კანადაში 11 წლის ბიჭი ცოფიანი ღამურას ნაკბენით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ბიჭს ღამურა ძილის დროს სახეზე დააწვა. ბიჭს შესამჩნევი ნაკბენები ან ნაკაწრები არ ჰქონია. ინციდენტიდან 19 დღის განმავლობაში მას არც სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.

ბიჭი 2024 წელს ონტარიოს ჩრდილოეთ ნაწილში მშობლებთან ერთად კოტეჯში ისვენებდა. ღამით გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ მის ცხვირსა და პირზე ღამურა იჯდა. ფრინველი მამამისმა ქვაბით დაიჭირა და გარეთ გაუშვა. იმის გამო, რომ ბიჭს შესამჩნევი დაზიანებები არ ჰქონდა და ღამურა აგრესიული არ ჩანდა, მშობლებს იგი ექიმთან არ წაუყვანიათ.

რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვს სახის მარჯვენა მხარე დაუბუჟდა და შეუშუპდა. ადგილობრივ საავადმყოფოში კონსულტაციისას ექიმებმა დაასკვნეს, რომ მისი სასიცოცხლო ნიშნები ნორმალური ჩანდა, თუ არ ჩავთვლით აჩქარებულ გულისცემასა და სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას.

მომდევნო დღეს ბიჭის სიმპტომები გაუარესდა: სახის მარჯვენა მხარეს მგრძნობელობა დაკარგა და ბორძიკით საუბარი დაიწყო. საავადმყოფოში ლოდინისას მას სიცხე, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ყლაპვის პრობლემები და ნერწყვდენა გამოუვლინდა.

ამის შემდეგ ბავშვი ონტარიოს ქალაქ ჰამილტონში, მაკმასტერის ბავშვთა საავადმყოფოში იწვა. 4 დღის შემდეგ მას ცოფი დაუდასტურდა, მომდევნო დღეს კი ტვინის ღეროს რეფლექსები დაკარგა. მე-17 დღეს ოჯახსა და ექიმებს შორის კონსულტაციის შემდეგ იგი აპარატიდან გამორთეს.

ცოფი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს. იგი ძირითადად ინფიცირებული ცხოველების ნაკბენითა და ნაკაწრით გადადის. ჩრდილოეთ ამერიკაში ცოფი ძირითადად ღამურებს გადააქვთ. დაავადების მატარებლები ხშირად სკუნსები, მელიები და ენოტებიც არიან.

სიმპტომები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ცოფის ვირუსი ტვინამდე აღწევს. ხოლო თუ პაციენტს სიმპტომები უვლინდება, ინფექცია თითქმის ყოველთვის ფატალურია. სიკვდილი ძირითადად პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 1-2 კვირაში დგება. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულ ცხოველთან შეხების შემდეგ სწრაფი რეაგირების შემთხვევაში დაავადების განვითარების თავიდან აცილება თითქმის ყოველთვის შესაძლებელია. რეაგირება ძირითადად ჭრილობის გაწმენდას, ანტისხეულების შეყვანასა და აცრებს გულისხმობს.

საინტერესოა, რომ კანადაში 1924 წლიდან მოყოლებული ცოფით სულ რაღაც 28 ადამიანი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ცხოველისგან დაკაწვრის ან კბენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება აუცილებელია. ამ მხრივ ღამურასთან შემხებლობა განსაკუთრებით სარისკოა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.