მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ობობების 258 სხვადასხვა სახეობა შეისწავლეს და გამოავლინეს, რომელია მათში ყველაზე სწრაფი. ის იმდენად ჩქარა გადაადგილდება, რომ მოძუნძულე ადამიანის გასწრებაც კი შეუძლია.

ობობების მოძრაობის სისწრაფის დასადგენად მკვლევრებმა ლაბორატორიაში სპეციალური სივრცე მოაწყვეს და იქ კამერები დააყენეს. ამის მეშვეობით განსაზღვრეს, რომელი სახეობის მწერი მოხვდა ყველაზე მცირე დროში ერთი წერტილიდან მეორეში. პირველობა მონადირე ობობამ მოიპოვა, რომლის სიჩქარეც წამში 3.6 მეტრი იყო (საათში თითქმის 13 კილომეტრამდე). შედარებისთვის, ძუნძულით სირბილისას ადამიანი საათში 6.9 მეტრზე ოდნავ მეტს ფარავს. ეს სახეობა ავსტრალიაში, კვინსლენდშია, გავრცელებული.

ექსპერიმენტის მიზანი იმის გარკვევაც იყო, თუ რამდენად აქვს გადაადგილების სიჩქარეზე გავლენა ევოლუციასა და ანატომიას. განსაკუთრებული სისწრაფე გრძელ ფეხებთან და ეკოლოგიურ მსგავსებასთან დააკავშირეს, თუმცა მეორე შემთხვევაში შედარებით სუსტი ასოციაცია გამოიკვეთა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სისწრაფის ოფიციალური მსოფლიო რეკორდი სულ სხვა სახეობას ეკუთვნის — Cebrennus rechenbergi-ს. მისი მაქსიმალური სიჩქარე წამში საშუალოდ 1.7 მეტრია.

მეცნიერთა მიერ მოწყობილი საექსპერიმენტო სივრცე.

ფოტო: Kuchibhotla et al., bioRxiv, 2026

კვლევის თანახმად, დიდი ზომის ობობები სხვებთან შედარებით სწრაფები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე გამონაკლისიც იყო. ისიც საინტერესოა, რომ Oonops pulcher-ის სახეობის წარმომადგენელთა მასა მონადირე ობობასას 30-ჯერ ჩამოუვარდება, თუმცა მხოლოდ 18-ჯერ უფრო ნელია.

მეცნიერებმა ასევე გააანალიზეს, რამდენადაა სიჩქარე ობობების ევოლუციურ ხესთან დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ზომის გათვალისწინებით ყველაზე სწრაფები ხმელეთზე მონადირე ფეხსახსრიანები არიან, რადგან მსხვერპლის მოსახელთებლად აქტიურად მოძრაობა უწევთ.

ისიც საინტერესოა, რომ სისწრაფის ყველაზე ხშირი ვარიაცია ევოლუციურად ახალგაზრდა სახეობებში დაფიქსირდა. ასევე, ეს ობობების სიჩქარის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მდიდარი კატალოგია.

ავტორების თქმით, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ხელოვნური ინტელექტი სამეცნიერო კვლევებში უკვე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება, რეალური ექსპერიმენტების ჩატარება მნიშვნელოვანია. მათი განცხადებით, სწორედ ასეთი მონაცემებითაა შესაძლებელი ობობებისა და, ზოგადად, ცხოველების მოძრაობის განმსაზღვრელი ფაქტორების შესწავლა.

ახალი ნაშრომი პრეპრინტის სახით bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეცენზირება ჯერ არ გაუვლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.