ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს?
ფოტო: ESA
ევროპაში ამ წელს მეორე უპრეცედენტო სიცხის ტალღა ტემპერატურის რეკორდებს ხსნის და ბევრი ადამიანი ერთსა და იმავე კითხვას სვამს: ეს ახალი ნორმაა? ევროპის კლიმატი ფუნდამენტურად შეიცვალა?
სიცხის პირველი ტალღა 24 მაისს დაიწყო, როცა ტემპერატურა ნორმაზე 10-15°C-ით მაღალი იყო და რამდენიმე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ეს იყო მაისისა და გაზაფხულისთვის დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა. Copernicus-ის მონაცემებით, ყველაზე დიდი ტემპერატურული ანომალიები მაშინ დასავლეთ საფრანგეთში, ინგლისსა და უელსში დაფიქსირდა, სადაც დღიური საშუალო ტემპერატურა ნორმას 10°C-ით აჭარბებდა. პორტუგალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ (წინასწარი მონაცემებით) მაისის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს.
მკვლევრები, რომლებსაც Nature ესაუბრა, ამბობენ, რომ ოთხ-ხუთდღიანი სიცხის ტალღა ევროპაში, როცა ლონდონში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს უახლოვდება, ანომალიაა. "ეს არაა ჩვეულებრივი მოვლენა", აღნიშნავს სარა პერკინს-კირკპატრიკი, კლიმატოლოგი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან. მკვლევრები ასევე ამბობენ, რომ ევროპელები მომავალში მსგავსი მოვლენების გახშირებას უნდა ელოდონ, რადგან გლობალური დათბობა გრძელდება.
"სიცხის ტალღები შენარჩუნდება, სანამ გლობალურ ემისიებს არ შევაჩერებთ", — ამბობს სამანთა ბერჯესი, დიდ ბრიტანეთში, რიდინგში მდებარე ევროპის საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზირების ცენტრთან არსებული Copernicus-ის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორის მოადგილე — "ისინი უფრო ინტენსიური, უფრო ხშირი ხდება და უფრო დიდხანს გრძელდება".
რისკები სერიოზულია. საფრანგეთში, სადაც 23 ივნისს ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა (ქალაქ პისოში ტემპერატურამ 44.3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია), სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა. მათი ნაწილი სიცხისგან გარდაიცვალა, ნაწილი კი გასაგრილებლად წყალში შესვლისას დაიხრჩო
WHO-ს მონაცემებით, 21-28 ივნისს ევროპაში სიცხის გამო ჩვეულებრივზე 1300-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სითბურ სტრესს "უხმაურო მკვლელი" უწოდა. ჭარბ სიკვდილთა შორის დაახლოებით 1000 საფრანგეთშია, 327 კი — ესპანეთში.
სიცხის რისკი ქალაქებშია კონცენტრირებული, სადაც ურბანული სითბური კუნძულის ეფექტი, მოძველებული შენობები და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ზემოქმედებას ერთობლივად აძლიერებს. ბევრი საცხოვრებელი სახლი, სკოლა, სატრანსპორტო სისტემა და ენერგოინფრასტრუქტურა ხანგრძლივ ექსტრემალურ სიცხეზე გათვლილი არ ყოფილა.
ახალი რეკორდები
26 ივნისს გამოქვეყნებულმა ანალიზმა ევროპის 854 ქალაქში (სადაც მოსახლეობის 30% ცხოვრობს) ტემპერატურა შეისწავლა და დაადგინა, რომ მათგან თითქმის ნახევარში სითბური სტრესის ისტორიული რეკორდი ამ თვეში უკვე მოიხსნა ან თვის ბოლომდე მოიხსნება. კვლევის თანახმად, ჩეხეთში, ლიტვასა და ლუქსემბურგში შესწავლილ ყველა ქალაქში უპრეცედენტო მაჩვენებლები დაფიქსირდა. კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციამ, World Weather Attribution-მა ჩაატარა, რომელიც ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს იკვლევს.
