რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
ფოტო: Getty
დღეს ადამიანები იმაზე მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე წარსულში. მეორე მხრივ, დაბერებას ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემებიც სდევს თან. ჩნდება სხვა შეკითხვებიც: როგორაა ეს ცვლილებები გენეტიკასთან და ევოლუციასთან დაკავშირებული? როგორ ცვლის სიბერე (ჰომო საპიენსის ისტორიაში შედარებით ახალი ცნება) ჩვენს სახეობას? არის თუ არა სიბერესა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის კავშირი გარდაუვალი?
ამ შეკითხვებზე პასუხების საპოვნელად, ევოლუციურმა გენეტიკოსებმა რამდენიმე მონაცემთა კრებული მიმოიხილეს. მიზანი მე-20 საუკუნეში წამოჭრილი იდეის შემოწმება იყო, რომელსაც "გადარჩევის ჩრდილს" უწოდებენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ევოლუციური წნეხით წარმოქმნილ ბუნებრივ გაფილტვრას ("ყველაზე უკეთ შეგუებულთა გადარჩენის" კლასიკური მანტრა) გამრავლების საჭიროება ამოძრავებს. თუ შემდეგი თაობა წარმატებით გაჩნდება, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად ჯანმრთელები ვიქნებით.
ეს სიბერეზე ბევრნაირად აისახება. მაგალითად, ევოლუცია არ აქრობს იმ საზიანო გენეტიკურ მუტაციებს, რომლებიც მოხუცებში ვლინდება, რადგან ამ ეტაპზე ადამიანების უმრავლესობას შვილები უკვე ჰყავს. გარდა ამისა, ის გენები ნარჩუნდება, რომლებიც ახალგაზრდებისთვის სასარგებლო და მოხუცებისთვის საზიანოა, რადგან ევოლუციურად ადრეულ სარგებლიანობას ენიჭება პრიორიტეტი. მაგალითად, თუ კონკრეტული გენი სიბერეში კიბოს რისკს ზრდის, მაგრამ 20-იან და 30-იან წლებში გამრავლებაში გვეხმარება, ევოლუციური გადმოსახედიდან ეს ძალიან საჭირო გენია.
ეს თეორიაა, ახლა კი გაცილებით მეტი გენეტიკური მონაცემი გვაქვს, რომელთა შესწავლაც მეცნიერებს შეუძლიათ. ახალი ნაშრომის ავტორებმა სწორედ ეს სცადეს, რათა აღნიშნული თეორია შეემოწმებინათ. მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ სიბერეში ბუნებრივი გადარჩევა შესუსტებულია, რაც "გადარჩევის ჩრდილის" რეალურობას ადასტურებს.
გარდა ამისა, მეცნიერებმა სიბერის ფენომენი სხვადასხვა სახეობაში გამოიკვლიეს და ერთმანეთს შეადარეს. ზოგ სახეობაში სიბერესთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად ვლინდება. ამის უკეთ შესწავლით შეიძლება ადამიანების უფრო ჯანმრთელად დაბერებასაც შევუწყოთ ხელი. ისიც აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ თავად ადამიანებშიც მნიშვნელოვანი ვარიაცია ვლინდება.
მთავარი ისაა, რომ დაბერებასთან ერთად უჯრედები "ცვდება", რის გამოც ვკვდებით. მეცნიერთა მიზანი ისაა, რომ ორგანიზმის პრიორიტეტები ცოტათი მაინც შევცვალოთ. ამან შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდოს. ახალი მიმოხილვა ამ დიდი მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პატარა ნაბიჯია.
ნაშრომი გამოცემაში Nature Reviews Genetics გამოქვეყნდა.
კომენტარები