თახვების კოლონიამ, რომელიც დასავლეთ ლონდონის ერთ-ერთ რაიონში ხელახლა დაასახლეს, რკინიგზის სადგურის დატბორვის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი, — განაცხადეს მათი დაბრუნების ინიციატორი პროექტის წარმომადგენლებმა.

"ილინგის თახვების პროექტის" განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს ძუძუმწოვრები აქ დასახლდნენ, ცხოველების ჭარბტენიანი საბინადროს ქვემოთ მდებარე გრინფორდის სადგური ძლიერი წვიმის შემდეგ აღარ იტბორება.

თახვები Ealing-ის ტერიტორიაზე

ფოტო: Abhilesh Dhawanjewar

კოკისპირული წვიმების დროს თახვები წყლის ნაკადს ანელებენ და ქმნიან ჭარბტენიან ტერიტორიებს, რომლებიც წყალს აკავებენ, რითაც დინების ქვემოთ მდებარე სანიაღვრე სისტემაზე დატვირთვას ამცირებენ.

პროექტის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ წყალსა და ხმელეთზე მობინადრე მღრღნელები თავს შესანიშნავად გრძნობენ და წელს სულ მცირე ორი ნაშიერი შეეძინათ.

პროექტის ვეტერინარმა და კონსერვაციონისტმა, შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ ოდესღაც მდინარის წყალს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებოდა სისტემის გავლით გრინფორდში შესავარდნად, ახლა კი კაშხლებისა და რთული ჭარბტენიანი ტერიტორიების გავლით ნელა ჟონავს.

"ისინი ხელს უწყობენ წყლის ნაკადის მიწაში ჩაჟონვას, რადგან აქ ნიადაგი უფრო ტენიანია, თავად მდინარის გარშემოც კი. ასევე, ისინი ქმნიან რთულ ჭარბტენიან ტერიტორიებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ამ წყალს ისრუტავს და უფრო დიდხანს აკავებს", — თქვა მან — "ახლა თითოეულ კაშხალში წყლის გაჟონვას საათები სჭირდება და ამან გაამართლა. მათი აქ ყოფნის მესამე ზამთარია დინების ქვემოთ ტერიტორია აღარ დატბორილა".

თახვი Paradise Fields-ში წყლის პირას იკვებება

ფოტო: Ant Rubinstein

თახვები, ბუნების ინჟინრები, ბრიტანეთში ნადირობის შედეგად საუკუნეების წინ გადაშენდნენ, რადგან ძვირად ფასობდა მათი ბეწვი, ხორცი და სუნის გამომყოფი ჯირკვლები. ისინი ილინგში 2023 წელს დაბრუნდნენ და მას შემდეგ ლანდშაფტს განუწყვეტლივ ცვლიან.

გასულ კვირას დაბადებული ნაშიერები საღამოობით ჩნდებიან და ადგილობრივი მცხოვრებლები კამერებით იკრიბებიან, რათა შებინდებისას დედა და მისი პატარები გადაიღონ.

პატარა თახვი დედასთან ერთად

ფოტო: Cathy Gilman

"ისინი საოცრად, საოცრად საყვარლები არიან. პირველი მათგანი გასულ კვირას გამოჩნდა; დედამისი მას აგორავებდა და წყალში აყურყუმალავებდა, რომ კარგად გაჟღენთილიყო, რადგან პირველად გამოჩენისას ისინი ძალიან ფუმფულები არიან და წყლის ზედაპირზე ტივტივებენ", — თქვა მაკკორმაკმა.

ნადია მიროჩნიჩენკომ, პროექტის ეკოლოგმა, თქვა, რომ ნაკადულის ირგვლივ ველური ბუნება გარდაიქმნა.

"ჩვენ აქ გავრცელებული უხერხემლოების რაოდენობის მკვეთრი მატება შევნიშნეთ", — თქვა მან — "ადგილს უფრო მეტი ფრინველი სტუმრობს და სულ მცირე ორი ახალი ღამურის სახეობა დავაფიქსირეთ."

"ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ იწყებდა ეს მიტოვებული ადგილი გაცოცხლებას და ბიომრავალფეროვნებით ივსებოდა. ადგილი, რომელიც აქამდე ჩრდილში იყო მოქცეული და იხრჩობოდა".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.