WWA-ის ანალიზის თანახმად, შესწავლილ რეგიონში ეს ტალღა ისტორიაში ყველაზე მძიმეა. იგი ე.წ. სამხრეთული ნაკადის დროს განვითარდა — ეს ცხელი ჰაერის მოძრაობაა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ცირკულაციის ისეთი წყობა, რომელიც წარსული დიდი სიცხის ტალღების დროსაც იდგა. თუმცა მსგავსი ცირკულაცია ახლა გაცილებით უფრო ცხელ ტემპერატურას იწვევს, ვიდრე მე-20 საუკუნის შუა ხანებში, რადგან კლიმატის საბაზისო დონე გაცხელდა. სწორედ ამიტომ, 50 წლის წინ, 1976 წლის უფრო გრილ კლიმატში, ამ დონის ივნისის სიცხის დადგომის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო, ხოლო მსგავსი ტალღა დღისით დაახლოებით 3.5°C-ით უფრო გრილი იქნებოდა. 2003 წელს, ამ საუკუნის პირველი მსხვილი ტალღის დროს, ასეთი დღის სიცხე უკვე შესაძლებელი იყო, მაგრამ დღევანდელზე დაახლოებით 10-ჯერ იშვიათად მოხდებოდა, ღამის სიცხე კი ასჯერ იშვიათად; მაშინდელი ტალღა დღისით დაახლოებით 2°C-ით უფრო გრილი იქნებოდა.
"ის, რაც იშვიათობა იყო, რეგულარულ მოვლენად იქცა", — ამბობს ერიხ ფიშერი, კლიმატოლოგი შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან (ETH). ტემპერატურული რეკორდები "იხსნება გამუდმებით, ყველგან და თანაც დიდი სხვაობით". ასეთი რეკორდების მსხვრევა სპორტში წარმოუდგენელი იქნებოდა, ამბობს ის. ეს იგივეა, სტეროიდების ქვეშ მყოფმა სიმაღლეზე მხტომელმა რეკორდი ერთი-ორი სანტიმეტრის ნაცვლად ნახევარი მეტრით რომ გააუმჯობესოს.
ევროპაზე გავრცელებული სიცხის ტალღა Sentinel-3-ის სატელიტურ მონაცემებში.
ფოტო შეიცავს Copernicus Sentinel-ის მოდიფიცირებულ მონაცემებს (2026), დამუშავებულია ESA-ს მიერ.
ფოტო: ESA
მაშ, რა იწვევს ამჟამინდელ სიცხის ტალღას? წინანდელების მსგავსად, ის ჰაერის ცირკულაციით აქტიურდება, რომელსაც სითბო ეკვატორიდან ცივ ჩრდილოეთ პოლუსამდე გადააქვს, ამბობს ლარა ვალბერგი, კლიმატის მოდელირების სპეციალისტი ჰამბურგის მაქს პლანკის მეტეოროლოგიის ინსტიტუტიდან. მართალია, ეს ცირკულაცია ბოლომდე შესწავლილი არ არის, ზოგი მეცნიერის აზრით, როცა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ზედაპირული ტემპერატურა ეცემა, როგორც ეს ახლა ხდება, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰარის უდაბნოდან მოსული ცხელი ჰაერი დროებით ევროპის თავზე ჩერდება, ამბობს შტეფან რამშტორფი, კლიმატოლოგი პოტსდამის უნივერსიტეტიდან.
თვალშისაცემი
მკვლევრების თქმით, ამ კონკრეტული სიცხის ტალღის სიმძიმეში კლიმატის ცვლილება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან ერთად, გლობალური დათბობით გამოწვეულმა მაღალმა ტემპერატურამ ევროპაში ნიადაგი გააშრო და აორთქლებითი გაგრილება შეამცირა, ამბობს კლერ ბარნზი, ამინდის ექსტრემალური მოვლენების მკვლევარი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან. ღრუბლიანობაც, რომელიც ჩვეულებრივ მზის სითბოს კოსმოსში აირეკლავდა, ევროპაში შემცირდა. ამის მიზეზი გამშრალი პირობებისა და 1980-იანი წლებიდან მოქმედი ჰაერის ხარისხის მკაცრი კანონების ერთობლიობაა, რომელმაც აეროზოლით დაბინძურება შეამცირა, დასძენს ბარნზი. აეროზოლები ის ნაწილაკებია, რომლებზეც წყლის ორთქლი გროვდება და ღრუბელი წარმოიქმნება.
ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ევროპამ თავისი გამორჩეული კლიმატისკენ სვლა 1980-იან წლებში დაიწყო. "განსაკუთრებით 1980 წლიდან, ევროპაში გლობალურმა ტემპერატურამ უზარმაზარი ნახტომი განიცადა", — ამბობს ზეკ ჰაუსფატერი, კლიმატოლოგი არაკომერციული ორგანიზაცია Berkeley Earth-იდან კალიფორნიაში, რომელიც გლობალურ ტემპერატურებს აკვირდება — "მონაცემებში ეს თვალშისაცემია".
კომენტარები