ადამიანები ევროპის გამოქვაბულების კედლებზე ათასობით წლის განმავლობაში ხატავდნენ. მეცნიერებმა პორტუგალიასა და ესპანეთში მდებარე სწორედ ასეთი ნიმუშების პიგმენტები გააანალიზეს და ჩვენი სახეობის წარმომადგენლის დნმ აღმოაჩინეს. აქამდე მსგავს გენეტიკურ მასალას გამოქვაბულის ზედაპირზე, ხის ფისის საღეჭ მასასა და 20 000 წლის წინანდელ გულსაკიდზე მიაკვლიეს.

სპეციალისტების მიზანი თავდაპირველად ნახატების ასაკისა და გამოყენებული პიგმენტების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა იყო. პარალელურად გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეძლებდნენ თუ არა ადამიანის დნმ-ის აღმოჩენასაც. რამდენიმე მცდელობა უშედეგო იყო, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ პიგმენტში ადამიანის დნმ-ს მართლაც მიაგნეს.

ამის შემდეგ მკვლევრები გამოქვაბულებში დაბრუნდნენ და იქაურობა უფრო დეტალურად შეისწავლეს. კერძოდ, ნიმუშები არა მხოლოდ უშუალოდ ნახატებიდან, არამედ კედლის შეუღებავი ზედაპირიდანაც აიღეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის დნმ სწორედ გამოქვაბულის ცარიელ კედლებზე ჭარბობდა.

ნიმუშების აღებისას მეცნიერები ფრთხილობდნენ, რომ ნახატები არ დაეზიანებინათ.

ფოტო: Alberto Martínez Villa

ადამიანის დნმ სულ ხუთ ნიმუშში გამოვლინდა. მეცნიერების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის იქ წყლის, ნალექის ან სხვა ბუნებრივი პროცესების მეშვეობით მოხვედრილიყო. საქმე ისაა, რომ მხოლოდ ადამიანის დნმ გამოავლინეს, როცა წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველების კვალსაც მიაგნებდნენ.

ეს არ ნიშნავს, რომ დნმ უშუალოდ მხატვრებს ეკუთვნით. ის, შესაძლოა, იმ ადამიანების იყოს, რომლებიც უბრალოდ გამოქვაბულის კედელს ეყრდნობოდნენ. ასევე, გენეტიკური მასალა ზედაპირზე მხოლოდ შეხებით არ გადადის, არამედ შეიძლება ნერწყვის, ცემინების ან სხეულის სხვა სითხეების გამოყოფისასაც "დაილექოს".

ჩვეულებრივ, მეცნიერები ასაკს მიტოქონდრიული დნმ-ის დახმარებით ადგენენ, თუმცა ამ შემთხვევაში ნიმუშებში ის საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მკვლევრებმა სხვა მეთოდებს მიმართეს. მათ გაითვალისწინეს, რომ ზოგიერთი გამოქვაბულის შესასვლელი მინიმუმ 4000 წლის წინ კლდის ჩამოშლის შედეგად დაიხურა. გამოდის, რომ დნმ იქ მანამდე უნდა მოხვედრილიყო.

მეცნიერებმა ნიმუშები ძვლებიდან მიღებულ, უკვე დათარიღებულ დნმ-საც შეადარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები დასავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებელთა იმავე გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულზე დაახლოებით 5000-12 000 წლის წინ ცხოვრობდა.

ზოგიერთი ნიმუშიდან სხვა ინფორმაციის მიღებაც გახდა შესაძლებელი. მაგალითად, პორტუგალიაში მდებარე გამოქვაბულში აღმოჩენილი ორი დნმ-დან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, კაცს ეკუთვნოდა, მეორე კი — ქალს. სხვა გამოქვაბულში მიკვლეული ორი ნიმუში კი ქალების უნდა იყოს.

მეცნიერების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ მეთოდები კიდევ უფრო დაიხვეწება, იმის გარკვევაც გახდება შესაძლებელი, თუ როგორ იყენებდნენ ადამიანები გამოქვაბულებს, რომელ ადგილებს სტუმრობდნენ ყველაზე ხშირად და ვინ ტოვებდა იქ თავის კვალს. ამან კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვასაც შეიძლება გასცეს პასუხი — ქმნიდნენ თუ არა გამოქვაბულის მხატვრობას მხოლოდ თანამედროვე ადამიანები, თუ ამას ნეანდერტალელებიც აკეთებდნენ.

ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.