვამჩნევდით
მკვლევრებს იმის დადგენა სურთ, როგორი სტრუქტურისაა კამოალევა: მონოლითური, თუ სუსტად შეკავშირებული ქვების გროვის მსგავსი. ისიც საინტერესოა, რამდენად მიაგნებენ იქ წყლის კვალს, როგორი შედგენილობისაა ეს ობიექტი, როგორ იცვლებოდა მისი ორბიტა და რა გავლენა აქვს ამაზე მზის ქარს.
ნიმუშების შესწავლა იმის გაგებაშიც დაგვეხმარება, არის თუ არა აღნიშნული ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი. 9 თვეში, საკმარისი მონაცემების მოპოვების შემდეგ, ზონდი ტვირთს დედამიწაზე გამოგზავნის, შემდეგ კი კომეტა 311P-ისკენ წავა. მას მტვრის ექსვნაკადიანი კუდი აქვს, რაც უჩვეულოა, ხოლო ობიექტის ფორმის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. იმედოვნებენ, რომ ამ კითხვებს პასუხი Tianwen-2-ის მონაცემების მეშვეობით გაეცემა.

კომენტარები